103 წლის ბებო და ომი, - იცოდეთ, დაბრუნდით!

103 წლის ბებო და ომი, - იცოდეთ, დაბრუნდით!

2008 წლის 8 აგვისტოდან ხუთი წელიწადი გავიდა. ძალიან ძნელია დამარცხებულის სინდრომით ცხოვრება. თუმცაღა არსებობს ერთი ძლიერი ძარღვი, რომელიც ყველაფერ ამას გაუძლებს, გადაიტანს და გენეტიკურ ცნობიერებაში ჩატოვებს, რომ ეს მიწა ჩვენია და აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. საზღვრისპირა სოფელ დიცში 103 წლის დარო მძინარაშვილიც ამ ხალხის ნაწილია.

ყოველ დილით, დარო ბებო ჭურვებით დაბზარული სახლიდან გამოდის, ჯოხს დაიბჯენს და დაჟინებით იყურება იქით, სადაც მისი მამაპაპეული სახლი იდგა. მერე პატარა შვილთაშვილებს იმ ადგილებისკენ ახედებს, - მოვა დრო და თქვენ იქ გადახვალთ, მე კი ზეციდან დაგინახავთ და გავიხარებო. ისინიც თავს უქნევენ და ცარიელ წყლის კასრებზე ყირამალა გადადიან - დიცში სარწყავი და სასმელი წყალი ისევ ენატრებათ.

მძინარაშვილებს რომ ვესტუმრე, დარო ბებო საწოლზე იჯდა. შვილიშვილმა - ფილტვების ანთება ახალი გადატანილი აქვს, მაგრამ არ წვება, როცა დაიღლება, მაშინღა ჩამოჯდებაო. დარო ბებომ ჯოხი აიღო და წაქცეულ კასრზე წამოსკუპული გოგოსაკენ გაიშვირა - ხმელა პურს მადიანად რომ ილუკმებოდა - ეგა ანანოა, ჩემი შვილთაშვილი. მაგან და მაგის ძმამ გადამატანინა ყველაფერი. სწორედ ანანო დაიბადა ომის შემდეგა.

- ისე ამბობთ, თითქოს მტრის ჯინაზე დაბადებულიყოს!

- რა ვიცი, როგორა ვთქვი, მაგრამა ვიცი, მე ვერ მოვესწრები ჩემს ნაფუძარზე დაბრუნებას, ეგ კი უეჭველად დაბრუნდება.

- რომელ სოფელში დარჩა თქვენი ნაფუძარი?

- აწრის ხევში. იქ არის ჩემი დედ-მამის საფლავი. მე კი გამოვთხოვდი, მაგრამა თავი კი არ მქონდა იქაურობისთვის დანებებული. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ჩემი ქმარი წავიდა. მარტოკა დავრჩი, გავახვევდი ჩემს ერთადერთ შვილს და წავიდოდი მამასთან. განა იმიტომ, რომ ეპატრონა, უკვე ხნიერი იყო. მამაჩემმა მზითვად მარტო ლიახვის წყალი გამომატანა, მაგრამ შრომა მასწავლა და იმით დავირჩინე თავი-მეთქი. იქიდან რომ წამოვიდოდი, გადავხედავდი ჩემს ნაფუძარს და ძალა მეძლეოდა. ამ ძალით ავაგე სახლი და კარი და შვილიც გამოვზარდე. თანაც რა წვალებით... ომის გადასახადიც გვქონდა - ერთი კვერცხი რომ დამეკლო, ვინ შემარჩენდა. ამას ხო ვიხდიდი, მეც არ ვიყავი მშიერი. ერთმა მოხუცმა დამარიგა, - შვილო, ზაფხულში ძროხა არ გამოილიო, ზამთარში - ღორი, მშიერი არასოდეს დარჩებიო. რძეს და ყველს ცხინვალის ბაზარზე ვყიდდი. იქ ვინ მეტყოდა, აქ რატო მოხვედიო. ახლა რა ჭირი დაგვემართა, რას დავერივნეთ ერთმანეთს ჩვენა და ოსები?! აგვისტოს ომი რომ იყო, ბალახებიდან ვუცქერდი როგორ შემოეხეტნენ ჩემს სახლში და ჩემი შვილიშვილის ტყავის ქურთუკი ჩამომიხსნეს. იღლიაში გამოჩრილი რო გაიტანეს, გული მომექცა, თითქოს შუაზე გაიპოო. მერე შვილიშვილი მეუბნებოდა, - ბებო, მაგის მეტი აღარაფერი დაგვკლებოდეს, კიდევ კარგი, სახლ-კარი არ გადაგვიწვესო!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია