ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეგვიპტეში ტურისტული ექსკურსიები შეჩერდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და "მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში, მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტუროპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ამასთან, შარმ-ელ-შეიხში ტურისტული ექსკურსიები დროებით შეჩერდა, პოლიცია კი ჰურგადაში მყოფ ტურისტებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში არსებული ვითარების გამო. ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Travel Mole იუწყება.

"ბიბისის" ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად, წუხანდელიდან მოყოლებული ამ დროისთვის 421 ადამიანია დაღუპული.

ეგვიპტის დროებითი მთავარობის განცხადებით, დაღუპულთა შორის 43 პოლიციელია, დაშავებული კი 2 926 ადამიანია.

ქაიროში და ეგვიპტის 14 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია