რისი დამადასტურებელი ვიდეომასალა აქვთ "ნაციონალებს" და რატომ იყვნენ ისინი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგი

რისი დამადასტურებელი ვიდეომასალა აქვთ "ნაციონალებს" და რატომ იყვნენ ისინი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგი

რა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების რეალური მიზეზი? - ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია... საზოგადოებაში ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის ზეწოლის გამო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. მეორე ვერსია - ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება... საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

გიორგი ვაშაძე:

- ძნელი სათქმელია. მიჭირს იმის თქმა, თუ რა უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების რეალური მიზეზი. მე ერთი რამ ვიცი, ამ გადაწყვეტილებისთვის ძალიან ცუდი პერიოდია შერჩეული. ეს ფაქტი ნეგატიურად იმოქმედებს საარჩევნო კამპანიაზე.

- ცესკო ხომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აგვარებს?

- მეც სწორედ ის ვიგულისხმე, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების თვალსაზრისით გაჩნდება პრობლემები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა მიმართულებით არ შეიქმნება პრობლემები?

- რას გულისხმობთ?

- იმედი არ მაქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

- რატომ?

- როგორ უნდა მქონდეს ამის იმედი? საარჩევნო კამპანია ჯერ სულ ახლახან დაიწყო და უკვე მთელი რიგი პრობლემებია შექმნილი, ობიექტურობასთან დაკავშირებით. ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში გვიწევს მუშაობა. "ქართული ოცნების" შტაბში ხშირად ხალხს იმისთვის აგროვებენ, რომ მოსახლეობასთან "ნაციონალების" შეხვედრა ჩაშალონ.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი ამ საქმეში არ ერევიან და თუ ჩაერევიან, "ნაციონალებს" გაცილებით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან...

- ეს მუქარანარევი განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს საარჩევნო გარემოს. ისე, მუქარის ავტორების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დამადასტურებელი ვიდეომასალა გვაქვს იმისა, თუ როგორ იგეგმება "ქართული ოცნების" ოფისებში "ნაციონალების" საწინააღმდეგო აქციები.

- თუ ასეთი ვიდეოფირები გაქვთ, სასამართლოს რატომ არ მიმართავთ?

- აუცილებლად მივმართავთ, ჯერ ფაქტების შეგროვებით ვართ დაკავებულნი.

პეტრე მამრაძე:

- ყველამ იცის, რომ ხარატიშვილი წლების განმავლობაში "ნაციონალური" მოძრაობის დავალებებს ასრულებდა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. წესით, ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს. სულაც არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხარატიშვილმა თავად "ნაციონალების" დავალებით დატოვა თანამდებობა.

- თუ ხარატიშვილი "ნაციონალების" მითითებების შემსრულებელი იყო, რატომ უნდა ნდომოდათ მისი თანამდებობიდან გადადგომა?

- ალბათ იმისთვის, რომ მერე ილაპარაკონ, როგორ აშინებს და აშანტაჟებს ხალხს "ქართული ოცნება". ისინი ამბობენ, რომ მათი გენერალური მდივანი, გამოჩენილი რეფორმატორი ციხეშია, ახლა იმასაც იტყვიან, ცესკოს თავმჯდომარე დააშინესო. "ნაცისტური რეჟიმი" ხომ ნებისმიერ პროვოკაციაზეა წამსვლელი...

- თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?

- ამაში დარწმუნებული ვარ. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი და გამჭვირვალე იყოს. სამართლიანი არჩევნების ჩატარება ახლა ყველაზე მეტად, "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის. ამის დასტურად შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებმა" 2003 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებზე კატეგორიული უარი თქვეს ხმების გაყალბებაზე. ეს მოძრაობა მხოლოდ იმ ხმებს ითხოვდა, რაც რეალურად მისი იყო, რადგან იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდათ. დიახ, იყო ასეთი დროც... მერე გაიხრწნენ, გაირყვნენ "ნაციონალები" და ნაცისტურ რეჟიმად გადაგვარდნენ, თორემ თავიდან კეთილსინდისიერად იქცეოდნენ. ერთი სიტყვით, ახლა "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბება უბრალოდ არ სჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა