ბილისელი ალბერტ მანელოვი ფარშავანგებით ვაჭრობს. მას სახლში ვესტუმრეთ იმის გასარკვევად, არის თუ არა მისი ბიზნესი მომგებიანი, ვინ ინტერესდება ფრინველების ყიდვით, ან რაში სჭირდებათ ფარშავანგის ყოლა.
ალბერტ მანელოვი:
- დალაგებულ ქვეყანაში მომგებიანი იქნებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ჩემი ბიზნესი მომგებიანია. ყველაფერი პოლიტიკურ ამინდზეა დამოკიდებული. დღესდღეობით წაგებაში ვარ, მაგრამ თავს მაინც არ ვანებებ, ეს საქმე მიყვარს და, პირველ რიგში, სიყვარულისა და ჰობის გამო ვმუშაობ, ამ დროს კი ბიზნესი უკანა პლანზე იწევს. ძალიან ბევრ ფრინველს ეზოში ვერ გააჩერებ, რადგან პრობლემას ქმნიან, მაგალითად, ფარშავანგები ხმამაღლა კივიან. თავიდან გიხარია, ეგზოტიკაა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გაწუხებს, დისკომფორტს გიქმნის. აქედან გამომდინარე, ბევრს ვერ იყოლიებ... ძირითადი მოთხოვნა ფარშავანგზეა, იქიდან გამომდინარე, რომ, მაგალითად, ხოხობი ლამაზია, მაგრამ აუცილებლად სჭირდება ვოლიერი. ფარშავანგისთვის კი ეს აუცილებელი არაა, შეიძლება ეზოში გაუშვა.
- დღესდღეობით რამდენი და რა ჯიშის ფარშავანგები გყავთ?
- დღეს დაახლოებით, 30 ფრთა ფარშავანგი მყავს. ფრინველის რაოდენობა ასე ითვლება. მათში შედის ინდური, თეთრი (რომელიც ხელოვნურადაა გამოყვანილი), შავზურგა და კობალტის, ეს უკანასკნელი მუტაციაა და ჩვეულებრივი ფარშავანგისგან ფერით განსხვავდება.
- რა კატეგორიის ადამიანები ყიდულობენ ფარშავანგს?
- ფარშავანგი ისეთებსაც უყიდიათ, ვისაც მართლა ძალიან უყვარს ეს ფრინველი და საკუთარი სიამოვნებისთვის იძენს, მის გარეშე არ შეუძლია. ძირითადად, მდიდრებს მიჰყავთ აგარაკებზე ეზოების გასალამაზებლად. ფარშავანგს ტერიტორია, სივრცე სჭირდება და უფრო მეტად წყნეთში, საგურამოში მიჰყავთ. მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილს ეზოში ძალიან ბევრი ფარშავანგი ჰყავდა გაშვებული. შეიძინა ჩვეულებრივიც, თეთრიც. ადრე ჩვეულებრივი ფარშავანგი მყავდა, ოღონდ თეთრთან იყო ნაჯვარი და თეთრი ლაქები ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო. პატარკაციშვილს ისინიც ჰყავდა. მოდიან ისეთი მყიდველებიც, რომლებსაც დიდი ეზო აქვთ, მაგრამ ფარშავანგი არ უყვართ, თუმცა მაინც ყიდულობენ, რადგან ქვეწარმავლების დასაფრთხობად სჭირდებათ. ამბობენ, თითქოს ქვეწარმავლებს ციცარი ერჩის, მაგრამ ეს ტყუილია. ფარშავანგი ქვეწარმავლის წიწილს იჭერს, კვერცხს ანადგურებს. ის იმითაც არის კარგი, რომ საფრთხის დროს გამყინავად კივის, რაც ერთგვარი სიგნალიზაციის როლსაც ასრულებს. ბატებმა ხომ რომი გადაარჩინეს, ფარშავანგსაც შეუძლია ასეთივე როლის შესრულება. ვერ ვიტყვი, რომ დიზაინერები დიდად ინტერესდებიან. რამდენჯერმე მოსულან და მხოლოდ კუდები უყიდიათ. რა თქმა უნდა, ფარშავანგების მყიდველების 90% შეძლებული ადამიანები არიან. ყველა მდიდარი ჭკვიანია - მაშინვე კი არ ყიდულობენ, ჯერ ტერიტორიას მათვალიერებინებენ და ჩემს რჩევას ითვალისწინებენ. უკვე კარგი რეპუტაცია მაქვს, რადგან თუ ეზოს ფარშავანგი არ მოუხდება, ამას პირდაპირ ვამბობ, მხოლოდ გასაღებაზე ორიენტირებული არ ვარ. რაც შეეხება ფასებს - ჩემთან წყვილის ფასი 3 000 დოლარიდან იწყება. ჩვეულებრივი წყვილი ფარშავანგი 3 წლის ასაკში თუ 3 000 $ დოლარი ღირს, ერთი წლის ასაკში 1 000 დოლარი $ ჯდება, რადგან ამხელა მამალს ფერი და კუდი არა აქვს, ხოლო დედალი კვერცხს ვერ დებს".
ეკა აბაშიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)