სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს

სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს

"სააკაშვილის დაპატიჟება მინდოდა იქ, სადაც კაცებს აუპატიურებდნენ, მაგრამ არ მაცალეს, დამაკავეს..." - ამბობს მოძრაობის - "დაიცავი საქართველო" ლიდერი კახა მიქაია. შეგახსენებთ, რომ მიქაია რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ის რეზიდენციაში შესვლას მაშინ შეეცადა, როდესაც შენობაში პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს ხვდებოდა. მიქაიას დაკავების პარალელურად, ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს და მასთან ერთად მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"დაიცავი საქართველოს" ლიდერს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია...

- ბატონო კახა, ირწმუნებით, რომ უდანაშაულო ხართ, თუმცა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას აპირებდით. ამ საქციელს არ აღიქვამთ ხულიგნობად?

- არა, მე არ ვარ ხულიგანი. ხულიგანი და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია და სწორედ მას ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ყველა იმ უბედურებაზე, რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში დაატრიალა. მეგრელები ზუგდიდში სახელმწიფო დამნაშავის პარპაშს ვერ ავიტანთ. ეს კაცი აქ ტობავარჩხილის ტბაზე გასასეირნებლად ჩამოვიდა. სააკაშვილი სალაშქროდ და დროს სატარებლად კი არ უნდა მიდიოდეს, მუხლებზე ფორთხვით ცოდვებს უნდა ინანიებდეს. ის არხეინად დადის იმ ქალაქში, სადაც მისი ბრძანებით კაცებს აუპატიურებდნენ.

- რეზიდენციაში შეღწევის საშუალება რომ მოგცემოდათ, რას გააკეთებდით?

- მინდოდა, რომ სააკაშვილი და გუნავა ადამიანების საწამებელ სამალავში დამეპატიჟებინა. სხვათა შორის, ადგილი, სადაც მეგიზ ქარდავა და კოხტა კოდუა კაცებს აუპატიურებდნენ, სააკაშვილის რეზიდენციიდან ხუთ კილომეტრშია...

- სააკაშვილსა და გუნავას რისთვის ეპატიჟებოდით?

- რისთვის? იმისთვის, რომ მათთვის კითხვები დამესვა...

- პრეზიდენტი ამბობს, რომ სამალავებში ადამიანების წამების შესახებ არაფერი იცოდა...

- პრეზიდენტმა ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. უფრო მეტიც, ადამიანებს სწორედ მისი ბრძანებით აწამებდნენ. კოხტა კოდუას და მეგიზ ქარდავას სააკაშვილის ბრძანებისა და ნებართვის გარეშე საპირფარეშოშიც კი არ უშვებდნენ.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- კარგი, რა, ნუ გადამრევთ ახლა!.. სააკაშვილის გარდა, კაცების გაუპატიურება ვის მოუვიდოდა აზრად?! ვიდრე ეს მანიაკი არ დაისჯება, არ გავჩერდებით, მე და ჩემი თანამოაზრეები საპროტესტო აქციებს ყოველთვის მოვაწყობთ...

- თქვენი პროტესტის ფორმებიც არ მოდის კანონთან შესაბამისობაში...

- აბა, სააკაშვილის ქმედებები მოდის კანონთან შესაბამისობაში?! სააკაშვილი თუ იმდენად "ნაგლია", რომ სამეგრელოში ისევ ჩამოვა, კიდევ გადავიხდი 100-ლარიან ჯარიმას.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ 100-ლარიან ჯარიმას იმსახურებდით?

- არა, არ ვიმსახურებდი, მაგრამ გადამახდევინეს. ვიცი, რომ თუ კიდევ შევუქმნი დისკომფორტს პრეზიდენტს, ისევ დამაჯარიმებენ, მაგრამ მე ჯარიმებით კი არა, სიკვდილითაც ვერ შემაშინებენ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის დაჭერა სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს. ვერ შევურიგდებით იმას, რომ დანაშაულის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი ზუგდიდში ჩამოდიოდეს, დღისით რესტორნებში ილხენდეს, ღამით კი რეზიდენციაში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთობოდეს.

- "ნაციონალები" ამბობენ, რომ თქვენ აქციების მოწყობაში "ქართული ოცნება" გეხმარებათ...

- ვაი, მაგათ პატრონს! მე "ქართული ოცნების" წევრი არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები. "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ვარ და "ქართული ოცნება" არც კი არსებობდა, სააკაშვილს რომ დავდევდი. სხვათა შორის, მე ვარ პირველი ადამიანი, ვინც სააკაშვილი თავის ცოდვებში ამხილა. მომავალშიც ასე გავაგრძელებ, არ მოვისვენებ, ვიდრე სააკაშვილს ციხეში არ ვიხილავ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა