"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

"საზოგადოებრივი მოძრაობა", რომლის აგორებასაც მე და ირაკლი კაკაბაძე ვაპირებთ, სექტემბერში ჩამოყალიბდება. ჩვენი მიზანი ერის გამოღვიძება იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ყველას დავანახვებთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით", - ამბობს რადიოწამყვანი, საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა გია კორკოტაშვილი.

- ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება სახალხო აჯანყება. მე და ირაკლის გვინდა, ერს შევუძახოთ - გამოიღვიძეთ! ცოტა ადრეც უნდა და­გვეწყო... თავდაპირველად გვინდა, ქალაქელების მოძრაობა წამოვიწყოთ, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავიფანტოთ... ბოლო დროს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს მიმდინარე პროცესებს. არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტიცია და მაინც გვტენიან. კოაბიტაცია "ოცნებამ" ხალხთან უნდა გააკეთოს და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან"... იცით, რატომ ვარაუდობენ მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილისა და ნინო ბურჯანაძის დაპირისპირებას? ნინო პირდაპირ ამბობს, რომ "ნაციონალებთან" კოაბიტაციაც არ შეიძლებაო... "ოცნების" წარმომადგენლებს, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ისინი ხალხმა აირჩია. კი გვეუბნებიან, ცოტაც გვაცალეთ, აი, ოქტომბრამდე მოითმინეთ, ახალი პრეზიდენტი მოვა და "ოცნებასაც" ხელ-ფეხი გაეხსნებაო, მაგრამ მაინტერესებს, ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგაც რომ ვერ შეასრულოს "ოცნებამ" დანაპირები, ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა რა ვქნათ?..

- "სახალხო მოძრაობის" წამოწყება ამის პრევენცია იქნება?..

- ჩვენ ერის გამოფხიზლება გვინდა. საკმარისია უკვე. იცით, რატომ მომინდა ამის გაკეთება, ერთხელ გივი ბერიკაშვილმა თქვა, თუ რამე გინდა გაიგო, წყაროსთან უნდა ჩახვიდე, იქ ყველაფერს ამბობენო, მაგრამ "წყაროსთან" არც ერთი ხელისუფალი, არც ბიძინა ჩასულა, რომ გაეგო, რა ხდება. ისევ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. ამ შემთხვევაში "წყარო" ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახია. აუცილებელი არ არის იქ შესვლა და მათთან საუბარი, ვიზუალურადაც ჩანს ყველაფერი. ადამიანებს მაჟორულის ნაცვლად, მინორული ბგერები ამოსდით... ყველაფერი მინორულია ამ ქვეყანაში. არადა, ხალხს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ტირანი მიშა ნახევრად მოგვაშორეს, არაფერი გაკეთებულა. ამასობაში კი "ნაციონალებმა" ისე გაიტლიკეს ენები, რომ უკვე ბედავენ და ჭკუას გვარიგებენ. ისეთი ტონით გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. ბევრი სამსახურშიც კი დატოვეს... არადა, ხალხი გაყვლიფეს. ჩემს უახლოეს მეგობარ ბესო ხარზიანს საკუთრება წაართვეს. კი ბატონო, მესმის, რომ მისი დაბრუნება ადვილი არ არის, ის ქონება სახელმწიფომ უკვე კიდევ ვიღაცაზე გაყიდა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თუ არ შეეძლოთ ამ პრობლემების მოგვარება, რას გვპირდებოდნენ?.. თავად თუ არ იციან, მე ვეტყვი როგორ მოიქცნენ, ის ხალხი დაიჭირონ და ის მილიარდები წაართვან, რომლებიც თავის დროზე მათ სხვას წაართვეს.

- ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლება ერიდება...

- ისინი იქცეოდნენ დემოკრატიულად? ხალხი რომ გამოვიდეს და უთხრას, შენ ძმაო, იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემი ნება უნდა შეასრულოო, მერე რას იზამენ?.. ადამიანებს თავიანთი საკუთრება ციხეებში რომ გადააფორმებინეს, ეს მე ვუთხრა ახლანდელ ხელისუფლებას?.. სად უნდა ეძებოს ჩვეულებრივმა ადამიანმა სიმართლე? კი ბატონო, დასავლეთს პატივი ვცეთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას ვცეთ პატივი. დასავლეთის დაკვეთა იყო ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძე კიდევ ცოტა ხანს ყოფილიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არჩევნების გზით გადამდგარიყო, ამიტომაც აღიარეს მიხეილის "ვარდების რევოლუცია" რამდენიმე დღის შემდეგ... დავიჯერო, არ იციან, რომ ახალაიებს, ადეიშვილს და მათ სულიერ ძმებს უამრავი ფული აქვთ მოხვეჭილი? გაარკვიონ, სად წავიდა ის ფული. მხრებს რომ იჩეჩენ, ეს არ არის პასუხი ხალხის მოთხოვნაზე. თუ არადა, ხალხი თავად იპოვის რაღაც გზას.

- როგორ?

- ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი რაღაც ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ არადა, ხალხი თავად აღადგენს სამართლიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჯოხებითა და ქვებით გამოვლენ. შეიკრიბება საზოგადოება, კონკრეტულად ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ, სრულიად კანონიერი გზით მოიყვანონ სათავეში ხელისუფლება, რომელიც შემდეგ სამართლიანობას აღადგენს... ყველასთან ვიმეგობრებთ და ვითანამშრომლებთ, მაგრამ პოლიტიკურად დახუნძლული ადამიანები არ გვინდა. ეს მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება "ოცნების" წინააღმდეგ მიმართული, ჩვენ ვაპირებთ მართალი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ თუ "ოცნება" წინ დაგვხვდება, მასაც გვერდზე მივაჩოჩებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია