EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა

EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა

"რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული გამოცემა EurActiv ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის სტატიას. როგორც სტატიაში აღნიშნული, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ტანკებმა ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბი საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისკენ გადაკვეთეს. ხუთდღიანი ომის შედეგად, რუსეთმა გაანადგურა საქართველოს სამხედრო ძალები და მწყობრიდან გამოიყვანა მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტრა.

"მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი შეიარაღებული ძალები დააყენა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის არმიამ აღარ გარისკა უფრო ღრმად შეჭრილიყო საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე და თბილისიდან 45 კილომეტრის მოშორებით გაჩერდა", - აღნიშნავს ანალიტიკური კომპანია და დასძენს, რომ რუსი სამხედროები დღემდე რჩებიან სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე პატარა ქვეყანამ აღიარა. თუმცა, მათ აღიარებაზე მოსკოვის უახლოესმა მოკავშირეებმა, საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმაც კი თქვეს უარი.

"გზავნილი, რომლის გაგზავნასაც რუსეთი შეეცადა, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ფუჭი იყო და რომ რუსეთმა დაიბრუნა მხარდაჭერა, როგორც რეგიონულმა ზესახელმწიფომ, მიღებული იქნა და დღემდე მუშაობს.

"ქართული კონფლიქტის ფესვები არა სამხრეთ ოსეთში, არამედ ევროპაში უნდა ვეძებოთ. ევროკავშირისა და ნატო-ს ექსპანსია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 2000 წლამდე წარმატებით გრძელდებოდა, რამაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე დასავლეთის გავლენა მოსკოვზე გავლენის შესუსტებით განამტკიცა. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ 2008 წელს სერბეთისგან, რუსეთის ტრადიციული მოკავშირისგან, ომი გამოიწვია. მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა მაინც დაუჭირეს მხარი კოსოვოს დამოუკიდებლობას. რამდენიმე თვის შემდეგ, ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ", - ნათქვამია შტრატფორ-ის სტატიაში.

ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს იმ დროს ხდებოდა, როცა დასავლეთში ბევრი კვლავაც ფიქრობდა, რომ რუსეთი 90-იანი წლების სუსტი და ქაოტური სახელმწიფოა, რომელსაც ძლივს მართავდა ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი.

"მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ იყო ბორის ელცინი. 2008 წლისთვის პუტინს ბიუროკრატიისა და ოლიგარქების უმრავლესობა საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდა დაქვემდებარებული, რუსეთის ეკონომიკა კი წლების განმავლობაში ენერგეტიკაზე მაღალი ფასებით იზრდებოდა. პუტინის აზრით, დასავლეთმა არაერთხელ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ძირს უთხრიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და ამიტომაც საპასუხო რეაქციის დრო იყო. საქართველო რუსეთის პასუხის იდეალური სამიზნე იყო. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველო დასავლეთისკენ მკვეთრად ორიენტირებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიისწრაფოდა, კვლავაც არ ჰქონდა მოპოვებული ალიანსში წევრობის უფლება და არც ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხობის ხელშეკრულების მე-5 მუხლს ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, მისი ტერიტორიული სიმცირისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის - რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან მოსაზღვრეობისა და ევროპის მთავარი ნაწილიდან მოშორების გამო, საქართველო რუსეთის სამხედრო პროექტის შესანიშნავი პლატფორმა გამოდგა. საქართველოსთან ომი რუსეთს სამი ამოცანის განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა: მოეხდინა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების დეგრადირება, წარმოეჩინა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეჩვენებინა დასავლეთის სისუსტე, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები რუსეთის პერიფერიაზე მისი პარტნიორების მიმართ. 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა სამივე ამოცანა განახორციელა", - ნათქვამია ანალიტიკური კომპანიის სტატიაში.

Stratfor-ის სტატიაშია ასევე აღნიშნულია, რომ ომის შედეგები საქართველოსაც გასცდა და ბევრის თვალში ნატო და არა რუსეთი, იმპოტენტად და მერყევად წარმოაჩინა მაშინ, როცა რუსეთი ძლიერი და ეფექტური სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოდ გამოჩნდა.

"მიუხედავად მათი რეალური შესაძლებლობებისა, ეს იყო პოპულარული აღქმა, განსაკუთარებით საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში. რუსეთ-საქართველოს ომმა შეცვალა მათი მოსაზრებები რუსეთთან ურთიერთობების მიმართ. ომის შემდეგ წლებში სწორედ ეს აღქმა იქცა მთავარ ფაქტორად საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოების ქმედებებში. უკრაინამ ოფიციალური უკუაგდო ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები და ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობა კანონით აკრძალა", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და დასძენენ, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყნებმა კი, როგორებიც ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთია, კიდევ უფრო გაზარდეს რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში დაკავშირებული თანამშრომლობა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ცვლილებები მოხდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სააკაშვილის პარტია დაამარცხა, ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებული პოზიციები შეიცვალა. მათივე განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარებას და მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციისკენ სწრაფვა, საქართველოს ნაციონალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო პრაგმატული გახდა.

"ხუთდღიანი ომის შედეგები ხუთი წლის შემდეგ უფრო თვალსაჩინოა. რუსეთი ვერ დაიბრუნებს აშშ-სთან გატოლებული ზესახელმწიფოს სტატუსს ისეთის, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო. მაგრამ მისი ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ მის როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა შელახული, რეგიონული სახელმწიფოს როლს განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროკავშირი ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და დასავლეთზე სწორება ისეთივე მომხიბვლელი აღარ არის, როგორც 10 წლის წინ იყო. ამ მხრივ, რუსეთ-საქართველოს ომი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მოვლენა, რომელზეც დაფიქრებაა საჭირო; ეს ომი გზამკვლევია რეგიონის ქვეყნებისთვის, რომლებიც მომავალში რუსეთთან ურთიერთობების გზას განიხილავენ", - ნათქვამია Stratfor-ის სტატიაში.

მომზადებულია EurActiv-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა