ქართლოს ღარიბაშვილი - "თუ უფალმა ინება და პრეზიდენტი მე გავხდი, ივანიშვილი კი პრემიერი იქნება, ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს"

ქართლოს ღარიბაშვილი - "თუ უფალმა ინება და პრეზიდენტი მე გავხდი, ივანიშვილი კი პრემიერი იქნება, ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს"

ქართლოს ღარიბაშვილი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ისევ გეგმავს. უკვე ხუთგზის საპრეზიდენტო კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში მაინც გაუმართლებს.

"წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, მონაწილეობას არ მივიღებდი", - აცხადებს ღარიბაშვილი.

ქართლოს ღარიბაშვილი ამომრჩეველს რეალურ საპრეზიდენტო პროგრამას ჰპირდება და აცხადებს, რომ ის კონკურენტების პროგრამებისგან განსხვავებული იქნება.

"ამ ეტაპზე წინა პლანზე არა პარტიული კუთვნილება, არამედ პროგრამული მომენტები წამოიწევს. ვისაც უკეთესი პროგრამა ექნება, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მოსახლეობამ იმიტომ უნდა დამიჭიროს მხარი, რომ იმ კანდიდატებს, ვინც დასახელდნენ, პროგრამა არა აქვთ და ვერც შეადგენენ, ეს პარტიის პროგრამა კი არა პიროვნების პროგრამა უნდა იყოს. აი, მაგალითად, მარგველაშვილს ოცნების პროგრამა არ გამოადგება, რადგან ის არის საპარლამენტო არჩევნების პროგრამა. ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე - ორივე პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ და რაც იცოდნენ ყველაფერი გააკეთეს. თარგამაძე დადის და ჰომოსექსუალისტებს დასდევს - რა შუაშია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა?!", - განმარტავს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, თუ დასახელდა მასზე უკეთესი კანდიდატი, ის მხარს მას დაუჭერს, თუმცა საუკეთესო ვარიანტად ხელისუფლებაში საკუთარი და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტანდემი მიაჩნია.

"ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება ის, რა სპეციალობაც მე მაქვს, ეს არის სასამართლო სისტემისა და სახელისუფლებო სტრუქტურების მოწესრიგება. თუ უფალმა ინება და პრეზიდენტი მე გავხდი, ბიძინა ივანიშვილი კი პრემიერი იქნება, ამაზე უკეთესი ვარიანტი არ იქნება. მე მივხედავ სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიძინა კი მიხედავს ეკონომიკას - ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია", - ამბობს ღარიბაშვილი.

ქართლოს ღარიბაშვილმა პირველად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 1995 წელს მიიღო. მას შემდეგ ყველა საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე იყო, თუმცა ბოლო არჩევნებზე, 2008 წელს ის ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა.

ნათია ლეშკაშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა