გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"

გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"

"ევროპული ყაიდის ლიდერი და არა ზეკაცი და ყველას პატრონი, რომელიც ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტს", - ამ სიტყვებით წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდამ გადამრჩენისა და პატრონის ძებნაში იყო. რა შანსი აქვს საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც პატრონობას კი არა, პარტნიორობას ჰპირდება ქართველ ამომრჩეველს? ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ქართველი საზოგადოება იმდენად ევროპულია, ქართველსა და ევროპელს შორის განსხვავებას ვერც იპოვით, მაგრამ ქართული და ევროპული პოლიტიკა განსხვავდება. ქართველი კაცის ევროპულობა, სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ თავსდებოდა პოლიტიკურ პროცესებში, სადაც დამკვიდრებული იყო პოსტსაბჭოთა ფორმატი: მესიების, პატრონებისა და ხანაც ყოჩების ძებნა. რადგან ინდივიდი და პოლიტიკური პროცესი სრულიად განსხვავებული იყვნენ. დღეს "ქართული ოცნება" ევროპული თამაშის წესებს ამკვიდრებს, რაც მისაღებია მოქალაქეებისთვის და მიუღებელია პოლიტიკური ელიტებისთვის, რომლებიც სხვა თამაშის წესებს შეეჩვივნენ.

- დასრულდა ქარიზმატული ლიდერების დრო, რომელსაც აქამდე ითხოვდა ამომრჩეველი?

- საზოგადოებას რომ ჰქონოდა ქარიზმატული ლიდერების მოთხოვნა, ამდენი პრობლემა არ ექნებოდა ამ ყაიდის ლიდერებთან. "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პრეზიდენტს, რომელიც მისი მსახური იქნება. ვნახოთ, რომელი უფრო საინტერესო იქნება: ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავის განდიდებაზე, თუ პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე. მე ვიქნები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი, რაც გულისხმობს მთავრობის რეფორმებისთვის მხარდაჭერას. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და წელში გამართული ევროპული ტიპის ქვეყანა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ არა ვართ საკმარისად ევროპელები და წარმოვადგენთ გაფუჭებულ პოსტსაბჭოთა პროდუქტს.

ჩვენ ქართველს ვხედავთ როგორც ევროპის უნიკალურ ნაწილს, არა იდენტურობადაკარგულსა და ტრადიციამოშლილს, არამედ მის ინდივიდუალურ ნაწილს.

- ხალხის ოცნება სამართლიანობის დამკვიდრებაა, რაც კოაბიტაციამ მნიშვნელოვნად შეაყოვნა. ამის გამო ზოგს გული აუცრუვდა...

- 9 წლის დანგრეულს 9 თვეში ვერ გაასწორებ. 9 წლის სტრესმიღებულ საზოგადოებას ერთბაშად ვერ აღადგენ. სწორედ იმისთვის გვინდა კოაბიტაციის დასრულება, რომ აღარასოდეს აღდგეს პოლიციური სახელმწიფო და კლანური კონტროლი მედიაზე,27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს კოაბიტაცია.

სწორედ ამის გამო გულგატეხილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი მოტივაცია, მივიდნენ საარჩევნო უბანში, შემოხაზონ 41 და კოაბიტაცია დაასრულონ.

- რა იქნება მერე? დაისჯებიან დამნაშავეები, რომელთაც კოაბიტაციის გამო ინდობდნენ?

- მთავარი ბრალდებულებისა და ეჭვმიტანილების დასჯის პროცესი მიმდინარეობს. 40-მდე მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში. 300-მდე წინა ხელისუფლების მოხელე სამართლებრივი დევნის სუბიექტია. რომ არ წავსულიყავით სამართლიანობის აღდგენის რთული და არაპოპულისტური გზით, მივიღებდით იმას, რაც წლების წინ მიიღო საზოგადოებამ.

გაცილებით იოლია დამნაშავეთა კოცონზე "დაწვა", ამას ბევრი პიარული დივიდენდი მოაქვს, მაგრამ სამართლის გვერდის ავლით დანთებული კოცონი მომავალი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს წვავს.

- კოაბიტაციის დასრულებას რით იგრძნობს მოქალაქე?

- ყველა დაინახავს, რომ აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პიარისთვის ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა. მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ერთობლივად იმოქმედებენ, რომ მოქალაქემ თავი უკეთესად იგრძნოს. ხელისუფლების ყველა შტო ერთი მიზნისკენ - გამარჯვებული საქართველოსკენ იქნება მობილიზებული.

- ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, "ოცნებიდან" ხალხი ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიდისო...

- ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მენტალური იდეალი სააკაშვილია და ცდილობენ მის პიარტრიუკებს მიჰბაძონ: არიქა! "ოცნება" იშლება და იქიდან მასობრივად მიდიან წევრებიო. ასეთ ტრიუკებს სააკაშვილი გაცილებით ნიჭიერად იყენებდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა