ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!

ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!

ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვოს თანამდებობა და თქვას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვქმნიო. ალბათ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი, რომ უცხოური კრეისერის გემბანი ქვეყნის ხელმძღვანელების ვაიკოაბიტაციის არენად იქცეს და დიპლომატიურ უწყებას განმარტების გაკეთებამ მოუწიოს, არც მეტი, არც ნაკლები, ელჩის სახის გამომეტყველებაზე. სავარაუდოდ,მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის ხელში შეწყალების უფლება პოლიტიკურ იარაღად იქცეს და მსჯავრდადებული სამ დღეში ისევ გუბერნატორად მოგვევლინოს.

სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. როგორც იურისტები ვარაუდობენ, გუნავას შემდეგ შესაწყალებელთა რიგში ბაჩო ახალაია დგას, შემდეგ კი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ნოემბრის ბოლომდე მოასწრებს (მაშინ ეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილება), იმათაც გაათავისუფლებს. მერე კი, ალბათ, ცოტას კუბლაშვილის სასამართლოც "წაეხმარება". მოვლენების ასე განვითარებას არ გამორიცხავს ექსპერტი გოგი ხუციშვილი, თუმცა როგორც ამბობს, სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ თითოეული შეწყალება მისი პოლიტიკური მარცხია.

- სხვათა შორის, 2006 წლამდე შეწყალების პროცედურის მიხედვით, მსჯავრდადებულს უნდა დაეწერა თხოვნა და ამით, ფაქტობრივად, ეღიარებინა დანაშაული. 2006 წლის შემდეგ ეს წესი შეიცვალა და პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი პირი შეიწყალოს, მიუხედავად იმისა, ის აღიარებს თუ არა დანაშაულს. მოკლედ, სააკაშვილს შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს ახალაია.

- მანამდე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ გამტყუნებული თენგიზ გუნავა შეიწყალა და ციხიდან სამი დღის გამოსული კაცი გუბერნატორის პოსტზე აღადგინა.

- დიახ, მაგრამ ახალაიების საკითხი სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" მეტად პრინციპულია. კერძოდ, ახალმა მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად სწორედ ბაჩო ახალაია დააკავა, რადგან საზოგადოება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან სწორედ მას აღიქვამდა ყველაზე უარყოფითად. სამართლიანობის აღდგენა ახალაიათი უნდა დაწყებულიყო, რადგან მას ყველაზე უარყოფითი იმიჯი ჰქონდა. ამიტომაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ძალისხმევა მიმართა იქით, რომ ახალაია გამართლდეს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მგონია, რომ ახალაიას ყველა ეპიზოდში ვერ გაამართლებენ და შესაძლოა, სააკაშვილს მაინც მოუწიოს მისმა შეწყალებამ. ეს კი პრეზიდენტის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება, რადგან შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდადებული გამართლდა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა ახალაია ციხიდან გამოიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას თენგიზ გუნავაზე - რაკი პრეზიდენტმა ის შეიწყალა და გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, რა, უდანაშაულოა?

- საინტერესოა, რატომ არის სააკაშვილისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად, გუნავას ან ახალაიას გათავისუფლება?

- ალბათ, იმიტომ, რომ მომავალში პოლიტიკური აქტიურობისთვის რეზერვში ჰყავდეს.

- ვთქვათ, შეიწყალა სააკაშვილმა ახალაია და ის დარჩა პოლიტიკაში. ნუთუ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ქულებს შემატებს ან ხალხს უცბად გადაავიწყდება, რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში?

- გაგიკვირდებათ და "ნაციონალების" ზოგიერთი ლიდერი, ალბათ, მართლაც მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა რაიმეს შემატებს. თუმცა მე მათ ადგილას ამის იმედი არ მექნებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ დაკავშირებული დანაშაულებთან, პოლიტიკურად გადარჩენის ერთადერთი გზა აქვთ - ოფიციალურად გაემიჯნონ თავიანთ ლიდერებს, დანაშაულებთან ასოცირებულ პირებს და შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა. აქამდე ამას არ აკეთებდნენ, რადგან მათთვის წითელი ხაზი იყო პარტიული დისციპლინა და ხელმძღვანელობდნენ პრინციპით - არაფერი ვაღიაროთ, დაველოდოთ ახალი ხელისუფლების ჩამოშლას, მერე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით ხელისუფლებაში და იმ წერტილიდან დავიწყებთ ყველაფერს, სადაც უფლებამოსილება შეგვიწყდაო. უკვე ცხადია, რომ არც ახალი ხელისუფლება ჩამოიშალა და ვერც ისინი იქცევიან ისევ მმართველ ძალად. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება და ურთიერთგამიჯვნა მხოლოდ დროის ამბავია. მეტიც, "ნაციონალების" დაშლა უკვე დაწყებულია.

- ვთქვათ, დავით ბაქრაძის გუნდი გაემიჯნა სააკაშვილს და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. პოლიტიკურად გადარჩენა ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტსაც სურს და საინტერესოა, სააკაშვილი ვისღა უნდა გაემიჯნოს?

- მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად გადარჩენის შანსი არა აქვს, მისთვის ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლაა, სადაც შეუძლია სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მაგალითად, შეუძლია გახდეს სენატორ ჯონ მაკკეინის მრჩეველი, რა თქმა უნდა, თუ თავად მაკკეინმა მოინდომა. ვიმეორებ, როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილი გაკოტრებულია.

- ჟურნალისტებს გვაქვს საშუალება, საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან დაიჩაგრა. გუნავასა და ახალაიას საქმეები მათში ძალიან ცუდ იმპულსებს იწვევს. შესაბამისად, თქვენი მონა-მორჩილი შიშობს, რომ ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ თვითნებურად არ დაიწყოს სამართლიანობის აღსრულება.

- სამართლის თვითნებურად აღდგენის საფრთხე მართლაც რეალურია. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ახალი ხელისუფლების ეფექტურობაზე. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად დრო მცირე იყო. სამაგიეროდ, საკმარისი იყო დრო, რათა მართვის ეფექტური მექანიზმები ჩამოყალიბებულიყო. მაგალითად,სამართლიანობის აღსადგენად თითქოს ცალ-ცალკე კარგად მუშაობენ იუსტიციისა და შს სამინისტროები, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მუშაობა კოორდინირებული ვერ არის და გამართული მექანიზმის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს.

სამაგიეროდ, ვხედავ კონკურენციასა და დაპირისპირებას სხვადასხვა უწყებას შორის. არ მინდა ამ უწყებების დასახელება, მაგრამ კონკურენციასა და დაპირისპირებასთან ნამდვილად გვაქვს საქმე და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს მთლად ნორმალურად არ მიმაჩნია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს

"მოგიხერხებ რომ იშოვო" - რას დაპირდა პრეზიდენტი პრემიერს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა