"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"

"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"

ჰესების მშენებლობის გამო ატეხილი ხმაური მხოლოდ დროებით მიწყნარდა, - მოსახლეობის ზრდა საქართველოსაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოს, ალბათ მაინც აიძულებს, ენერგეტიკული შესაძლებლობების გაზრდას. თუმცა, სპეციალისტების თქმით, თუკი მშენებლობის ყველა პარამეტრი ზუსტად გათვლილი არ იქნა, ჰესების ნაჩქარევი აგება დაუშვებელია, რადგან სიცოცხლისთვის უდიდეს რისკს შეიცავს.

- წყლის სტიქია უეჭველი სიკვდილია მაშინ, როცა მას არაპროფესიონალის ხელი ეხება! თითქოსდა "უწყინარ" ზაჰესსაც რამდენჯერმე ჰქონია "შანსი", ირგვლივ ყველაფერი გაენადგურებინა! ამ ამბების შემსწრე ყოფილმა ენერგეტიკოსმა ვლადიმერ ნაირაშვილმა ზაჰესის არხისაკენ წაგვიყვანა (მტკვარ-არაგვის შეერთებული წყალი სწორედ ამ არხით მიეწოდება ჰიდროელექტროსადგურს).

ვლადიმერ ნაირაშვილი: - ზაჰესზე მუშაობის პერიოდში ხშირად ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი: საშინელი დელგმაა, წვიმას ცა და მიწა მიაქვს, კაშხალთან ვდგავარ და აბობოქრებულ მორევს ჩავყურებ. ჯერჯერობით ჯებირები წყალს აჩერებს, მაგრამ ვხვდები, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. უცებ აქაფებულმა წყალმა აიწია, კაშხალს დაეძგერა და გადაუარა. ტალღები 7 მეტრამდე სიმაღლისაა, წამში 2000 კუბური მეტრი წყალი მიღმუის და პირველად ზაჰესის დასახლებას უნდა გადაუაროს, მერე კი თბილისისკენ წავიდეს. მანქანით მივქრივარ და გამწარებული ვყვირი, - ხალხო, გორაზე გაიქეცით, თავს უშველეთ-მეთქი. ქუჩებში პანიკაა, ზოგს ბავშვები მიჰყავს აღმართებისკენ, ზოგს - მოხუცები. ჩემს მძინარე პატარა დისშვილს ხელში ვიტაცებ, დებს და დედას ვაღვიძებ და მანქანისაკენ მივარბენინებ. უცებ მეზობლის მოხუცი ქალი მორბის, ხელები უკანკალებს და მევედრება, - შვილო, მე სიცოცხლე არ მჭირდება, მაგრამ ჩემი ინვალიდი შვილი ჩასვი მანქანაში და წაიყვანეო. ახლა დებს ვუყვირი, - მანქანიდან გადმოდით, თქვენ სირბილი შეგიძლიათ, ამას კი არა-მეთქი და ინვალიდს მანქანაში ვსვამ. მერე მანქანას ვქოქავ. არ იქოქება... ამ დროს ტალღაც გვეწევა! მეღვიძება... ოფლში ვცურავ. ტანი ისე მაქვს დამძიმებული, თითქოს მთელი დღე ბეტონს ვურევდი...

ეს სიზმარი რამდენჯერმე კინაღამ ამიცხადდა... ახლაც რომ აცხადდეს, არ გამიკვირდება, - მხოლოდ ზაჰესი კი არა, საქართველოს ყველა ჰესი გაუმართავად მუშაობს. ახალი მშენებლობებიც გაუთვლელად დაიწყეს. ვეჭვობ, რომელიმე საიმედო იყოს. ოზურგეთში, ბახვჰესის მშენებლობაზე უკვე მილიონებია დახარჯული და შარშან ერთი სადგური მთლიანად მეწყერმა შთანთქა. მეგონა, ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდებოდა, მაგრამ...

- ბრძანეთ, საშინელი სიზმარი კინაღამ ამიხდაო. როგორ?!

- 1987 წლის ზაფხული იყო. მე და ჩემი მეგობარი შებინდებისას მტკვარზე ჩავედით სათევზაოდ. ბადე ჩავაგდეთ წყა-ლში და დილამდე თევზის მოსვლას დაველოდეთ. ჩემი მეგობარი მანქანაში დარჩა. მე კი ნავში ჩამეძინა. მალევე გამეღვიძა, ნაპირზე გადავედი და მაღლობზე ავედი წამოსაწოლად. ამ დროს წყლის ღმუილი მომესმა. უცებ 3-მეტრიანი ტალღა დავინახე. წინ უზარმაზარ ხეებს მოაქანებდა. მივხვდი, რომ გადავრჩი, - სულ რამდენიმე წამის წინ წყლიდან რომ არ ამოვსულიყავი, ტალღა ხეებით გამჭყლეტდა და მერე დამახრჩობდა. ვიფიქრე, ალბათ სადღაც მთაში წვიმს, ადიდებული წყალი მოგვაწყდა-მეთქი და მანქანისაკენ გიჟივით გავიქეცი, - კაშხლისაკენ გავვარდი, იქ მომუშავეებისთვის ეს ამბავი რომ შემეტყობინებინა და კაშხლის ფარები აგვეწია - ამ დროს წყლის უზარმაზარი მორევი ნელ-ნელა გაიწოვებოდა, ეს რომ არა, წყალი კაშხალს გადაანგრევდა და ჩემი სიზმარიც გაცხადდებოდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია