"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"

"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"

საქართველოში პოლიტიკური მარათონი გახსნილად გამოცხადდა - საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. ჰოდა, მოსკოველმა "გრუზინებმაც" გაიღვიძეს, ზოგმა (პრეზიდენტობის ამბიციით შეპყრობილმა) საარჩევნო "ხვანცალი" დაიწყო, ზოგმაც პოლიტიკური სტარტი არცთუ შორეული საპარლამენტო არჩევნებისთვის აიღო. ამ უკანასკნელთა რიცხვშია ჩვენი დღევანდელი სტუმარი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთთან მეგობრობაში ხედავს...

- განაცხადეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას. ამის ამბიცია რატომ გაგიჩნდათ?

- მე ყველაზე მძიმე, რუსული ვექტორის თემით შემოვედი, ფაქტობრივად, საკუთარი თავი სალანძღავად გავიმეტე. საქართველოში დასავლური ვექტორი ძალიან მოდურია, რამაც ეროვნული ფასეულობები ჩაკლა. რუსული ვექტორი ქვეყანაში პოლიტიკურ კონკურენციას შექმნის. დღეს დასავლეთი საქართველოში აუცილებელ მინიმუმს აკეთებს. მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!

- პატრუშევის გარდა, რომელიც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ვის ესაუბრებით?

- ამაზე მეტს ვიღას უნდა ვესაუბრო? ვხვდები პოლიტოლოგებს, დუმის წევრებს...

- როდისთვის გეგმავთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას?

- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამორიცხულია, ადგილობრივი არჩევნებისთვის ვგეგმავდი, მაგრამ ამ დროში ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას ვერ შევძლებთ, უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენ გვერდით?

- ისინი, ვინც პრორუსულ ძალად მოიაზრებიან. თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკურად პრანჭიაობენ და ვნახოთ..

- თქვენს პარტიაში შეიძლება ოქრუაშვილიც ვიხილოთ?

- არა მგონია. ვფიქრობ, ოქრუაშვილმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა.

- განაცხადეთ, რომ ბურჯანაძესა და კუკავასთან ითანამშრომლებდით. როგორც ვიცი, მათ უარი განაცხადეს.

- კუკავა ჭკვიანი ბიჭია, კარგი ორატორი, და რაც მთავარია, პრორუსია.

- ბურჯანაძე და კუკავა რომ აცხადებენ, პრორუსები არა ვართო?

- დიახ, თუმცა კუკავა დღესაც ფიქრობს... აქაურ ქართველებთანაც მაქვს მოლაპარაკება, რაც ყველაზე რთული პროცესია, რადგან ცნობილი "ფეისების" უმეტესობა სააკაშვილთან თანამშრომლობდა.

- თუ იცნობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?

- ლევან სანიკიძის სიტყვებს მოვიშველიებ, ერთხელ ვკითხე, ამას და ამას თუ იცნობ-მეთქი? მე არ ვიცნობ, მაგრამ ის ხომ მიცნობსო... ასეა ჩემი საქმეც.

- რახან სანიკიძეები ახსენეთ, აქვე გკითხავთ, ვინ იყო ის "კანონიერი ქურდი", ვის დახმარებასაც თავის დროზე გუბაზი გთხოვდათ?

- გუბაზი ჩემი შვილის ნათლიაა, ერთზე მთხოვა დახმარება, თუმცა იმ საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივად ვერ მოხერხდა.

- ვინ იყო ის, "კანონიერი ქურდი"?

- მას გარკვეული სტატუსი აქვს, მოსკოვში სამართლებრივი პრობლემა შეექმნა და მე, როგორც ადვოკატის სტატუსის მქონე, ისევე როგორც სხვა ქართველებს, მასაც მინდოდა, დავხმარებოდი.

- უახლეს ისტორიასაც გადავავლოთ თვალი. რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს, გაუღეთ თუ არა კარი სააკაშვილს?

- ჩემგან მტრის ხატი იმათ შექმნეს, ვინც მიშასა და მის გუნდს გაუღეს კარი.

- ყველა ერთმანეთისკენ როგორ იშვერთ ხელს? ვის გულისხმობთ, დაასახელეთ.

- ხელისუფლების იმ ნაწილს, ვინც იმ დროს ამინდს ქმნიდა. ვგულისხმობ შევარდნაძეს, ჯორბენაძეს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აღმოაჩნდა, და "მოქკავშირს," რომელიც რეალობას იყო მოწყვეტილი.

- თქვენ, ანუ ძალოვან უწყებებს ვგულისხმობ, უდანაშაულონი იყავით?

- ბრალი ძალოვანებსაც მიგვიძღვის. იმ არჩევნებში სააკაშვილმა რეალურად 36 ადგილი აიღო, რაც პროპორციული სისტემით დაახლოებით პირველ-მეორე ადგილს ნიშნავდა. მაშინ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ ზაზა შენგელია აღმოჩნდა, რომელიც ჩემს პოზიციას იზიარებდა. ვამბობდი, მოდი, დავუთმოთ "ნაციონალებს" პროპორციულში პირველი-მეორე ადგილი-მეთქი, ჯამში 36 მანდატზე იყო ლაპარაკი. სამაგიეროდ, მაჟორიტარები ვერ გაჰყავდათ, რადგან უპირატესობა "მოქალაქეთა კავშირმა" (87 მანდატი) აიღო. ამაზე მიშა ერთი პირობით გვთანხმდებოდა, ბურჯანაძე-ჟვანიას პარტია პარლამენტში არ უნდა შესულიყო, როცა თავად რეალურად 7-8%-იანი ბარიერი ძლივს გადალახეს. მაშინ "მემარჯვენეებიც" პარლამენტს გარეთ დარჩნენ. სიტუაცია მოგვარებულივით იყო, მაგრამ აბაშიძე გამოვიდა "დიდ ფოსტას", უფრო მეტი მანდატი მოითხოვა. ამან განაპირობა "ნაციონალების" აყვირება. ნანა დევდარიანმა შედეგები ერთი თვე არ გამოაცხადა და სიტუაციის კონტროლი გვიჭირდა. ვიხვეწებოდით, გამოაცხადეთ შედეგები, პროცესები უმართავი გახდება-მეთქი!

- რა ხდებოდა, ხელოვნურად ჭიანურდებოდა?

- ვაჭრობა მიდიოდა... 6 კაცის მანდატს გადააყოლეს ყველაფერი. "ნაციონალებიდან" დაწყებული, "ლეიბორისტებით" დამთავრებული, ადგილები ყველას გაყიდული ჰქონდა და მანდატები არ ჰყოფნიდათ!

- რა ღირდა ერთი სადეპუტატო მანდატი?

- 250.000 დოლარი.

- მაჟორიტარობაც?

- თანხა საარჩევნო ოლქის მიხედვით განისაზღვრებოდა. 350.000 დოლარიდან იწყებოდა. ჩემი მინისტრობის დროს სამინისტროს მუშაობა მართლაც გამჭვირვალე გავხადე. ამათ შენობები რომ გახადეს გამჭვირვალე, ეგრე კი არ იყო! ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელი მინისტრი არ ვყოფილვარ. დღეს კი იმას მედავებიან, რატომ არ ისროლეთ და კარი რატომ გაუღეთო?

მე კარი არ გამიღია, უკნიდან მაწვებოდნენ...

- ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, რადიკალური ზომებიც უნდა მიგეღოთ.

- სად იყო ქვეყნის ინტერესები, ან ვინ იცოდა, ქვეყნის ინტერესებისთვის დაიღვრებოდა თუ არა ქართველი ბიჭების სისხლი, მაშინ როცა ვაჭრობა მიდიოდა ორ პოლიტიკურ ძალას შორის? სისხლის ღვრის ფასად არც ერთი ხელისუფლების შენარჩუნება არ ღირს, მით უმეტეს, ის ხელისუფლება ამად ნამდვილად არ ღირდა. ყველამ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა!

"'ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად ვალერი ხაბურძანიასი ეშინოდა, რადგან საჯაროდ არასოდეს ვიმუქრებოდი და ტაქტიკურად ვმოქმედებდი. დღეს შევარდნაძე მედავება, კარი შენ გააღეო! ყველაზე კარგად მან იცის, კარი ვინ გააღო! კოლინ პაუელსაც კი დავარეკვინე მასთან, რათა არჩევნების შედეგები გაეუქმებინა, მაგრამ ვერ დავიყოლიე.

- არჩევნების გაუქმებით რას მივიღებდით?

- მე პოლიტიკური საქმიანობისთვის მზად ვიყავი. მზად იყვნენ ე.წ. "საჯაიას ბიჭებიც". კერძოდ, სულხან მოლაშვილს შანსი ჰქონდა, პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამხდარიყო.

რუსეთიც მხარს გვიჭერდა.

- რუსების ერთგული დარჩით?

- მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. მინდა რუსეთი საქართველოს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

- ეს ავტომატურად ნატოზე უარის თქმას ნიშნავს...

- ერთხელ უსუფაშვილმა იკითხა, ნატოს კარი ღიაა და შემოვიდეთო? წლებია, ღია კარში ვერ შევდივართ და...

- მერე თქვენ ხომ კარის გაღების სპეციალისტი ხართ?

- მე მხოლოდ დახურულ კარს ვუხსნი საქართველოს, რასაც რუსეთი ჰქვია და ამიტომ ვთავაზობ მასთან ერთად სამხედრო-პოლიტიკურ ერთიანობაში გაწევრებას, რაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსია. აქვე მინდა ვთქვა, რომ 2011 წლამდე საქართველოში ვიყავი და რუსეთში ორი წლის წინ ჩამოვედი. სხვებივით არ გავქცეულვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა