საპატრიარქომ მღვდელ ნიკოლოზ ტაბაღუას მღვდელმოქმედება შეუჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი მამა ნიკოლოზის არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს უკავშირდება, რომელიც მან ბოლო პერიოდში ტელეეთერით გააკეთა და მღვდლისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება.
პატრიარქის მდივნის განმარტებით, მამა ნიკოლოზი რამდენიმე თვეა, რაც მღვდელია. მისთვის უცნობია, რა დროით შეუჩერდება მამა ნიკოლოზს მღვდელმოქმედება.
მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა (თემურ ტაბაღუა) ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურებდა. იგი 2006-2011 წლებში სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების დირექტორი იყო, სადაც გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებული პირები იხდიდნენ სასჯელს. ამასთან, ბოლო დღეებში გავცელდა ვიდეომასალა, სადაც მამა ნიკოლოზი გამომძიებელ კახა ჭუმბაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, რათა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.
მისივე თქმით, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, თითქოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები, სხვა პატიმრებთან შედარებით, ახალაიას რეკომენდაციით, უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს. ხოლო, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.