რა ვალდებულებები ეკისრება მოსწავლესა და მშობელს უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

რა ვალდებულებები ეკისრება მოსწავლესა და მშობელს უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება. მოსწავლის მიერ წიგნის დაზიანების შემთხვევაში ოჯახის მხრიდან ზარალის ანაზღაურების ვალდებულებაზე, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ 4 მაისს, გადაცემა ”ემას შოუში” საუბრობდა. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები კი საბოლოოდ, განათლების ახალი მინისტრის, თამარ სანიკიძის 5 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა.

როგორც ცნობილია, 16 სექტემბრიდან, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და კერძო სკოლების მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას (აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები) სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესის, მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები, სამინისტროს მიერ ექსპერტების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მონაწილეობით შემუშავდა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, მოსწავლესა და მშობელს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. კერძოდ, მოსწავლე ვალდებულია, სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის; არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს; უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.

მოსწავლის მშობელი კი ვალდებულია,  რომ უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა; არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის; სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;

მშობელის მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი". ამ ვალდებულებისგან მშობელი შესაძლოა, მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" გათავისუფლდეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. მაგალითად, დაუზიანებელი ყდა - 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული - 1 ან 2 ქულით.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს სისუფთავეს, შეფასების კრიტერიუმი ასეთია: სახელმძღვანელო მარკირების გარეშე - 5 ქულა; უმნიშვნელოდ მარკირებული - 4 ქულა; მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა; მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი - 0 ქულა.

სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდება: დაუზიანებელი - 5 ქულა; უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულა; დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა; დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი - 0 ქულა.

განათლების მინისტრის ბრაძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ხოლო, სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 8-ს და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.

სასკოლო სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების სისტემამ მშობელთა ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ 5-7 წლის მოსწავლეები  აღნიშნული წესების ზედმიწევნით დაცვას ვერ შეძლებენ. მშობლები შიშობენ, რომ ახალი სახელმძღვანელოების ყიდვა მოუწევთ. გარდა ამისა, მათი ვარაუდით, შესაძლოა სახელმძღვანელოები უხარისოდ დაკაბადონებული იყოს, დაიშალოს და პასუხისმგებლობა ამის გამოც დაეკისროთ.

გაჩენილი კითხვების სიმრავლიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროში დღეს დამატებითი განმარტებები გაკეთდა.

მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები პირდაპირ წიგნში იწერება, არ არსებობს. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებს. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს, ლია გიგაურის განმარტებით, მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს მშობლისთვის გადაცემამდე შესაძლო პრობლემა მოინიშნება. თუ წიგნი გამოუსადეგარი იქნება, მოსწავლეს არ გადაეცემა და გამომცემელს უკან დაუბრუნდება. სახელმძღვანელოს შეფასება ყოველწლიურად მოხდება.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოსთან მიმართებაში ინდივიდუალური მიდგომა აქვს, რაც გათვალისწინებული იქნება.

"თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმიტომ, რომ მოსწავლემ ის განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ ის გარკვეულწილად დაზიანდა, ასეთ შემთხვევაში იგი ამოიღებული იქნება ხმარებიდან და სკოლის მიერ ჩამოიწერება. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, მაგალიათად თუ სახელმძღვანელოში გაჩნდა ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება მოსწავლეს, მშობელს ან მეურვეს, დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო გადაეცა მესამე პირს, განზრახ იქნა დაზიანებული ან არამიზნობრივად იყო გამოყენებული", – განაცხადა ლია გიგაურმა.

სამინისტროში ამბობენ, რომ გამცემი ორგანო "ობიექტურ გარემოებებსაც" გაითვალისწინებს. ხოლო,  თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ბაზარზე გაიყიდება.

სახელმძღვანელოებს სკოლის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირები, სავარაუდოდ ბიბლიოთეკარები ან სპეციალურად ამ მიზნით აყვანილი პერსონალი შეამოწმებს.

იხილეთ ვიდეო

ანა მარშანია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია