"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"

"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"

ბოლო დროს, მიუხედავად მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა, ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი სამთავისი ყურადღების ცენტრში კრიტიკული შენიშვნების გამო მოექცა. ტაძარში დაკრძალული ამილახვრების მემკვიდრე ნინო ერისთავი რესტავრატორებს, არქეოლოგებსა და სასულიერო პირებს წარსულის წაშლის მცდელობასა და ტაძრის დამახინჯებაში ადანაშაულებს: "ტაძრის იატაკქვეშ გათბობის სისტემის გაყვანის შედეგად განადგურდა XIX საუკუნეში დაგებული მოზაიკა, შეურაცხყვეს სამარხები და კულტურულ სიძველეებად ქცეული საფლავის ქვები ნაწილობრივ გაანადგურეს. საფლავების ძველი ფილების ნაცვლად, უსახური ფილები უნდა დააგონ. საბოლოოდ რა შეგვრჩა? წინაპართა შეურაცხყოფილი საფლავები. ტაძარში შედიხარ და თავი აბანოში გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ თვეში რამდენიმე საათი წირვა გამთბარ იატაკზე ჩატარდეს. საინტერესოა, 11 საუკუნის განმავლობაში როგორ გაუძლეს ეკლესიის მსახურებმა სიცივეს?".

სამთავისში გულგახეთქილი წავედი. ვიფიქრე ადგილზე მძიმე სურათი დამხვდებოდა. ტაძრის არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების კომისიის პროექტით და ზედამხედველობით მიმდინარეობს. ისინი სამარხებიდან ამოღებულ იმ ძვლებს სწავლობენ, რომლებიც, ნინო ერისთავის თქმით, ეზოში ბავშვების სათამაშოდ ყოფილა მიმოფანტული. არქეოლოგების განმარტებით, VII საუკუნის ბაზილიკის საფრის გახსნაზე მუშაობისას შეხვდათ სხვადასხვა საუკუნის სამარხები, სადაც ერთმანეთში იყო არეული ქალის, კაცის და ბავშვების ძვლები, თითქოს ვიღაცას ერთად მიეხვეტა.

გიორგი მახარაძე, სამთავისის არქეოლოგიურ-სარესტავრაციო ექსპედიციის ხელმძღვანელი: - იმის გამო, რომ არაფერი დაგვეზიანებინა, ფრთხილად ვმუშაობთ. ვეცადეთ, ყველაფერი სანიმუშოდ გაგვეკეთებინა, მაგრამ ნინო ერისთავის დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ ავცდით. გაცხარებული მუშაობისას მოგვადგა, - საფლავები დაკარგულა, დედაჩემის საფლავსაც ვერ ვპოულობო. აღმოჩნდა, რომ დედის საფლავზე არც ჯვარი ჰქონია და სარეველასაც გადაევლო ზედ. გვაბრალებს, მოზაიკის იატაკი დააზიანესო. არქიტექტორი რიპარდი საუკუნე-ნახევრის წინ, რესტავრაციის პროცესში იძულებული გახდა ტაძრის იატაკი აემაღლებინა და დაეფარა არაფრით გამორჩეული მოზაიკით. შედეგად დაიმალა სვეტების ძირში გამოსახული ფრესკული მხატვრობა.

ასევე გაურკვეველი დარჩა, რა იმალებოდა იატაკის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში რიპარდის იატაკიც სახიფათო გახდა. სამარხები სპეციფიკური ფორმის იყო, აგურით ნაშენები, ზედ გადებული ძელებით, რომელზეც ეწყო საფლავის ქვები. ძელები სიმძიმისგან დროთა განმავლობაში გაიზნიქა და გაჩნდა საფრთხე, მლოცველი სამარხში ჩავარდნილიყო. ამიტომ იატაკი შესაცვლელი გახდა. ქალბატონი ნინო სამარხების შეურაცხყოფასაც გვდებს ბრალად. საჭირო გახდა ზოგიერთი საფლავის გადატანა ტაძრის სხვა ნაწილში, რადგან XI საუკუნეში აშენებულ ნაგებობაში ჩატანებულია V და VII საუკუნეების ტაძრების ნაშთიც, აქვე აღმოჩენილია წმინდა ისიდორე სამთავნელის საფლავიც. ეს ნაწილი გაიხსნა, გაკეთდა მინის იატაკი და მნახველს შეეძლება იხილოს წმინდანების საფლავები და უძველესი ბაზილიკის კედლები. ბაზილიკის კედლების და საძირკვლის გამოჩენის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საფლავს შევუცვალეთ მდებარეობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია