ვინ ააშენა ქართული ეკლესია, რესტორანი და ბიბლიოთეკა მანჯურიაში

ვინ ააშენა ქართული ეკლესია, რესტორანი და ბიბლიოთეკა მანჯურიაში

ხარბინელ ქართველთა სათვისტომოს შესახებ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე მხოლოდ ჩურჩულით თუ ლაპარაკობდნენ და თანაც - მხოლოდ ისინი, ვინც იმხანად "ვეფის" რადიომიმღებებით რადიო "თავისუფლებას" უსმენდა და პარტიულ კრებებს არაფრად დაგიდევდა ან ჯარში შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა - ჩინეთის საზღვარზე და თავისი ყურით გაეგონა, თუ როგორ ავრცელებდნენ იმპერიის დროს რუსი მისიონერები ქრისტიანობას ჩინეთში ივერიის ღვთისმშობლის ხატით ხელში, როგორ გაასახლა მაო ძე დუნმა მანჯურიიდან საბჭოთა რკინიგზელები მას შემდეგ, რაც იქ სახალხო წყობა დაამყარა. აი, სწორედ ამ დროს გადადიოდნენ ჩურჩულზე და ამბობდნენ, რომ მანჯურიის უდიდეს ქალაქ ხარბინში თავის დროზე თურმე უამრავი ქართველი იყო და ივერიის ღვთისმშობლის სახელზე აშენებული დიდი ტაძარიც კი ჰქონდათ, ქართულ ბიბლიოთეკასა და რესტორანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ხარბინის ქართული სათვისტომოს შესახებ პირველად აწ უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შევიტყვე: მაშინ ჭიათურის რაიონის ერთ-ერთ პატარა და მაღალმთიან სოფელში გახლდით ნათესავთან და იქაური კარის მეზობლის ვაჟმა სწორედ იმხანად მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მანამდე მამამისი სულ იმას ტრაბახობდა - პრიმორიეს მხარეში მყავს ბიჭი, კაი ჭაჭით მოვუქრთამე "ნაჩალნიკი" და არის ახლა ბაგრატიონ-მუხრანცკივითო. მე არ ვიცოდი და პრიმორიეს მხარეში "ბაგრატიონ-მუხრანცკივით ყოფნა" თურმე დროდადრო ჩინეთში უჩუმრად გადაპარვასა და იქაურ ქალაქებში ჯარისკაცურ განცხრომას ნიშნავდა. ჰოდა, ერთი ასეთი გადაპარვის დროს, ის ჩემი ნაცნობი ჯარისკაცი ხარბინშიც მოხვედრილა და იქ ქართველთა ყოფნის შესახებაც მოუსმენია რაღაც ბუნდოვანი ლეგენდები.

ჩემი ნაცნობი ჯარისკაცის თავგადასავალი მეტად სალაღობო რამ გახლავთ და მისი აღწერა სტატიაზე მეტად, ცუღლუტურ რომანში იქნებოდა კარგი. ამბავი ამბად და რომ ვკითხე - ხარბინში ქართული ეკლესია და სათვისტომო საიდან გაჩნდა-მეთქი, დაბნეულმა მომიგო: მეგონა, ეგ შენ გეცოდინებოდა და ვაპირებდი კიდეც, მეკითხაო. ჰოდა, ინტერესიც აქედან წამოვიდა. ბოლოს, ხარბინელ ქართველებზე მართლაცდა ბევრი რამ გავიგე და უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ მანჯურიის უდიდეს ქალაქში მართლა მდგარა ქართული ტაძარი, რომელიც ჯერ რუსებს გადაუკეთებიათ, მერე კი - ე.წ. "კულტურული რევოლუციის" დროს - ჩინელებს დაუნგრევიათ. გადარჩენილა მხოლოდ ის ფლიგელი, სადაც ქართველები ბოლო დრომდე - გასული საუკუნის 50-იან წლებამდე იკრიბებოდნენ.

თავიდან კი ყველაფერი ზუსტად "ველიკორუსულად" დაიწყო - რუსებმა ჯერ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის, იმავე მანჯურიის მიწებს დაადგეს თვალი და მერე კი მათი უკეთ მითვისებისთვის, იქ რკინიგზის გაყვანას შეუდგნენ. "ტრანსმანჯურიულ მაგისტრალს" მანჯურია ზღვისპირეთთან უნდა დაეკავშირებინა. ჩინეთის იმპერიის უმაღლესმა მესვეურებმა (იმხანად ამ ქვეყანას მანჯურიელთა დინასტია მართავდა) რუსებს 1898 წელს მისცეს რკინიგზის გაყვანის უფლება და სანქტ-პეტერბურგიდან საგანგებოდ ამ მიზნით მანჯურიაში ინჟინერი ნიკოლაი სვიაგინი მიავლინეს.

ნიკოლაი სვიაგინმა კარგად მიზომ-მოზომა იქაურობა და მუშახელის ქირაობის დროც რომ დაუდგა, რუსეთის იმპერიის სულ სხვადასხვა მხრიდან ჩაიყვანა ხალხი შორეულ მანჯურიაში. ამ ყველაფერს იმჟამინდელ პეკინურ პრესაში პროტესტიც კი მოჰყვა: რუსები ვითომ ჩვენ გვიშენებენ რკინიგზას და სინამდვილეში კი - მიწებს გვტაცებენო. მაშინ ჩინელებს მართლაც ჰქონდათ საქმე საპროტესტოდ, რადგანაც ჯერ ერთი, სულაც არ იყვნენ იმდენნი, რამდენიც დღეს არიან და მეორეც - მათი იმპერატორი ეროვნებით ჩინელი არ იყო. ჰოდა, უკმაყოფილოთა შორის ასეთი ხმებიც გაისმოდა: რაღა მანჯურიაში აშენებენ რუსები რკინიგზას, შუაგულმა ჩინეთმა რა დაუშავათო? ერთი სიტყვით, სანამ პეკინურ პრესაში კალმოსნები ბობოქრობდნენ, რკინიგზაზე მომუშავე რუსებმა დასახლება სწორედ იმ ადგილას აშენდა, რომელსაც ჩინურად "ხა-ერ-ბინ" ანუ "ყინულის მხარე" ერქვა. ახალი დასახლების სახელადაც ეს იქცა, ოღონდ "რუსსკი ხარბინის" სახით გადარუსულებული.

პირველი ქართველები რუსულ ხარბინში 1905 წელს გამოჩნდნენ - იაპონიასთან ომის მონაწილე რაჭველები, გვარად კობახიძე და სხირტლაძე ინჟინერმა სვიაგინმა რკინიგზის მშენებლობაზე დაიქირავა. სულ მალე კი, ამ ორმა კაცმა საქართველოში წერილი აფრინა: მშვენიერი პირობებია, კარგად გვიხდიან და საჭმელ-სასმელი სულ ძღომაზეაო. ერთი სიტყვით, 1910 წელს, ხარბინის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში უკვე ორასამდე ქართველი სახლობდა. 2 წლის შემდეგ კი ჩვენი თანამემამულეების რიცხვი გაორმაგდა კიდეც. ქართველები ძირითადად, და-თუნის პროსპექტზე დასახლდნენ და მათ შორის ყველაზე მდიდარმა - ზუგდიდელმა პეტრე გოგოხიამ სიამოვნებით გაიღო ფული ტაძრის ასაგებად. იმ დროს ხარბინი უკვე ქალაქი იყო და განაპირა, ჩინური უბნები რომ არა, არხანგელსკისა ან ტულისაგან ვერც განასხვავებდით.

"მოგახსენებთ, რომ ჩვენ - რუსულ ხარბინში მცხოვრებ ქართველებს, გვსურს ავაგოთ ტაძარი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე და გთხოვთ, მოწყალება მოიღოთ, რათა გამოიყოს ადგილი ჩვენი ჩანაფიქრის აღსასრულებლად", - ეწერა განცხადებაში, რომელიც პეტრე გოგოხიამ ხარბინის ქალაქისთავს, ნიკოლაი ლვოვიჩ გონდატის 1912 წლის 3 ივნისს წარუდგინა. გოგოხიას გარდა მას ხელს კიდევ 200-მდე კაცი აწერდა. გონდატიმ ნებართვა მალევე გასცა და ტაძრის მშენებლობაც დაიწყო, თუმცა მაშინ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა, თბილისში კი რუსი ეგზარქოსი იჯდა და სანქტ-პეტერბურგში გაგონებაც არ სურდათ იმისი, რომ შორეულ ხარბინში სამშობლოს მონატრებულ ქართველებს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, ქართველი ღვთისმსახურისგან მოესმინათ. ამიტომ, ჯერ ტაძრის სამშენებლო გეგმაში შეიტანეს ცვლილება - ქართული სტილის გუმბათის ნაცვლად რუსული, "ხახვისთავა" გუმბათი დაადგეს, ხოლო როცა აშენდა, ირკუტსკიდან რუსი მღვდელი ჩამოიყვანეს.

პეტრე გოგოხიამ ნიკოლაი გონდატის ხელახლა მიმართა განცხადებით, სადაც ითხოვდა, რომ მღვდელი საქართველოს საეგზარქოსოდან ჩამოეყვანათ, მაგრამ ვერც ვერაფერს მიაღწია და იძულებულიც გახდა, საერთოდ დაეტოვებინა ქალაქი - მას "კრამოლნიკობა" ანუ მეფისა და ღვთის წინააღმდეგ გამოსვლა დააბრალეს და როგორც კანონი ითხოვდა, "ველიკორუსულ ახალშენში" (ასე ერქვა დასახლებებს, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ, საგანგებო მიზნით შენდებოდა) ცხოვრება აუკრძალეს. პეტრე გოგოხია საქართველოში წავიდა, ხარბინის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში კი ქართული მხოლოდ ღვთისმშობლის ხატიღა დარჩა, რომელიც ცალკე ფლიგელში დაასვენეს. ქართველები კვირაობით სწორედ იქ იკრიბებოდნენ.

ტაძარში რომ ქართული წირვა-ლოცვის შემოღების საკითხი ვეღარ მოგვარდა, ჩვენმა თანამემამულეებმა გადაწყვიტეს, სათვისტომო მაინც შეექმნათ. იმავე და-თუნის პროსპექტზე, ივლიანე ლევანის ძე ხაინდრავას (რუსულ საბუთებში ის იულიან ლვიჩ ხაინდროვად წერია) კუთვნილი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, 1913 წელს ბინა დაიდო "რუსული ხარბინის ქართულმა სათვისტომომ" ანუ როგორც მას რუსები ეძახდნენ - "გრუზინსკი კრუგმა". მალევე, სათვისტომომ აღნუსხა ხარბინში მცხოვრები ყველა ქართველი, თან ქართული საკვირაო სკოლისა და ბიბლიოთეკის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა. ამ ყველაფერს ისევ გონდატის ნებართვა უნდოდა და ამიტომაც, რუსი ინჟინერი ქართულ ნადიმზე დაუპატიჟიათ. მასაც უარი არ უთქვამს და ბლომად ჭაჭაც მიურთმევია. მეორე დღეს კი ნებართვა მართლაც გაუცია, თუმცა ერთი, მეტად საყურადღებო რამეც უთქვამს: "ასეთი კარგი კერძების გაკეთება რომ იცით ქართველებმა, აქ თქვენებურ რესტორანს რატომ არ ხსნით? საქართველოდან შეფ-მზარეულის მოწვევაა საჭირო!"

ჰოდა, სანამ ქართული სათვისტომო სკოლისა და ბიბლიოთეკისთვის ხარბინელ ქართველთა შორის ფინანსების მოძიებას ცდილობდა, ჭაჭის მოყვარულმა ინჟინერმა გონდატიმ ტფილისში საგანგებო თხოვნა აფრინა მეფისნაცვლის სახელზე და მთელ სამეფისნაცვლოში საუკეთესო შეფ-მზარეულის ხარბინში გამოგზავნა ითხოვა. 1914 წლის გაზაფხულზე - I მსოფლიო ომის დაწყებიდან სამი თვით ადრე, ქართველი შეფ-მზარეული აკაკი მენაბდე მართლაც ჩამოვიდა ქალაქში. ქართული რესტორნის ასაშენებლად კი ნიკოლაი სვიაგინმა მდინარისპირა ნავსადგურის უბანში, ჩინელთა ქუჩაზე გამოყო ადგილი, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: ქართული კერძებით, რუსი ქალაქისთავი იმ უბანში არაჩინელი მოახალშენეების მოზიდვას ვარაუდობდა.

ქართული რესტორნის შენობა რომ აშენდა და აკაკი მენაბდემ ახალმოსახლეობა ტრადიციული ნადიმით აღნიშნა, 1915 წელი იწურებოდა. ხარბინში იმ დროისთვის უკვე 68 594 კაცი ცხოვრობდა - უმეტესობა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი იყო და რკინიგზაზე მუშაობდა. ჩინელები მოსახლეობის 3%-ს შეადგენდნენ და ძირითადად, გარეუბნებში სახლობდნენ. ხარბინის ქართული სათვისტომოს მონაცემებით, მთელ ქალაქში 1000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობდა და მათი უმეტესობა მამაკაცი იყო. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ საკვირაო სკოლაში 25 ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბიბლიოთეკაში ათასობით ქართული წიგნი იყო. ის კი არა, ჟურნალ-გაზეთებსაც კი იღებდნენ კავკასიის სამეფისნაცვლოდან. ქართველობა უწინდებურადვე იკრიბებოდა კვირაობით ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის იმ ფლიგელში, სადაც ხატი გახლდათ დასვენებული. სათვისტომო ისევ ცდილობდა, ქართველი მღვდელი ჩამოეყვანა, მაგრამ ამაოდ - სვიაგინი უარზე იდგა და ჭაჭაც ვერ ულბობდა გულს.

1917 წლის რევოლუციისა და ბოლშევიკური გადატრიალების ამბებმა ხარბინში მოგვიანებით ჩამოაღწია, მაგრამ არაფერი შეუცვლია - ქალაქის ბატონ-პატრონები ისევ რუსები იყვნენ. რკინიგზაც ძველებურად მუშაობდა და შემოსავლების ნაწილი რუსულ ხაზინაში ირიცხებოდა, ნაწილი - ჩინურში. ჩინეთი უკვე იმპერია აღარ იყო და აღარც მანჯურიელები იყვნენ მის მთავრობაში, ამიტომ რკინიგზა ჩინურ ხაზინას უფრო მეტ ფულს ურიცხავდა, ვიდრე რუსულს. რევოლუციის შემდეგ კი, ხარბინში მანჯურიის ჩინელი გუბერნატორი ჩავიდა და ნიკოლაი გონდატის მოსთხოვა, ქალაქი ჩინურ კანონმდებლობას დამორჩილებოდა. სანქტ-პეტერბურგში მეფის ხელისუფლება აღარ არსებობდა და ნიკოლაი გონდატი გუბერნატორის მოთხოვნას უყოყმანოდ დაემორჩილა. ჩინური კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებიც დაინიშნა.

საქალაქო საბჭოს (ჩინურად "მინგო") არჩევნებში ქართველთაგან სამმა კაცმა გაიმარჯვა - შეფ-მზარეულმა აკაკი მენაბდემ, ცეცხლფარეშმა მიხეილ კობახიძემ და მემანქანე ტრიფონ სოხაძემ. სვიაგინის მაგივრად კი ქალაქისთავი ძველმოწესე (ე.წ. "სტაროვერი") კაზაკი დანიელ ბეზფამილნი გახდა. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსთა მფლობელობის დროს, არარუსებს და ძველმოწესეებს საერთოდ არც აჭაჭანებდნენ ველიკორუსული ახალშენების ხელისუფლების ორგანოებში. სხვათა შორის, ჩინელი გუბერნატორის მოთხოვნითვე, ქალაქის სახელად უბრალოდ "ხარბინი" დარჩა და არა "რუსული ხარბინი".

ქართული რესტორანი კი ხარბინში კლიენტების სიმცირეს არც კი უჩიოდა. იქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა ნაწილმა 1918 წელს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დატოვა ხარბინი და სამშობლოში დაბრუნდა. აკაკი მენაბდემ კი სწორედ მაშინ შეისყიდა რესტორანი და ფიქრობდა - ბარემ, ცოტა ფულს კიდევ ვიშოვი და საქართველოში წელგამართული დავბრუნდებიო. სწორედ იმხანად შეიტყო ისიც, რომ ქართულ ეკლესიას რუსთაგან უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია აღედგინა და სათვისტომოში აღძრა საკითხი, რომ ხარბინში ქართველი მღვდელი ჩამოეყვანათ. სათანადო წერილიც შეადგინეს და ტფილისში გამოგზავნეს, თუმცა ადრესატამდე მას არც მიუღწევია - რუსეთში უკვე ფოსტა ცუდად მუშაობდა და წერილი ორი თვის მერე, უკანვე დაბრუნდა.

აკაკი მენაბდეს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ჩანაფიქრის შესრულებას კვლავაც შეეცადა - მან საქართველოში გაბრუნებულ ერთ-ერთ ოჯახს გამოატანა წერილი კათოლიკოს-პატრიარქთან. სხვათა შორის, ამის გამო ხარბინელმა რუსებმა, რომელთა უმეტესობა ანტისაბჭოთა და ველიკორუსულ "თეთრ მოძრაობას" უჭერდა მხარს, ქართული რესტორნის მფლობელს ალმაცერადაც დაუწყეს ყურება, თუმცა ქართულ კერძებს კვლავ დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. შემდგომ, აკაკიმ შეიტყო, რომ ის ქართული ოჯახი ციმბირში ბანდიტებს შეეპყროთ და დაეხვრიტათ.

სხვა გზა აღარ იყო - ქართველები ხარბინში ცოტანი დარჩნენ, ტფილისშიც ხმა ვერავის მიაწვდინეს და აკაკი მენაბდემაც გადაწყვიტა, ტაძარი შეესყიდა. ფული უკვე საკმარისი ჰქონდა: გარდა ხარბინის რესტორნისა, რკინიგზის სადგურებშიც ჰქონდა გახსნილი ბუფეტები და სასადილოები. ტაძრის შესასყიდად კი საჭირო იყო ქალაქისთავის სპეციალური განკარგულება, რაც მრევლის მიმართვის შემდეგ უნდა გაცემულიყო. აკაკიმ ქართველები ერთად შეკრიბა, თავისი დაწერილი განცხადება წაუკითხა და ხელი მოაწერინა. ზოგიერთმა, ვისაც იმედი გაცრუებული ჰქონდა, თავი შეიკავა, სულ კი 50 ხელმოწერა შეგროვდა.

მენაბდემ განცხადება მეორე დღესვე დანიელ ბეზფამილნის წარუდგინა, მაგრამ მან რეზოლუცია არ დაადო - ცოტა ხალხი აწერს ხელსო: "იმხელა ტაძარია და 50 კაცზე მეტი მრევლი არ უნდა ჰყავდეს?" - აქეთ დაანამუსა აკაკი მენაბდე, მერე კი სომხების მაგალითი მოუყვანა: ხარბინში 500 ზრდასრული სომეხი ცხოვრობდა და ხუთასივემ მოაწერა ხელი მათი ტაძრის ასაშენებლად ქალაქისთავთან წარდგენილ განცხადებასო.

აკაკი მენაბდე იმედგაცრუებული დაბრუნდა შინ და ქართველთა სათვისტომოს წევრებთან შეთანხმება კიდევ ერთხელ სცადა. მან არ იცოდა, რომ თანამემამულეთა შორის ბევრს შურდა მისი და ყველაფერს აკეთებდა, რომ პრობლემები შეექმნა...

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია