ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"

ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"

ერთობლივი ბრენდი "ანუკი & ბიჭოლა" დაიშალა და ამ ფაქტს ინტერნეტსივრცეში, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა... ანუკის თქმით, ეს გადაწყვეტილება დროული იყო - ის ახლა მარტო მუშაობს და რომელიმე სხვა დიზაინერით ბიჭოლას ჩანაცვლებას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ საქმის მარტო კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ანუკის დამოუკიდებელი კოლექცია უკვე შერჩეული და შეკვეთილია, თბილისელი და უკრაინელი მაყურებელი მას ნოემბერში იხილავს...

- ანუკი, ახალი დამოუკიდებელი კოლექციის შექმნას აპირებთ. რა ეტაპზე ხართ? რით იქნება თქვენი კოლექცია გამორჩეული და რას ელით ამ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯისაგან?

- კოლექცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე, კიევისთვის შეიქმნა. ეს არ არის runway-ს კოლექცია, პრეტ-ა-პორტე, pre-collezione ჰქვია. პირველი ხაზია, საჩვენებელი კოლექციისგან საკმაოდ განსხვავებული. რაც შეეხება ჩვენებას - თბილისსა და კიევშიც აუცილებლად გაიმართება, რადგან თავად საზოგადოებისგან ვგრძნობ დიდ მოლოდინს. გარდა ამისა, ბუნებრივია, მეც დიდი სურვილი მაქვს, პირველი დამოუკიდებელი კოლექცია მაქსიმალურად წარმატებული და ძლიერი ნამუშევრებით იყოს დატვირთული. ვფიქრობ, უკვე ნოემბერში ქართველ და უკრაინელ მაყურებელს ჩემი პირველი კოლექციის ნახვის საშუალება ექნება. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს, თემა - შერჩეული; შერჩეული და შეკვეთილია ასევე ქსოვილები. მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობ. ვაცნობიერებ, რომ დღეს ძალზე რთულია, ამ სფეროში ახალი სიტყვა თქვა, თუმცა ვნახოთ...

- გარდა ჩვენებისა, რა გეგმები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?

- უახლოეს და მნიშვნელოვან გეგმებში კიევის მაღაზიის მაქსიმალური შეცვლა შედის. პირველად, როცა ეს მაღაზია გაიხსნა, ქართველ დიზაინერებთან ერთად უკრაინელებიც იყვნენ. ზოგიერთს თავისი სამკაულიც ჰქონდა, თუმცა რამდენიმემ ხარისხი ვერ დააკმაყოფილა და იძულებული ვიყავი, მათთან თანამშრომლობაზე უარი მეთქვა. სექტემბრიდან ახალი სტილით ვიმუშავებთ. დირექტორად ძალიან კარგი გოგონა მყავს, რომელიც საკმაოდ წარმატებული მაღაზიების მთავარი მენეჯერი იყო. აქ მხოლოდ ჩემი ბრენდის რეალიზება არ ხდება - ჩემი საქმიანობით ბევრ ქართველ დიზაინერს ვუდგავარ მხარში და ძალიან მიხარია, როცა მყიდველს ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი მოსწონს. თანაც, ახლა ყველა ცდილობს, ცნობილი ბრენდებიდან ნაკლებად ცნობილებზე გადავიდეს და განსხვავებული იყოს, რის საშუალებასაც Anoukiconceptstore მაქსიმალურად აძლევს...

- ზაფხულს როგორ ატარებთ?

- ზაფხულის უმეტესი ნაწილი თბილისში, სამუშაო რეჟიმში გავატარე. მოგეხსენებათ, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებს ვეხმარები. ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, პატარა საღამო გავმართეთ, მერე კი კოლექციაზე მუშაობით ვიყავი დაკავებული. მოვახერხე და 2 კვირით ოჯახთან ერთად ქობულეთში ვიყავი წასული, ენერგია აღვიდგინე. სექტემბრიდან კვლავ გადატვირთული გრაფიკით მუშაობა მომიწევს.

- ამჟამადაც ისვენებთ?

- ამჟამად მხოლოდ ვისვენებ, რადგან, როგორც გითხარით, სექტემბრიდან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა მელის. მიუხედავად ჩემი საქმიანობისა, ოჯახი ჩემთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ბავშვებთან ყოველთვის არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ენერგიით მავსებენ.

- რა შეგიძლიათ მითხრათ ბიჭოლა თეთრაძისა და თქვენი ბრენდის განცალკევების შესახებ? სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა. იმასაც ამბობენ, რომ მის ადგილს სხვა დიზაინერი დაიკავებს...

- დიახ, ვნახე, ეწერა, თითქოს ჩემ გვერდით სხვა დიზაინერი გაჩნდა. ეს ტყუილია. ბიჭოლას თავისი ცხოვრება აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს! ჩემთვის ეს თემა ივნისში დაიხურა - მაშინ, როცა ერთობლივი ბრენდის დაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ. ვფიქრობ, ბრენდის დაშლა დროული იყო: აზრთა სხვადასხვაობა ასეთ სფეროში საქმეს ძალიან ართულებს. მინდა, ეს თემა თქვენი ჟურნალის საშუალებით დაიხუროს. ანუკის გვერდით აღარ ეყოლება არც ბიჭოლა, არც ვინმე სხვა დიზაინერი. ვმუშაობ მარტო, რაც ძალიან მომწონს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- საქმიანი ქალბატონი ბრძანდებით, ლამაზი ოჯახით. დროის განაწილება გიჭირთ თუ საამისოდ უკვე შემუშავებული გაქვთ თქვენეული ხერხი?

- დღის რეჟიმს დილიდან "ვალაგებ", ყველაფრისთვის დროის გარკვეული ნაწილი მაქვს გამოყოფილი. ვცდილობ, დღის განმავლობაში ყველა სხვა საქმე მოვასწრო, რომ საღამოს მუშაობაში ხელი არ შემეშალოს.

- რა როლი აქვს მეუღლეს თქვენს წარმატებაში? რამდენად გიწყობთ ხელს, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება სრულად მოახდინოთ?

- კახას არაფერზე ვაწუხებ, მხოლოდ მუშაობის შედეგს ვუჩვენებ და ვეკითხები, თუ მოსწონს. მას იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, ვცდილობ, მსგავსი თემებით ხელი არ შევუშალო, ზედმეტად არ შევაწუხო. კახას ფაქტორი მაინც არის ალბათ, თუმცა, ვინც უნდა იყოს შენი მეუღლე, თუ არაფერი გამოგდის, გვერდით ვერავის ყოფნა ვერ გიშველის... კიევში იმდენად აღარ მოქმედებს კახას ფაქტორი. მაქსიმალურად ვცდილობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, მისი "ჩრდილი" რომ ყველა საქმეში ჩამოვიშორო (იცინის)...

- არასოდეს გინანიათ, მეუღლის თხოვნით, მოდელობას რომ თავი დაანებეთ?

- სიმართლეს გეტყვით - არასოდეს მინანია. მოდელობისას ურთულესი სამუშაო გრაფიკი მქონდა - დილის 8 საათიდან გარეთ ვიყავი; შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ 2 საათით თუ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას... ყველაფერს თავისი დრო აქვს. სამაგიეროდ, სწავლა დავიწყე და დღეს იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მთელი არსებით მიყვარს. მთავარიც ეს არის - ის საქმე ვაკეთოთ, რაც ძალიან გვიყვარს...

- ქველმოქმედებას კვლავ აპირებთ?

- დიახ, აუცილებლად. წინ მნიშვნელოვანი პროექტები გველის, იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვა...

- სოციალურ ქსელში ერთი ცნობილი ქალბატონის კრიტიკის ობიექტად იქეცით, კერძოდ - რუსულის ცოდნა დაგიწუნათ...

- ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება იმ ქალბატონის აზრზე, რომელიც მგონი, დედაჩემზე უფროსია, ვფიქრობ, არ იქნება კორექტული. აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს და ეს აზრი გამოხატოს კიდეც. რაც შეეხება ჩემს რუსულს: პრობლემას ვერ ვხედავ - სწავლის პროცესში ვარ და ბუნებრივია, მალე უკეთესად ვისაუბრებ. უკრაინული არხებიდან ხშირად მაქვს მიწვევა და ვცდილობ, გამართულად ვისაუბრო, თუმცა ვაღიარებ - ჯერჯერობით მიჭირს "იდეალურად" საუბარი. რუსული არ არის ჩემი ენა და სიტყვების გამოთქმაც სასაცილოდ გამომდის (იცინის)... მინდა, ეს ადამიანები დავამშვიდო: რუსულს კვლავაც ვსწავლობ და პროგრესიც მაქვს. ძალიან მიხარია, თუ მხოლოდ ჩემი რუსულის ცოდნის დონე აქვთ სანერვიულო...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია