ავიღოთ თუ არა ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ავიღოთ თუ არა ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

2011 წლიდან საქართველოში ახალი პირადობის მოწმობის, ე.წ. ID-ბარათის გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ID-ბარათი მაღალტექნოლოგური და გაყალბებისგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, მასზე დატანილია მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, საბანკო ანგარიში... ბარათს აქვს სხვა სერვისებიც, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ მხოლოდ ერთი, უნივერსალური ბარათით, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო ID-ბარათის მიმართ, რადგან გაჩნდა ვერსია, რომ მასზე დატანილია მხეცის ნიშანი და მისი აღება ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას ნიშნავს. თითქოსდა მისი მეშვეობით პიროვნების ზებუნებრივი კონტროლიცაა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: "იყო ნათქვამი, რომ ID-ბარათი არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა. ეს ასე არ არის. ის არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ვიღაცას, კოსმოსში გვაკონტროლოს"... ID-ბარათთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად გვეკითხებიან "გზის"მკითხველებიც...

- არის თუ არა ID-ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედი?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ID-ბარათთან დაკავშირებით სინოდი შარშან იყო შეკრებილი და მიიღო დადგენილება. სინოდის ოქმში, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა, წერია: "სადღეისოდ წარმოდგენილი ID-ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები მათთვის, ვისაც ID-ბარათების აღება არ სურთ". აბსოლუტურად გამორიცხულია, ID-ბარათის მეშვეობით ვინმემ რაიმეს გაკონტროლება შეძლოს. ან როგორ შეიძლება, მან ადამიანის სარწმუნოება შეცვალოს? მთავარია, ადამიანმა იცხოვროს ქრისტიანულად, არ განეშოროს ქრისტეს, ქრისტიანულ სწავლებას და ის ადვილად გაარჩევს, რა არის ქრისტიანული და რა - არა. საერთოდ, ასეთი საკითხები ადამიანმა უნდა გაარკვიოს თავის მოძღვართან, ჰკითხოს და როგორ კურთხევასაც მისცემს, ისე მოიქცეს. თუ ადამიანს სულიერი მოძღვარი არ ჰყავს, არაეკლესიურია, ასეთი ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის აზრს? მისთვის არც ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება-არმიღება გადაწყვეტს მისი ცხონება-არცხონების საკითხს. ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებენ მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტი მადიდებლები. ის კი არ უნდა ვეძიოთ, როგორია ანტიქრისტეს ბეჭედი, არამედ ის, როგორ ვიცხოვროთ ქრისტიანულად, რათა როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება, მის თაყვანისმცემლებს არ შევუერთდეთ, თორემ როგორც უნდა ვიცოდეთ თეორიულად, როგორია და რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი, თუ ქრისტიანულად არ ვიცხოვრებთ, მაინც მივიღებთ. ამიტომ მთავარია, ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მივიღებთ და მის თაყვანისმცემლებს არ შევუერთდებით.

- დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური სწორედ ID-ბარათის საკითხია. მიუხედავად სინოდის დადგენილებისა, ბევრი ერიდება ახალი ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებას. რატომ შეიქმნა ადამიანებში ID-ბარათით ამგვარი დამოკიდებულება? რაზე მიანიშნებს ეს?

- ეს არის ურწმუნოების პირდაპირი გამოხატულება. სწორედ ასეთი ადამიანები მოქმედებენ ანტიქრისტეს სასარგებლოდ. მსგავსი მიდგომითა და დამოკიდებულებით ხდება ანტიქრისტეს ნების აღსრულება და პირველ რიგში, სწორედ ის ადამიანები გახდებიან ანტიქრისტეს თაყვანისმცემლები, რომლებიც მსგავს საკითხებს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ანტიქრისტე ამით არ მოვა. ნაწინასწარმეტყველებია, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება მოხდება ხელსა და შუბლზე, მაგრამ ეს არ მოხდება ფიზიკური მნიშვნელობით. როდესაც მამები ამ საკითხზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ადამიანები ანტიქრისტეს ბეჭედს სულიერი მნიშვნელობით, სულიერად მიიღებენ. ფიზიკურად მიღებაზე საუბარი არ არის. ხელზე ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება ნიშნავს იმას, რომ ვინც ფიზიკური საქმიანობით არის დაკავებული, ბოლო პერიოდში თავისი საქმიანობით განადიდებს ანტიქრისტეს, ვინც გონებრივი საქმიანობით არის დაკავებული, გონებით განადიდებს ანტიქრისტეს, - "შუბლზე მიღებული ბეჭედი"ამას ნიშნავს. ანდა როგორ შეიძლება, ფიზიკურმა სულიერზე მოახდინოს გავლენა?

თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს "გზის"მომდევნო ნომერში შევეხებით.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია