ავტოინსტრუქტორი ომარ ტოლიაშვილი ავტომობილის მართვის სწავლების პროცესში არაერთი კურიოზის მოწმე გამხდარა. სწორედ ამ კურიოზებს უამბობს ის "ყველა სიახლის" მკითხველს:
- უფრო მეტად ავტომობილის მართვის შესწავლის მსურველი ქალები აღმოჩენილან კურიოზულ სიტუაციაში. 12 წლის წინ ზურაბ ჟვანიას ცოლისდას ვასწავლიდი. ერთხელ ორთაჭალიდან მოვდიოდით და გეზი მტკვრისკენ აიღო. ხმას არ ვიღებდი. როცა დაჯახების საფრთხე შეიქნა, ვკითხე, მარცხნივ რატომ არ უხვევ-მეთქი. მიპასუხა, როდის მითხარი, მოუხვიეო... იმასაც მეკითხებიან, მანქანა რომ გაფუჭდება, როგორ უნდა მივხვდეო. ხშირად ისეც ხდება, რომ ქალები მარცხნივ მოხვევისას მარცხნივ არ იყურებიან, მარჯვნივ მოხვევისას კი - მარჯვნივ. მოკლედ, გზაზე კონცენტრირებას მთლიანად ვერ ახდენენ. ამას წინათ ერთი ქალი წითელზე გადიოდა, ვკითხე, შუქნიშანს რატომ არ უყურებ-მეთქი. იცით, რა მითხრა? მიდი რა, შენ უყურე, მე რამდენ რამეს უნდა ვუყუროო... ხომ სასაცილოა? ერთი მოსწავლე მყავდა, რიტა, 70 წლის იყო და მართალი გითხრათ, მართვა სწრაფად ისწავლა. გადასასვლელზე ხალხი რომ გადადიოდა, ხელს უქნევდა და ყვიროდა: "ატაიდი, ატაიდი!" ვკითხე, ტორმუზს რატომ არ აწვები-მეთქი და, მოიცა, კაცო, მაგის დარდი მაქვსო?!. ერთხელ სამარშრუტო ტაქსი ჩვენ წინ ჩერდებოდა, მაშინაც ქალი ატარებდა მანქანას და ატეხა ყვირილი - "ვაი, ვაი"!.. ამას რომ ყვირი, მანქანა გაჩერდება? გაჩერებას ტორმუზზე ფეხის დაჭერა უნდა. სოფო მოსიძეს ტარება მე ვასწავლე, მანანა მანჯგალაძესაც... იცით, რა სწრაფად აითვისეს? ეს იმიტომ, რომ ყოჩაღები არიან. ბაჩო ახალაიას პრესსამსახურის უფროსი, სალომე მახარაძეც ჩემს გაკვეთილებზე დადიოდა, ხათუნა იოსავაც. იმიტომ სწავლობენ იოლად, რომ თავისუფლად სხედან ავტომობილში, არაფერი აღელვებთ. მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღეს. მთავარია, ადამიანი დაძაბული არ იყოს. ერთი მოსწავლე მყავდა, უნივერსიტეტში იტალიური ენის ლექტორი. 25-ე გაკვეთილი იყო და საზურგეს არ ეყრდნობოდა, დაძაბული იჯდა. რამდენი არ ვეჩიჩინე, მაგრამ არ მიეყუდა, მაგის თავი არ მაქვსო. 27-ე გაკვეთილზე უკვე დავინახე, რომ მოეშვა, საზურგესაც მიეყრდნო, თქვა, წელი მეტკინაო. ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ტარების სწავლა (იცინის)... ერთი მოსწავლე ორი კვირის განმავლობაში ხმას არ იღებდა, მუნჯი მეგონა. მერე ორმეტრიანი ენა გადმოაგდო და ვეღარ ვაჩერებდი. რომ გიხსნიდი, რატომ არ მპასუხობდი-მეთქი და, ეს ორი კვირა ისეთი დაძაბული ვიჯექი, რას მელაპარაკებოდი, არაფერი მესმოდაო... ზოგი ისე ნერვიულობს, ცხვირზე ბუზი რომ დააჯდეს, საჭეს ხელს არ გაუშვებს და არ ააფრენს იმ ბუზს. ვინც საუბარში მხარს მიბამს და დაძაბული არაა, სწრაფად სწავლობს. თუ ადამიანი თამამია, სწავლის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ მანქანაში მუსიკასაც ვუსმენთ და ვმღერით კიდეც. საერთოდ, რასაც გზაზე ვუხსნი, ის უმეტესობას თეორიულად ნასწავლი არა აქვს. არადა, წიგნში ამოკითხულს პრაქტიკაში რომ გამოიყენებ, ის არ სჯობია? ჩემი აზრით, სწავლების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ადამიანს კი არ უნდა ეჩხუბო, პირიქით, უნდა მოეფერო. ზოგჯერ ქალები ქმრებთან ერთად მოდიან და ვხედავ, კაცები როგორ უყვირიან, დებილო, ამას როგორ ვერ აკეთებო. ვეუბნები, აბა, გადახტი მანქანიდან, რატომ ეჩხუბები, შენ პირველივე დაჯდომაზე ისწავლე-მეთქი? მერე კი აღიარებენ, მართალი ხარო...
ეკა აბაშიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)