"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"

"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"

6 თვეა, რაც ახალგაზრდების ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლის" სახელით ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება. შესაწირი ყუთებისთვის თითოეული ადამიანის მიერ გაღებული თუნდაც 20 თეთრით საბოლოო ჯამში, სოლიდური თანხა გროვდება, რაც იმ პირებს ხმარდებათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ "კათარზისში" უფასო სადილი დააფინანსა...

"საქართველოს მადლის" საქმიანობით დავინტერესდით და მათ მოკრძალებულ ოფისში ვეწვიეთ. ორგანიზაციის დამფუძნებელი - თამაზ ბელთაძე, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი გახლდათ: ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტთან შესაწირი ყუთებით მისული ახალგაზრდები უკან გამოუბრუნებიათ...

თამაზ ბელთაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლის" დამფუძნებელი:

- სავაჭრო ცენტრმა ჩვენს ახალგაზრდებს 4 დღით მუშაობის უფლება მისცა, დღეს კი უკან გამოუბრუნებიათ. არადა, თხოვნის წერილი გავგზავნეთ და ჩვენი წარმომადგენელიც მივავლინეთ... ჩვენს საქმეს მთელი სულითა და გულით ვაკეთებთ. არ გვინდა, ხელი შეგვეშალოს. ახალგაზრდები ხელს არავის უშლიან, ყველას ზრდილობიანად ეპყრობიან.

- ახლახან "კათარზისში" უფასო სადილი გამართეთ. ეს ღონისძიება როგორ დაიგეგმა?

- დიდი სურვილი გვქონდა, დაპურების მასშტაბური აქცია მოგვეწყო. "კათარზისში" ყოველდღე 310 ადამიანს აპურებენ. მათი უფასო სადილები დაფინანსებაზეა დამოკიდებული. "კათარზისმა" თავად გვთხოვა, რომ ერთი დღით უფასო სადილი დაგვეფინანსებინა. სიამოვნებით დავთანხმდით. ღვთის წყალობით, 310-მა ადამიანმა საკვები მიიღო. მათ ტორტებიც წავუღეთ (იღიმის)...

- საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- უკვე 5 წელია, რაც მე და ჩემს ძმას გამომცემლობა გვაქვს: ხატებს, საეკლესიო ჟურნალებს ვბეჭდავთ. ბავშვთა სახლებს წინათაც აქტიურად ვეხმარებოდით - გამომცემლობის სახელით, ყოველთვე გარკვეულ თანხას ვურიცხავდით. ერთხელაც, მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, რომ უანგაროდ ისეთი კეთილი საქმე გაგვეკეთებინა, რომლითაც ბავშვებსა თუ მოხუცებს გავახარებდით. მერე იდეის განხორციელება დავიწყეთ: არასამთავრობო ორგანიზაცია დავარეგისტრირეთ და დავფიქრდით - საიდან შეიძლებოდა, რომ ფინანსები მოგვეძიებინა? ფასიანი სატელეფონო ნომრების აღებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხალხი დიდად არ აქტიურობს. თან, ამ ხერხით ძირითადად, ეკლესიების მშენებლობას შეეწევიან (ღვთის მადლით, ჩვენც ხშირად დაგვირეკავს) და ხელის შეშლა არ გვინდოდა. გადავწყვიტეთ, რომ შესაწირი ყუთები დაგვემზადებინა. ექვსმა ბიჭმა და ორმა გოგომ თანხის შეგროვება დავიწყეთ. ხალხი ფულს სიხარულით გვაძლევდა, - გაჭირვებულებს ჩემი სახელით დაეხმარეთო. პირველი საქველმოქმედო ღონისძიება განსაკუთრებული იყო: ზუსტად მახსოვს, 14 დღეში 1.482 ლარი შეგროვდა. რუსთავში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დავეხმარეთ. უამრავი პროდუქტი და სათამაშო ვიყიდეთ...

- რუსთავის დედათა და ბავშვთა თავშესაფარზე რატომ შეჩერდით?

- გვინდოდა, ქველმოქმედება მცირეწლოვანი ბავშვების დახმარებით დაგვეწყო. მოძიება რომ დავიწყეთ, ამ მისამართზე მოვხვდით. პატარებთან ერთად, თავშესაფარში მარტოხელა დედები ცხოვრობენ. თავშესაფარში ყველაზე უმცროსი ჩვილი 2 თვის იყო... საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ. მერწმუნეთ, მათზე მეტად გახარებულები ჩვენ ვიყავით.

- 2 კვირაში ამდენი თანხის შეგროვებას ელოდით?

- ნამდვილად არ ველოდით. 4 დღე ქუთაისში ვიყავით, 2 - გორში, დანარჩენი - თბილისში. ხალხი ძალიან დაგვეხმარა. საერთოდ, ქართველებს დიდი სიყვარულის უნარი აქვთ, სითბოს გამოხატვა შეგვიძლია - ეს ძალიან კარგია! როცა უცნობებს ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ვეუბნებით, შეიძლება, არც გვენდონ - იქნებ ვატყუებთ? ამიტომ "ფეისბუკზე" ჩვენი გვერდი გავაკეთეთ, ფლაერები დავბეჭდეთ, რომელზეც ჩვენი გვერდის მისამართია მითითებული, სადაც წერია, რომელ თვეში რა საქველმოქმედო ღონისძიება განვახორციელეთ. ფაქტობრივად, ხალხს ანგარიშს ვაბარებთ - ადამიანებმა იციან, მათ მიერ გაღებული თანხა სად მიდის. ფლაერებს ყველას ვაძლევთ, რომ სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი ნახონ, სადაც ფოტო და ვიდეომასალებს ვაქვეყნებთ. ერთმანეთის თანადგომით მადლი რომ იქმნება, ეს არის მთავარი.

- ღონისძიებებს რა სიხშირით აწყობთ?

- 2 კვირაში ერთხელ.

- დახმარების მსურველი ხალხი ისევ აქტიურობს?

- არა, აქტიურობამ ცოტათი იკლო. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც იმ ადამიანებს ხელი გვეშლება, ვინც გაჭირვებულებს მართლა ვეხმარებით. ჩვენი ორგანიზაციის წევრებს წითელი მაისურები აცვიათ, რომლებზეც "საქართველოს მადლი" აწერია, და კეპები ახურავთ... ზოგმა შეიძლება, შესაწირ ყუთში იმწუთას თანხა ვერ ჩააგდოს, ამიტომაც ფლაერებს ყველას ვაძლევთ, რომ სხვა დროს ქველმოქმედებაში წვლილი შეიტანოს. სერიოზული ქველმოქმედების გარდა, მცირე დახმარებებსაც ვწევთ: როცა ადამიანები ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეიტყობენ, დახმარების სათხოვნელად მოდიან ხოლმე. უარით ჯერ არავინ გაგვიშვია. საკვებ პროდუქტებს ვყიდულობთ და ტაქსით პირდაპირ შინ ვუგზავნით: შეიძლება, თავად, გზის ფულიც არ ჰქონდეთ და ამის თქმის მოერიდოთ... ამას წინათ მოხუცებულმა ქალბატონმა ხაშურიდან ჩამოგვაკითხა. გულიანი ბებო იყო. 75 წლის გახლდათ, მაგრამ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ჩემს ასაკს მაინც არ დაიჯერებთო, - გვითხრა და პირადობის მოწმობა გვიჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დავუჯერეთ (იცინის). საოცარი ენერგია ჰქონდა - ღმერთმა მისცეს!.. მარტოხელა გახლდათ. შვილები დაღუპული ჰყოლია. ხაშურში, "დაპურების ცენტრში" იკვებებოდა, პენსია წამლებში ეხარჯებოდა... საკვები პროდუქტების მთელი თვის მარაგი გავატანეთ. მანქანით სახლის კარამდე მივიყვანეთ. ძალიან გაუხარდა. მისი ლოცვა ჩვენს ოჯახებს, თითოეულ ადამიანს შეეწევა.

- დახმარების სათხოვნელად პატარები თუ მოდიან?

- არა. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები მოუყვანიათ. ამას წინათ ქალბატონი მოვიდა. მისი შვილისთვის ექიმებს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვამთ. საერთოდ, ძირითადად, ხალხს საკვები პროდუქტებით ვეხმარებით, მაგრამ ამ ქალბატონმა გვითხრა: მხოლოდ წამლები გვჭირდებაო. ბავშვს წამლები გავუგზავნეთ... შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვინც დახმარება გვთხოვა, უარით არავინ გაგვიშვია. საერთო ბიუჯეტს ვადგენთ. მაგალითად, თუკი თვეში 3.500 ლარი შეგროვდა, ვანაწილებთ: 1.000 ლარს ბავშვთა სახლისთვის გამოვყოფთ, 1.000-ს - მოხუცებულთა თავშესაფრისთვის, 1.500-ს - ბიუჯეტში ვიტოვებთ, რომ მცირე დახმარებები გავწიოთ. თითო ადამიანს 100 ლარზე მეტს ვახარჯავთ. ვერ აღგიწერთ, რა ბედნიერები ვართ, როცა ასეთ კეთილ საქმეს ვაკეთებთ...

- ამჟამად ორგანიზაციის საქმიანობაში რამდენი ახალგაზრდა ხართ ჩართული?

- ახლა უკვე დაახლოებით 15. დღეებს ვანაწილებთ - ვინ როდის იმუშავებს, რომ არ გადავტვირთოთ და მუშაობა ყველამ შეძლოს. საქმეს ხალისით ვაკეთებთ. ერთი ეგ არის, რომ ორგანიზაციის წევრებს ბიუჯეტიდან მხოლოდ გზისა და საკვების ფულს (2 ლარს) ვაძლევთ. ზოგი არც ამბობს, გვინდაო... 4 ადამიანი შესაწირს მეტროში აგროვებს. წარმოიდგინეთ, იქ ზოგი მგზავრი ილანძღება. დიდი ფსიქოლოგიური განწყობილება გჭირდება, რომ ასეთ გარემოში თანხა მაინც შეაგროვო. ჩვენი ახალგაზრდები საქმეს მაინც აკეთებენ. მათგან უმეტესობა მუშაობს და ქველმოქმედებისთვისაც იცლის.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ღონისძიებების გაგრძელებას ვაპირებთ. მეგობრები ვსხდებით და განვიხილავთ - სად უფრო უჭირთ, დახმარება ვის მეტად სჭირდება? ამჟამად, 3 ბავშვთა სახლის ამბავს განვიხილავთ. გვინდა, რომ ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე "გადავერთოთ". 3 კვირის წინ გლდანის შშმ ბავშვთა სახლში ვიყავით. ჩვენი მისვლა ყველგან უხარიათ, მაგრამ იქ ისეთი ბედნიერი თვალებით გვიყურებდნენ, რომ გვსურს, ეს სიხარული პატარებმა კიდევ იგრძნონ... სექტემბრიდან უფასო "დაპურების ცენტრის" მოწყობა გვსურს. თუ ვინმე გამოგვეხმაურება, დიდად მადლიერები დავრჩებით. მერიასა და საპატრიარქოს მივმართავ: 1 ადგილი გვჭირდება, სადაც უფასო სადილის გამართვას შევძლებთ. თუ ფართს ვერ გამოგვიყოფენ, კვირაში 2 დღით მაინც დაგვითმონ - ყველაფერს თავად მოვამზადებთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია