ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს

ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს

მარინე პოღოსიანი საქართველოში ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიისთვის გიდად მუშაობს. რამდენიმე თვის წინ, მაშინ, როცა საქართველოში გამომგზავრების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო, ბევრი არ უფიქრია და უცხო ქვეყანაში დასახლებას, მისი კულტურის შესწავლასა და გიდის პროფესიით მუშაობას სულაც არ შეუშინებია. ამბობს, რომ გამოწვევა მიიღო და დღეს ამით ძალიან ბედნიერია.

- პროფესიით ინგლისური ენა-ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა. გიდის პროფესია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ უკან ვიხევდი. მეგონა, თავს ვერ გავართმევდი, რადგან შესაბამისი განათლება არ მქონდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან წამოსვლა გადავწყვიტე და თავს პირობა მივეცი, რომ მხოლოდ იქ დავიწყებდი მუშაობას, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ასე დავიწყე გიდად მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ხასიათის თავისებურებამ გიდის დიპლომის არქონა გადაწონა. გიდი ხალისიანი, ტოლერანტი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს ადამიანებთან იოლად დამეგობრება, ჰქონდეს მოთმინების უნარი და ადამიანების მოსმენა. დღეს უკვე ის ადამიანი ვარ, რომელიც გიდობასთან ერთად ფსიქოლოგობასაც ითავსებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხალხი გულს იოლად მიხსნის და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მათი პირადი ცხოვრების დეტალებიც ვიცი. ხანდახან მათი თანაგრძნობა და დამშვიდებაც მიწევს. გიდობა ის პროფესიაა, რომელიც გეხმარება, სხვებსაც ასწავლო და ამავდროულად თავადაც დიდი გამოცდილება მიიღო. ანუ პროფესია მუდმივად ზრდისა და განვითარების საშუალებას მაძლევს.

როცა გიდი ხარ, ისტორიული ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამსვენებელი მეტისმეტად გადატვირთო. სიახლით არ უნდა გადაღალო და შემეცნებითთან ერთად, ტური სახალისო, საინტერესო და მხიარული უნდა იყოს. უნდა იცოდე, როდის ისაუბრო და როდის არჩიო დუმილი (იღიმის). მაგალითად, როცა ტური მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და ვხვდები, ტურისტები გადაიღალნენ, ბოდიშსაც კი ვუხდი ამისთვის. ამის გაგონებაზე სასწრაფოდ გამოცოცხლდებიან ხოლმე და თავს მშვენივრად ვგრძნობთო - ამბობენ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამსახური და პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, ერთ ადგილზე არ ვიდგე, ვიმოძრაო, შევიცვალო გარემო, შევხვდე უამრავ საინტერესო ადამიანს და ამასთან ერთად, ვიყო ძალიან ბედნიერი.

- რამდენად რთულია შენი პროფესია?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გიყვარს ეს პროფესია. გარდა კულტურული ძეგლების ისტორიისა, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობაც უნდა იცოდე, როგორი ოჯახური ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა, როგორ უყვართ, სწყინთ თუ ბრაზდებიან... თავდაპირველად მუშაობა როცა დავიწყე, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, ცოტა ხანში კი ყველაფერი შეიცვალა. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას ვიღებ და დღეს უკვე შემიძლია, კაცს შევხედო და გამოვიცნო, თუ რა ხასიათისა და ტიპის ადამიანია. თუ ტურისტი კეთილი და პოზიტიურია, მისგან სასიამოვნო ფლუიდები მოდის და იოლად ხვდები მის დადებით თვისებებს. ხანდახან კი რამდენსაც უნდა ეცადო, შესაძლოა, სტუმართან ურთიერთობა ვერაფრით ააწყო. ამასთან ერთად ენის ბარიერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შენი ენა არ ესმის, მასთან კონტაქტი რთულია და ასეთ დროს ჯობია, ზედმეტად არ შეაწუხო. ზოგადად ტურის მიზანი არა მხოლოდ ამა თუ იმ ადგილის მონახულება, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება და დამეგობრებაა. ეს კი გიდზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე საათში პატარა ოჯახს აყალიბებ.

- რამდენად იოლია, სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთთან დამეგობრება?

- ეს ტურის პირველივე წუთებიდან იწყება. ვქმნი ატმოსფეროს, რომელიც ყველას დაძაბულობას უხსნის და ეშვებიან. დროთა განმავლობაში კი ხალხს საუბარში იყოლიებ, ჯერ შენ იხუმრებ, მერე თავადაც ხუმრობენ და ასე იწყება მათი დაახლოება.

- რამდენი ხანია, გიდი ხარ?

- უკვე 3 წელია...

- რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობ და ტურებს უძღვები, როგორია შენი თბილისური ცხოვრება?

- როცა ჩემმა კომპანიამ საქართველოში ტურების მოწყობა დაიწყო, მომეცა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და საქართველოში მემუშავა. ეს ჩემთვის გამოწვევა გახლდათ და სიახლემ დიდად გამახარა. შეიძლება ითქვას, ცნობისმოყვარეობამ მძლია. დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა ისტორიული ქალაქი და ძეგლი მოვინახულე. რადგანაც რუსული ვიცოდი, ენის ბარიერი არ შემქმნია და ასე გავეცანი საქართველოს. როცა სამუშაოდ უცხო ქვეყანაში გადადიხარ, ყველაფრის ნულიდან დაწყება გიწევს და შეიძლება ითქვას, საქმეს იოლად გავართვი თავი. პირველ რიგში, ანბანის შესწავლა დავიწყე, რადგან გზის გაკვლევა ძალიან გამიჭირდა (იღიმის). დღეს ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ხანდახან მათთან ერთად გასართობადაც მივდივარ, მაგრამ ძირითადად კონტაქტი ინგლისულ ენაზე მოსაუბრე საზოგადოებასთან მაქვს.

- საქართველოში არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, ტურისტებს შორის ძირითადი განსხვავება თუ იპოვე?

- კი, თუ ევროპელი ჩამოდის საქართველოში, მას ძირითადად ქვეყნის კულტურა აინტერესებს, ამერიკელს კულტურა ნაკლებად აინტერესებს; ძირითადად საუბრობენ ყველაფერზე, თუნდაც სრულიად უაზრო და სულელურ თემაზე, მაგრამ აუცილებლად ლაპარაკობენ (იცინის). ასე რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. ზოგს ისტორია, ზოგსაც - ქალაქის ცენტრში მდებაზე ბინების ფასები აინტერესებს. ასე რომ, გიდი როცა ხარ, არა მარტო ქვეყნის ისტორია, მეტროს რუკა და ბინების ფასებიც კი უნდა იცოდე. ხანდახან მიკვირს, როცა აღმოვაჩენ, რომ იმაზე მეტი ვიცი საქართველოზე, ვიდრე აქ მცხოვრებლებმა. ხანდახან საზოგადოებას მათ თვალწინ მდებარე სიახლე ეპარება, ხან კი სულაც არ აინტერესებს. დღეს ზურაბ წერეთლის შესახებ წიგნს ვკითხულობ და როცა ჩემს ქართველ კოლეგას მის შესახებ ვკითხე, სახელიც კი არ გაეგონა. ბევრმა ტურისტმა და ადგილობრივმა მცხოვრებმაც არ იცის სტალინის არალეგალური სტამბის შესახებ, რომელიც ავლაბარში მდებარეობს. ამ სახლში რევოლუციამდე 1903-1906 წლებში პროკლამაციებსა და აკრძალულ პრესას ბეჭდავდნენ. თბილისში ძალიან მიყვარს ანჩისხატის ტაძარიც, რომელსაც მგონია, რომ სული აქვს. საუკუნეების მანძილზე ამ ტაძრის კედლებში ხალხი თავის სურვილებსა და ლოცვებს ტოვებდა. სწორედ ეს აურა ხდის ტაძარს უნიკალურს. გელათის მონასტერი ჩემი საყვარელი ადგილია საქართველოში. ამ ტაძარში დიდი ენერგია იგრძნობა.

- ყველაზე ხშირად ტურისტები რით ინტერესდებიან?

- რა ვნახოთ, სად ვჭამოთ და რა გავაკეთოთო - ძირითადად ამას კითხულობენ. სხვათა შორის, ყველას ჰგონია, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ორიოდე დღის წინ ტურისტებთან ერთად ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შესვლისას მამაომ მკითხა, მართლმადიდებელი ხარო? - არა-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ ეკლესიაში ვერ შეგიშვებო, - მითხრა. ქრისტიანი ვარ, მაგრამ არა მართლმადიდებელი. როგორც ჩანს, მამაოს უარმა ჩემი ტურისტებიც გააოცა. ეს მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა არ ვიცოდი, მათთვის რა მეთქვა.

- რა იყო ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც ტურისტებისგან მოგისმენია?

- მახსოვს, ერთი ტურისტი მთელი ტურის განმავლობაში მაჰმადიანობაზე მეკითხებოდა. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივხვდი, რა უნდოდა და ავუხსენი, რომ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში იყო, სადაც ისტორიაცა და კულტურაც ქრისტიანობაზე იყო დაფუძნებული. მერე მოვუყევი შაჰ-აბასის ლაშქრობაზე საქართველოში და ამ კაცმა ვერაფრით გაიგო, თუ რატომ არჩევდნენ ქართველები სარწმუნოების შეცვლას სიკვდილს. - მე, რა თქმა უნდა, შევიცვლიდი სარწმუნოებასო, - ამბობდა. ამ შემთხვევაში რთული იყო, მისთვის ამეხსნა, რომ მის ფესვებს არ აქვს ის დიდი ღირებულება, რაც ქართველებს სარწმუნოებისთვის თავის გაწირვას აიძულებდა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი იმას გეკითხება, რაზეც ორიოდე წუთის წინ ისაუბრე. ამ შემთხვევაში მოთმინებით ვუხსნი ერთსა და იმავეს, მაგრამ სხვა ტურისტებს ხანდახან არ ჰყოფნით მოთმინება და ჩემთან ერთად იმეორებენ იმ ისტორიას, რაც დაიმახსოვრეს, რაც ნიშნავს: - სად იყავი 5 წუთის წინ (იცინის)?

- როგორც ჩანს, შენს პროფესიას დიდი მოთმინების უნარიც სჭირდება.

- მართალია. ერთხელ მახსოვს, ჯგუფში ქალბატონი გამოგვერია, რომელიც ისრაელში გათხოვილი ირანელ-ებრაელი გახლდათ და საქართველოში მოგზაურობდა. ამავე ტურზე ჩვენთან ერთად იტალიელი ბიჭიც იყო, რომელიც თავის ქვეყანაში გიდად მუშაობდა. ამ ქალბატონმა მთელი დღის განმავლობაში იმდენი კითხვა დასვა... მე კი მოთმინებით ვპასუხობდი. თავი ისე მოაბეზრა სხვა ტურისტებს, მის გვერდით დადგომაც აღარ უნდოდათ (იცინის). დღის ბოლოს იტალიელმა გიდმა მითხრა, - შენ მაგივრად გიდი მე რომ ვყოფილიყავი, ამ ქალს აუცილებლად ვეტყოდი რამე ცუდს, დიდი მოთმინების უნარი გაქვსო. ხანდახან ხვდები, რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ სხვებთან კომუნიკაცია მოსწონთ. სომხეთში ტურის დროს უძველესი ხაჩკარის სანახავად წავედით, რომელიც დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზეა, (ხაჩკარი - ქვის სტელა გამოსახულებებით, რომელიც როგორც წესი, გზასთან, მონასტერთან, ტაძრების ფასადსა თუ მათ შიგნით მდებარეობს. - ავტ.) როგორც წესი, სასაფლაოზე ყოფნისას ძირითადად ტრადიციებზე საუბრობ, რომელიც იმ ადამიანებმა შემოინახეს, ვინც უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარაა. ამასთან ერთად ჯგუფის წევრებს ისიც ავუხსენი, რომ ქრისტიანობა კრემაციას კრძალავს. ამის თქმა იყო და ერთ-ერთ ტურისტს გაახსენდა, რომ ბიძამისს კრემაცია ჩაუტარდა და მისი ფერფლი საწყობში შეინახეს. 2 წლის შემდეგ კი დედამისს გაახსენდა, რომ იმ ფერფლის გადაყრა დავიწყებოდათ. ამიტომაც სატვირთო მანქანაზე დადო და მის მიმობნევას აპირებდა, - ის აღარ ვიცი, გადაყარა ის ფერფლი თუ ისევ მანქანაზე დევს, ამერიკაში რომ ჩავალ, დედაჩემს აუცილებლად ვკითხავო (იცინის)?! - ამბობდა. ამ დროს ერთი ფილმი გამახსენდა, რომლის გმირსაც მამამისის ფერფლი "ნესკაფეს" ყუთში ჩაეყარა და მოგზაურობისას თან წაეღო, რომ ამერიკაში დიდ კანიონზე მოებნია. ერთ დღესაც ყავის სმის დროს მეგობარს ჰკითხა, - რა ყავაა, რა ცუდი გემო აქვსო? მეგობარმა კი გაუმხილა, - იცი, ჩემი ყავა გათავდა და შენ რომ "ნესკაფე" გქონდა წამოღებული, ყავა იმით მოვამზადეო.

- მოდი, აზიელებზეც მომიყევი, როგორი ტურისტები არიან?

- ფოტოების გადაღება უყვართ. ფილიპინელ მოგზაურებზეც იმავეს ვიტყოდი. სასაფლაოზეც კი ფოტოებს იღებენ სხვადასხვა პოზაში. არიან ადამიანები, რომლებიც არქიტექტურული ინტერესის გამო ჩამოდიან სომხეთსა და საქართველოში. არიან ისეთებით, რომელთათვისაც სვეტიცხოველი ერთი მორიგი ეკლესიაა და მეტი არაფერი. ხშირად მოისმენთ კიდეც მსგავს საუბარს, - მგონი, მთელი ცხოვრებისთვის საკმარისი ეკლესიები ვნახეო.

- შენთვის, როგორც გიდისთვის, რა სახის ტურებია საინტერესო?

- ძირითადად კულტურული ძეგლების გიდი ვარ. ძალიან მიყვარს ფეხით მოგზაურობა მთაში, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. გრძელვადიანი მოგზაურობისთვის ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ყოველდღე მთაში სიარული ჩემთვის საკმაოდ რთულია. მიყვარს ადრენალინის მომტანი გართობა, ვერტმფრენიდან პარაშუტითაც კი ვარ გადმომხტარი.

- მარინე, რამე თუ გაკვირვებს საქართველოში?

- კი, ძალიან მიკვირს, როცა ამდენ მწეველ ქალბატონს ვხედავ. ასევე საქართველოს ბუნებაც ძალიან მაოცებს. ჩემსა და თქვენს ქვეყანას შორის მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, დიდი განსხვავებაა. ქართველი ქალები უფრო ბუნებრივები არიან, ერევნის ქუჩებში ბევრ მოვლილ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ ქალს შეხვდებით. სიმართლე გითხრათ, მე ამ სტილის მატარებელი არ ვარ, მაგრამ გამოწყობილი ქალების ყურება თვალს ახარებს. კიდევ, აქ მომსახურების სფერო დაბალ დონეზეა. საქართველო ძალიან მომწონს. ხალხსაც დიდ პატივს ვცემ და ბუნებაც ძალიან მიყვარს. აქ თავს უცხოდ სულაც არ ვგრძნობ.

- ალბათ ბევრი უცნაური ტურისტის მნახველიც გამხდარხარ...

- ერთი მათგანი მახსენდება: როცა დილით ყველა ტურისტი ავტობუსში ჩაჯდა, ერთ-ერთმა მამაკაცმა კოსმეტიკის ჩასადები ჩანთა ამოაძვრინა და მაკიაჟის კეთება დაიწყო. - დღეს ბევრი ფოტო უნდა გადავიღო და ჩემი თავი მაშინ უფრო მომწონს, როცა მაკიაჟით ვარ ფოტოზე აღბეჭდილიო. ექსკურსიის ბოლოს კი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს ტაქსიში უნდა გადამჯდარიყო, რადგან სომხეთში აპირებდა წასვლას. როცა მისთვის ტაქსი დავიქირავეთ, მომიბრუნდა და, - გეხვეწები, არ დამტოვოო, ხელზე ჩამომეკიდა. მერე მითხრა, ტაქსის მძღოლს უთხარი, რომ კაცი ვარო (იცინის). ბევრი ხალისიანი ტურისტი გვყოლია. მახსოვს, ერთხელ ტურისტებს საჭირო ოთახთან გავუჩერეთ, ერთ-ერთი მათგანი ტუალეტს გარშემო ურბენდა და, - რას აკეთებთ, არ დამიმალოთ, აუცილებლად მითხარითო, - შიგნით მყოფებს უყვიროდა (იცინის).

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია