პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთმა აღიარებით საქართველო შიშებისა და ვალდებულებებისგან გაათავისუფლა

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთმა აღიარებით საქართველო შიშებისა და ვალდებულებებისგან გაათავისუფლა

რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საქართველო შიშებისა და ვალდებულებებისგან პრაქტიკულად გაათავისუფლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის 26 აგვისტომდე საქართველოს თავზე "დამოკლეს მახვილივით" ეკიდა, აღიარებდა თუ არა რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

"ეს იყო წლების განმავლობაში მუდმივად. რუსეთის სათათბირო რაღაცეებს მიიღებდა, შემდეგ პრეზიდენტი ვითომ უარყოფდა და მოსკოვს მუდმივად ვყავდით დაძაბულობაში. 2008 წლის მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი, რა თქმა უნდა, არის ეს აღიარება და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთს არ უნდოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და აღიარა კიდევაც მედვედევმა, რომ ამით მათ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა გააჩერეს. მაშინ შეიძლება რუსეთმა ამას ხელი შეუშალა, მაგრამ საქართველო უფრო მეტად მიხვდა, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია დარჩეს იმ სივრცეში, სადაც რუსეთი დომინირებს", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, რუსეთმა ამ აღიარებით კიდევ უფრო მეტად დაკარგა ის ბერკეტები, რომლებითაც საქართველოს თავის არეალში დატოვება სურდა და "ხელში შერჩა" აფხაზები და ოსები, რომლებიც ასევე "ვერ იტანენ რუსებს".

"უბრალოდ, მაშინ მათ საქართველოსი უფრო მეტად ეშინოდათ. იმ ფონზე, რომ საქართველო შეიცვლება და უფრო მიმზიდველი გახდება აფხაზებისა და ოსებისთვის, რუსეთის საფრთხე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მათთვის. საქართველოს განვითარება არის გარანტია იმისა, რომ ეფემერული და უაზრო გახდეს მათი ვითომდა რუსეთის მხრიდან აღიარება. ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ რისკს, ჰქონდეთ არჩევანი აფხაზებს და ოსებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავუტოვებთ მათ შანსს, ჰქონდეთ არჩევანი განვითარებულ საქართველოსა და იმდროინდელ რუსეთს შორის. ამას სჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო არის 7-8 წელიწადი, რომელიც ყველამ უნდა მოვითმინოთ", - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა