წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

ქართულ კანონმდებლობაში, იურისტთა შეფასებით, ბევრი ალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი კანონია. თუმცა, ასევე გვხვდება კანონები, რომლებიც თავისი შინაარსით კურიოზულია, ან ისე არის ფორმულირებული, რომ ღიმილს იწვევს.

"მთელი კვირა" რამდენიმე ასეთი კანონის განხილვას გთავაზობთ.

წარუმატებელი თვითმკვლელობა

თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობისთვის საქართველოში დაწესებულია სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი. ადვოკატთა თქმით, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური პრობლემებია.

როგორც იურისტთა ასოციაციის წევრი გრიგოლ გაგნიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, ამ დანაშაულისათვის სხვა, უფრო შესაბამისი სანქცია უნდა იყოს დაწესებული.

"ეს კანონი განსაზღვრულია იმისათვის, რომ დამატებითი წყარო მიიღოს ხელისუფლებამ. თუ ადამიანი არ მუშაობს, ის გადახდისუუნაროა და მას ვერანაირად ვერ გადაახდევინებენ ჯარიმას, ამის გამო კი ციხეში არავინ ჩასვამს. არ შეიძლება 500-ლარიანი ჯარიმა იყოს ამ დანაშაულის შესაბამისი სანქცია. სახელმწიფომ პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უნდა შეძლოს," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი როლანდ ასაკაშვილი კი ამ კანონის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"პირველ რიგში უნდა გაირკვეს რის გამო მოხდა ეს - თუ ადამიანმა ბანკის ვალის ან სხვა რაიმე ფინანსური პრობლემის გამო სცადა თვითმკვლელობა და ამას დაადგენს გამოძიება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯარიმის დაკისრება კი არა, რეაბილიტაციის საშუალება უნდა არსებობდეს," - განაცხადა როლანდ ასაკაშვილმა.

ფსიქოლოგი ქეთი ჭყოიძე კი მიიჩნევს, რომ ეს კანონი სახიფათოა, რადგან თვითმკვლელობის პრევენციას კი არ ახდენს, არამედ პირიქით - შესაძლოა თვითმკვლელობის ახალი ცდის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.

"სუიციდის განხილვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გენეტიკას, ფსიქიკურ სიჯანსაღეს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მდგომარეობას. თუკი ადამიანი არის სუსტი ფსიქიკის მქონე, მაშინ ის ადვილად დგამს ამ ნაბიჯს. ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფსიქიკურად ჯანსაღი არაა. ამიტომ მას თუ 500 ლარით დააჯარიმებენ, ეს არაფერს შეცვლის და შეიძლება მეორე დღეს იგივე გაიმეოროს.

"500 ლარით დაჯარიმება არ ნიშნავს პრევენციას, პირიქით, შეიძლება უფრო გახშირდეს სუიციდი. ქვეყანა სხვანაირად უნდა მიუდგეს ამ საკითხს", - ამბობს ფსიქოლოგი.

ადამიანის მსგავსი არსება

სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლი სახელწოდებით, გენეტიკურ მანიპულაციებს ეხება და მასში ნათქვამია, რომ საქართველოში "ადამიანის მსგავსი არსების შექმნა" ისჯება თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით.

ამ კანონთან დაკავშირებით, იურისტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ისინი თანმხდებიან იმაში, რომ კლონირება და გენური მანიპულაცია დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მუხლის შინაარსი, გარდა იმისა, რომ კურიოზულად ჟღერს, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან არსად არაა განმარტებული, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს "ადამიანის მსგავს არსებად".

როგორც ადვოკატი და "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, საერთაშორისო ხელშეკრულებებით კლონირება აკრძალულია. საქართველო შეუერთდა ამ ხელშეკრულებას, იკისრა ეს ვალდებულება და თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა ესეთი მოქმედება.

"დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი რამ არ მომხდარა. მიმაჩნია, რომ ცუდად არის ამ კანონის ინტერპრეტაცია გაკეთებული. ბევრი ბუნდოვანი რამ არის ჩადებული, რადგან ეს დღეს ჩვენთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი," - ამბობს "კონსტიტუციის 42-2 მუხლის" იურისტი როლანდ ასაკაშვილი.

"13 წელია ადვოკატი ვარ და ამ ნორმით გასამართლებული არავინ მინახავს. კანონმდებლებმა ამ მუხლის ჩადებით მხოლოდ პრევენციული ზომები მიიღეს, რათა არ მომხდარიყო "შავი ბაზრის" განვითარება ფარული ლაბორატორიის სახით. გენეტიკური მანიპულაცია დაფარულ ლაბორატორიებში მიდის, სადაც ადამიანის მსგავსი არსების შექმნაზე მუშაობენ. საქართველოში და ევროპაში გენეტიკური მანიპულაცია აკრძალულია, მაგრამ ამბობენ, რომ ეს მომავლისთვის არის გათვალისიწინებული, თითქოს 2020 წლამდე შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება, თუმცა, ეს ცოტა აბსურდულია," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით

სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლში ნახსენებია მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული მოთხოვნით და მისი ნების შესაბამისად მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლება, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. ამაზე იურისტები ამბობენ, რომ ეს კანონი შინაარსობრივად დასახვეწია.

"მე ამ იდეას არ ვემხრობი, მაგრამ კანონით აკრძალვა დასაშვებია, თუმცა, ინდივიდუალურად უნდა იყოს შემთხვევა გამოკვლეული. ზოგიერთ ქვეყანაში ეს არ არის აკრძალული," - ამბობს ლია მუხაშავრია.

"ასეთი რამ არ შეიძლება, მაგრამ არის მომენტი, როცა ადამიანი განუკურნებელი დაავადებით დაავადებულია და ყველანაირი მკურალობა ამოწურულად ითვლება. სწორედ მაშინ ითხოვს ამგვარ დახმარებას. კანონამდებლობა ამ შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს მის აზრს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ცოტა დასახვეწია," - ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

შიდსის შეყრის საფრთხის შექმნა

სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მართალია, შიდსის განზრახ შეყრა დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს, მაგრამ "შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შემქმნა" ცოტა კურიოზულად ჟღერს.

"ის, ვინც შიდსითაა დაავადებული, მას განმარტებას აძლევენ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სხვა ადამიანისთვის. ისინი არიან გაფრთხილებულნი, რომ შიდსის გადამდები ქმედებებისგან თავი შეიკავონ, მაგრამ თუკი გაფრთხილებულია და მაინც შევა კონტაქტში სხვა ადამიანთან, სისხლს უსხამს ან სქესობრივი კავშირი ექნება, მაშინ ის უნდა დაისაჯოს ამ მუხლით.

"მაგალითად, შიდსით დაავადებული ვალდებულია ექიმს უთხრას ამის შესახებ მაშინ, როდესაც იტარებს ისეთ მანიპულაციას, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის მთლიანობის დარღვევასთან, ან სისხლთან კონტაქტის დროს. თუ ქირურგი ატარებს ოპერაციას და არ იცი, რომ მისი პაციენტი შიდსითაა დაავადებული, შესაძლოა გაეჭრას ხელი და თვითონაც დაინფიცირდეს. ბევრი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული სამყაროში," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

"დღევანდელი საინფორმაციო საშუალებებით ხშირად არის გადმოცემული, თუ რა გზით შეიძლება იყოს ეს განუკურნებელი დაავადება მეორე ადამიანისთვის სახიფათო. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი განზრახ იქცევა ისე, რომ სხვას გადაედოს ეს დაავადება უნდა დაისაჯოს," - ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

ბავშვის შეცვლა

სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლში საუბარია ბავშვის შეცვლაზე ანგარებით ან სხვა გრძნობით, რაც ისჯება ჯარიმით, ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. იურისტები ვერ იხსენებენ, იყო თუ არა ამის პრეცედენტი საქართველოში.

"თუ ეს შემთხვევა გამოვლინდა, ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს, ეს პირი კი მოხვდება ციხეში. 3-დან 5 წელი ცოტა არ არის ასეთი ადამიანის დასასჯელად," - ამბობს ლია მუხაშავრია.

თუმცა, იურისტი როლანდ ასაკაშვილი ამ კანონის გამკაცრებას ითხოვს.

"მარტო თანამდებობის დატოვებით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგან აქ არსებობს მთელი რიგი პროცედურები, რითიც უნდა იყოს ეს თავიდან აცილებული. ის ადამიანები უნდა აკეთებდეს ამას, ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ეს ქმედება განზრახ თუა უფრო უნდა იყოს გამკაცრებული კანონმდებლობა, თუმცა შეიძლება პირმა თქვას, რომ ეს ჩემდა უნებურად მოხდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ეს პრობლემა," - განაცხადა როლანდ ასაკაშვილმა.

რა არის "ცივი იარაღი"

21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან ნარკოტიკების მომხარებელი ცივი იარაღის ტარებისას ისჯება ჯარიმით, ხოლო ვინც ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. ეს კანონი უცნაური მაშინაა, როდესაც ცივი იარაღის განმარტებას ვგებულობთ.

"ეს კანონი ბუნდოვანია. მართალია, არ უნდა ატაროს ადამიანმა ცივი იარაღი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით ნებისმიერი ჩანგალი, დანა არის ცივი იარაღი. რადგან ექსპერტიზა თვლის ნებისმიერ საგანს ცივ იარაღად ეს კანონი ცოტა უცნაურადაც ჟღერს. ცივი იარაღი უნდა იყოს განსხვავებული რამ და არა ის, რისი ყიდვაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვიძლია ,"- ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

"ეს მუხლი სააკაშვილის პერიოდშია ჩადებული, ახალგაზრდები არაინ არაორდინალურები, მათ დანის თამაში უყვართ. ეს მუხლი შემაკავებელი რომ ყოფილიყო იმიტომ ჩაიდო. თუმცა, სააკაშვილის პერიოდში სანქციები იქცა ბიუჯეტის შევსების წყაროდ და ამ შემთხვევაშიც ეს მუხლიც ამას ემსახურებოდა. ახალგზარდას რომ დაიჭერდნენ მერე საპროცესოში უფრო მეტ თანხას მოთხოვდნენ ხოლმე," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში წერია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რაშიც იგულისხმება წვალება, დამახინჯება, მოკვლა, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით. მეორედ განმეორების სემთხვევაში კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლში მითითებული არ არის, ვრცელდება თუ არა ეს კანონი იმ ცხოველებზე, რომლის ხორცსაც საკვებად მოვიხმართ. თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ არ ვრცელდება. მაგრამ, როგორც ცნობილია ზოგიერთი ერისა და კულტურის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა ცხოველის ხორცი მიიჩნევა საკვებად. შესაბამისად, ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე, ვქვათ, ვიეტნამურ რესტორანს თუ გახსნის და რომელიმე ტრადიციული ვიეტნამური კერძის მოსამზადებლად ძაღლს დაკლავს, იგი კანონით დაისჯება.

"ადამიანი რომ უპატრონო ძაღლს ქვებს ესვრის, ჩაკეტავს და სასმელ-საჭმელს არ მისცემს, ეს ჩაითვლება დანაშაულად და კანონმდებლობა სჯის ამის ჩამდენს. თუმცა ამის ფაქტები დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე ცოტაა, ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

"ეს მუხლიც ახალი ჩადებულია. სასტიკ მოპყრობაში ნაგულისხმევია კატის და ძაღლის დასახიჩრება, ხეზე ჩამოკიდება. ის ცხოველები, რომლებსაც საკვებად გამოვიყენებთ, არ სახელდება მათ სიაში, თუმცა, არ მახსოვს ვიღაცამ ძაღლს ფეხი მოაჭრა და დაიჭირეს. ეს მუხლი არის საქართველოში გადმოტანილი. ამ ნორმამ შეიძლება არ იმუშავოს საქართველოში, მაგრამ ევროპაში მუშაობს.

"მართალია რაში გვჭირდება კანონი რომელიც არ სრულდება, მაგრამ ეს არის საერთაშორისო რატიფიცირებული დოკუმენტების მიხედვით და იმ ნორმების ჩადება ხდება დღევანდელ კანონმდებლობაში, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირისათვის," - აღნიშნავს გრიგოლ გაგნიძე.

სალომე აბულაძე

გაზეთი "მთელი კვირა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ