"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

უკანონო მოსმენა, ცნობილ ადამიანებზე კომპრომატების მოპოვება, ძალადობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. ხელწერა ყველა სისტემაში ერთნაირი იყო, თუმცა წინა ხელისუფლების მესვეურები მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის, რაც ხდებოდა, სისტემური დანაშაული არ იყო. "კვირის პალიტრას" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ესაუბრა:

- ვერ ვიტყვით, 24 ათასი ფარული ჩანაწერი ბევრია თუ ცოტა. რაოდენობა არაფერს ნიშნავს, რადგან აუცილებელია, ვიცოდეთ, რამდენია ლეგალური და რამდენი - არალეგალური. შესაძლებელია, ერთ ადამიანზე ყოველდღიურად ას ჩანაწერს აკეთებდნენ. უნდა ვიცოდეთ, როგორ დათვალეს, ერთ პირზეა რამდენიმე ჩანაწერი თუ 24 ათას ადამიანზეა მასალა.

- იცოდით, რომ ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდა?

- უამრავი ფარული ჩანაწერი კეთდებოდა და რაც ლეგალური იყო, ვიცოდი.

- არალეგალურ ჩაწერას ვინ ბედავდა, ნუთუ მინისტრის გარეშე შეიძლებოდა თვალთვალი და კომპრომატების მოპოვება?

- ისინი, ვის შესახებაც ჩანაწერები არსებობს, მერაბიშვილის მეგობრები არიან. ცხადია, ამის ჩამდენი პირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იყვნენ მოკალათებული. კონკრეტულად ვისი დავალებით კეთდებოდა ეს, არ ვიცი.

ცუდია, როცა შს სამინისტროში არის დანაყოფი, რომელიც უთვალთვალებს მინისტრის უახლოეს გარემოცვას.

- გინდათ თქვათ, რომ ახალაია იდგა ამის უკან? მერაბიშვილი და ახალაიები დაპირისპირებული იყვნენ?

- ამას არ ვადასტურებ. განცხადება რომ გავაკეთო, დაპირისპირებული იყვნენ და ჩანაწერებს ამიტომ აკეთებდნენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მტკიცებულებები ხომ უნდა მქონდეს?

- სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე აღბეჭდილიც სამინისტროში იგეგმებოდა?

- როგორც ირკვევა, ამ საქმეებში მეგის ქარდავაა ბრალდებული. ფირები 2011 წლით თარიღდება. ამ დროს ქარდავა ჯერ სამხარეო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში, მერე კი სამხედრო დაზვერვის უფროსი გახდა.

- თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული?

- თუ სამეგრელოს ამბები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს არ არის სისტემური პრობლემა. ჩემი აზრით, მსგავსი უსამართლობა ჩაიდინეს იმიტომ, რომ ვიღაცები სხვების კარგად მუშაობის გამო გაბოროტდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ტერაქტები გახშირდა, რამდენიმე სამეგრელოშიც მოხდა. თბილისში მომხდარი შემთხვევები გაიხსნა და ჩატარდა გამოძიება. ამის შემდეგ სამეგრელოში ვიღაცამ ჩათვალა, რომ თბილისელები საქმეებს იძიებენ, ისინი კი ვერაფერს აკეთებდნენ... უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და აღიარების მოპოვებას ცდილობდნენ. მათთვის ეს არავის დაუვალებია, ამიტომ სისტემურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა