SOS - საკვები ქუჩიდან...

SOS - საკვები ქუჩიდან...

დიდუბის ავტოვაგზლის ხშირი სტუმარი თუ არ ხართ, ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ალბათ ამ ტერიტორიაზე (ან თუნდაც, სხვა დიდი ქალაქის ვაგზალზე, ნებისმიერ ბაზრობაზე...) და იმისი მომსწრეც გამხდარხართ, თუ როგორ გადმოდიან იერიშზე ადამიანები, რომლებიც ხელით დაატარებენ ათასგვარ ნივთს და საკვებ პროდუქტსაც, ძირითადად, ე.წ. ხაჭაპურსა და ლობიანებს, რომელთა საეჭვო ხარისხის შესახებ არაერთხელ დაწერილა და ახლა ამაზე აღარ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ამჯერად, ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ და როგორ გვთავაზობს საკვებ პროდუქტს, რამდენად იცავენ ჰიგიენის ნორმებს ის მოვაჭრეები, რომლებსაც დაუფიქრებლად ვანდობთ თავსაც და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობასაც, როცა მათგან დაუფიქრებლად შეძენილი საკვებით დანაყრებას ან სხვების გამასპინძლებას გადავწყვეტთ...

მაგალითი პირველი: დიდუბის ავტოვაგზალი. სამარშრუტო ტაქსის ფანჯრიდან ვხედავ, როგორ "ხმაურიანად" იხოცავს ცხვირს საშუალო ხნის ქალბატონი და არც მოსდის აზრად ცხვირსახოცის მოძებნა. სველ თითებს პირდაპირ წინსაფრის კალთებზე იწმენდს და ამის შემდეგ ამოდის ჩვენს სამარშრუტო ტაქსიში, თან - იმავე ხელით, წეღან რომ ცხვირი მოიწმინდა, ორთქლავარდნილ ხაჭაპურებს ადგილს უცვლის და გვახარბებს: - "აბა, მიირთვით, სანამ ცხელია, უგემრიელესი ხაჭაპურიიი..." ვიღაცამ იყიდა. თავს უხერხულად ვგრძნობ: მყიდველს ვერ ვეუბნები, რაც ცოტა ხნის წინ დავინახე...

მაგალითი მეორე: ისევ დიდუბის ავტოვაგზალი. ასაკოვან ქალს ტრანსპორტში ამოაქვს საკვები გასაყიდად და მნიშვნელობა აღარ აქვს, რა უდევს "პოდნოსზე", რადგან აშკარად, ხელები აქვს სოკოთი დაავადებული - კანი ერთიანად დაწითლებული და აქერცლილია.

ქალბატონმა სულ მალე იპოვა ადამიანი, რომელმაც მის მიერ მიწოდებული ცომეული შეიძინა.

მაგალითი მესამე: ქუთაისის ავტოვაგზალი. გამყიდველი ქალი რაღაცას გამოედო და წაიქცა, ხაჭაპურები და ლობიანები ქუჩაში გაებნა. თავს აღარ დაეძებს, გასაყიდ პროდუქტს სასწრაფოდ კრეფს და ყუთში ალაგებს, ზოგს სულს უბერავს, ზოგს კი ჭუჭყიან ადგილებს აცლის - თავისი ჭკუით, ასუფთავებს. აღშფოთებული გამვლელები სიბრაზეს ვერ ვფარავთ. ერთ-ერთი ჩვენგანი ვერ ითმენს და ეჩხუბება: რას შვრები, ქალო, დაუყარე ეგ ხაჭაპურები უპატრონო ძაღლებს, ადამიანებზე აპირებ ამ დაბინძურებული ცომეულის გასაღებას?!

- ეს რომ ძაღლებს ვაჭამო, ორი დღე პურს ვეღარ მივიტან სახლში და თქვენ არჩენთ ჩემს დამშეულ ბაღნებს?! - გვიღრენს მართლა ძაღლივით და რადგან ხვდება, რომ ჩვენ ვეღარაფერს შემოგვასაღებს, განზე დგება იმის მოლოდინში, როდის წავა ჩვენი ავტობუსი...

- იქნებ პატრულს ვუთხრათ, რომ არ მისცეს ამ ხაჭაპურების გაყიდვის უფლება?! - ვერ ვისვენებ, მაგრამ არავინ მიჭერს მხარს და ჩემდა სამარცხვინოდ, მეც ვჩუმდები. უკვე ვიცი, მშიერიც რომ ვკვდებოდე, ქუჩის გამყიდველისგან არასოდეს არაფერს ვიყიდი, მაგრამ სხვები რომ იყიდიან?!

არაერთხელ გავმხდარვარ იმისი მომსწრე, როგორ აწიოკებენ ქუჩის მოვაჭრეებს პოლიციელები და ისინიც დროებით მიიმალებიან, მაგრამ სამართალდამცველი თვალს მიეფარება თუ არა, ისევ გამოეფინებიან ქუჩაში. გეფიცებით, მესმის ამ ადამიანების და მათ თანავუგრძნობ კიდეც - ქუჩაში გამოსვლა და წანწალი არავის უხარია, მაგრამ რა დააშავა ხალხმა, ვისაც საშუალება არ აქვს, ძვირად ღირებულ კაფეში, "ბისტროში" შევიდეს წასახემსებლად და ვერც მშიერი მოიკლავს თავს, ამიტომ იძულებულია, საეჭვო სერვისით ისარგებლოს და რაც ზემოთ მოგიყევით, იმისი მსხვერპლი გახდეს?..

გვესმის, რომ ღარიბი ქვეყანა გვაქვს და ჯერ კიდევ არ დამდგარა საყოველთაო კომფორტზე ფიქრის დრო, მაგრამ რა მოხდება, რომ ქუჩის მოვაჭრეებს ელემენტარულად მაინც "დავუპირისპირდეთ" და თუნდაც, იგივე იაფი პროდუქტი პატარ-პატარა გადახურულ დახლებზე, პირდაპირ ტრანსპორტის ბაქანთან ან ბაზრობებთან ახლოს გავყიდოთ, გამყიდველებს კი ჰიგიენის წესების დაცვა და ხელთათმანის მორგება სავალდებულო წესად ვუქციოთ?..

გამოსავლის ძიებაში მგონი, საკმაოდ საინტერესო ბიზნესიდეა გავახმოვანე და ალალი იყოს მასზე, ვინც გაითვალისწინებს და ჭკვიანურად გამოიყენებს. ოღონდ ხალხის მომსახურების დონე გაიზარდოს და გეფიცებით, არც წილს მოვთხოვ საქმის გამკეთებელს და არც საავტორო უფლებებზე შევედავები, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის რესტორანზე უკეთესი შემოსავალი ექნება კარგად შეფუთულ სწრაფი მომსახურების სერვისს მგზავრებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თუ თავად არ მივაკითხავთ მისთვის მოსახერხებელ ადგილას, დროის დეფიციტის გამო შეიძლება, არც გაახსენდეთ სადილობა...

მართლა არ შეიძლება, წვრილმან პრობლემად ჩაითვალოს ზემოთ ხსენებული მაგალითები და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და ქართველებს ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია. ნუ ვიქცევით ისე, თითქოს ევროპა მხოლოდ საქართველოს ის ნაწილია, სადაც რიგით მოქალაქეს არაფერი ესაქმება. ეს "რიგითები" ხომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვართ...

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია