"იმის მტკიცება, რომ სირიის კონფლიქტი საქართველოზე "გადმოვა", უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება"

"იმის მტკიცება, რომ სირიის კონფლიქტი საქართველოზე "გადმოვა", უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება"

"მომავალ წელს ზუსტად ამ დროს პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი შესრულდება. მაშინაც ყველაფერი ასევე თითქოს მსოფლიო ომის დასაწყებად არასაკმარისი საბაბით დაიწყო," - აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი რევაზ გაჩეჩილაძე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

- ის, რაც სირიაში ხდება, კომპლექსური სამოქალაქო ომია, რომელსაც მრავალი მონაწილე ჰყავს. იქ არა ორი, არამედ რამდენიმე დაპირისპირებული მხარეა. ამიტომ, ძალიან რთულია გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. დასავლეთის და სხვა ქვეყნების ჩარევა ამ ვითარებაში სირიას არ დაეხმარება. პირიქით, ცუდი იქნება როგორც სირიისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაბედავენ და როგორღაც ჩაერთვებიან. საუბარი იმაზე, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ჯერჯერობით ლაპარაკად რჩება, ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ქიმიური იარაღი რომელიმე მხარემ გამოიყენა. მაგალითად, მთავრობამ, რომელსაც აბრალებენ, მაგრამ ამ ბრალდებას დამტკიცება უნდა. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ოპოზიციამ ჩაიდინა, რომელსაც პროვოკაციები სჭირდება, რომ როგორმე გარე ძალები ამ ვითარებაში ჩართონ. ამიტომ, იქამდე, სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, მსოფლიოს ლიდერებმა ალბათობაზე დაყრდნობით არ უნდა იმოქმედონ.

- ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთისა და ამერიკის სამხედრო ხომალდები შევიდნენ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლეთი გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადება?

- ამერიკის ხომალდები არა მარტო ხმელთაშუა ზღვაშია. შტატებს თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო საავიაციო ბაზებიც აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ სირიის პრობლემა ამან გადაწყვიტოს. საქართველოს უშუალოდ ეს კონფლიქტი არ ეხება. ლაპარაკი იმაზე, რომ ომი გადმოვა საქართველოზე, უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება, რაც უადგილოა.

ამიტომ, ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ უბრალოდ წუხილით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რადგან ეს არის უბედურება - თითქმის 2 მილიონი ლტოლვილია, 100 ათასი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დახეიბრდა. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება. რასაკვირველია, ყველა ომი საშიშია, მაგრამ უშუალოდ საქართველოზე... პანიკის დათესვა საჭირო არ არის. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ამ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა.

- არსებობს მოსაზრება, რომ სამოქალაქო ომის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საქართველო დერეფნად გამოიყენოს...

- მოსაზრება, რომ კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში რუსეთმა საქართველო შესაძლოა დერეფნად გამოიყენოს, სრულ უაზრობაზეა დაფუძნებული. გადახედონ რუკას. მაგათ თუ რაღაც სჭირდებათ. სხვა საბაბს გამონახავენ... ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ დათესილი პანიკა, რომელთაც სურთ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე ყველანაირ უპასუხისმგებლო ქმედებებში ჩართონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE - "ნიუსრუმის" სტუმარია "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია

LIVE - ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია