როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს

როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს

"ცელქი და ხულიგანი ნამდვილად არ ვყოფილვარ, პირდაპირ ეთერში ვჩხუბობ მარტო, ეტყობა კამერები მოქმედებს ცუდად" , - მითხრა ინტერვიუს დროს კობა დავითაშვილმა. ხუთი ბიჭის მამას უფროსი, 15 წლის ვაჟი "მაესტროს" ეთერში სერგო რატიანთან დაპირისპირების დროს თურმე ტელეეკრანთან გულშემატკივრობდა. ერთი თვის წინ პარლამენტარმა "ქართული ოცნების" რიგები დატოვა და საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინა. თუმცა დღეს მასთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. ამჯერად კობა დავითაშვილის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადავავლეთ თვალი.

- დავიბადე 1971 წელს თბილისში, ნაძალადევში, პირველ სამშობიაროში. 5 წლის ასაკამდე ნაძალადევში ვცხოვრობდი, პატარა ბაზრის უკან, ჩაპაევის პირველ შესახვევში. მამაჩემი, რომან დავითაშვილი, რკინიგზის მემანქანე იყო, ბინა მივიღეთ დიდუბეში და მას მერე იქ ვცხოვრობთ. თავიდან ვიწროდ ვცხოვრობდით, საერთო სამზარეულო და აბაზანა გვქონდა მეზობლებს. მერე ერთი მეზობელი რუსეთში წავიდა და მისი ბინა შევიერთეთ, მეორე მეზობლის ბინაც შევიძინეთ და ასე გავფართოვდით. ბოლოს ხუთოთახიანი ბინა გამოვიდა. მამაჩემს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. პოლიტიკაში იყო ჩართული. ამის გამო მეც საპარლამენტო ცხოვრებაში სტუდენტობიდან ჩავერთე. დედაჩემი, ნელი ჯანეზაშვილი, ეკონომისტი გახლავთ. დასუფთავების სამსახურში მუშაობდა ეკონომისტად. ჩემი დაბადება ფრიად რთული საქმე აღმოჩნდა. ქორწინებიდან 7 წლის თავზე გავჩნდი. სამი თვის ასაკში ერთდროულად შემხვდა ყივანახველა, ყბაყურა. კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, ენა მივარდებოდა, ვლურჯდებოდი. ეტყობა, აცრა ვერ მოასწრეს ჩემმა მშობლებმა. პირველად მაშინ გადავურჩი სიკვდილს. ვირის რძემ მიშველა. მერე ჯანდაცვის მინისტრსაც ვკითხე ამ წამლის შესახებ და გამომიტყდა, ზოგჯერ სახალხო მეთოდი უკეთ ჭრის, ვიდრე მედიკამენტებიო. მოკლედ ვირი მყავდა ძიძის როლში. აი, შედეგიც (იცინის), ეს აისახა ჩემი ხასიათის თვისებებშიც.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან, რომელი უფრო იჩენდა სიმკაცრეს?

- დედა უფრო მკაცრი იყო, თუმცა მე ჯიუტი ვიყავი და არ ვეპუებოდი. ვირის დამსახურებაა, რომ მასმევდნენ რძეს, აბა რა ეგონათ?! თქვენ გგონიათ, დღეს დამანებეს თავი? დღესაც მარიგებენ ჩემი მშობლები, რაც მაშინაც ნერვებს მიშლიდა და დღესაც.

- დღეს რაღას გარიგებენ?

- ყველაფერს. პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, ოჯახით დამთავრებული.

- საპრეზიდენტო კანდიდატობაც დაგიწუნეს?

- თავიდან კი. ახალ შარში ყოფ თავს, წყნარად გეცხოვრა ჯობდაო, მითხრეს, ინერვიულეს.

- ბავშვობას დავუბრუნდეთ...

- კითხვა მიყვარდა, ძალიან ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ. სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად ვაკითხავდი. თუმცა სკოლის პროგრამა არ მაინტერესებდა. სექტემბერში წიგნებს რომ დაგვირიგებდნენ, ორ კვირაში ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, როგორც საკი-თხავი წიგნი და ხელახლა წაკითხვა მეზარებოდა.

- ვის ჰგავხართ ხასიათით?

- ორივეს. სიმართლის პირში თქმა დედისგან მაქვს. მამაჩემი უფრო დიპლომატიურია ურთიერთობაში. მამისგან ალბათ პოლიტიკისკენ, საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მიდრეკილება გამომყვა. მაშინ მამა დეპუტატი იყო. მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მალე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გადავედი. პარალელურად ბიზნესის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი. ეროვნული მოძრაობის დასში მოვხვდი. ამ დასში იყვნენ ვახტანგ ხმალაძე, დავით უსუფაშვილი, ლადო ჭანტურია, რეზო შავიშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი. ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მიტინგებს კი არ მართავდა, კანონპროექტებსაც წერდა. იყო დრო, როცა მამაჩემს პარლამენტში გამოსვლის წესებს ვუწერდი.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ჩემს მშობლებს უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი. მე ბავშვობიდან ამბიციური ვიყავი. პოლიტიკა თავიდანვე მაინტერესებდა. ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ბიოგრაფიებს ვეცნობოდი. ექიმობა არ მინდოდა, სისხლის მეშინია, კბილის ექიმის დღემდე მეშინია...

- დედას არ ეწყინა, სურვილი რომ არ შეუსრულეთ?

- არა, რატომ უნდა სწყენოდა... ჩემმა ამბიციებმა წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. თავიდან სკოლაში ანბანის ყველა ასო რომ ვისწავლე, დავწერე, რომ მინდოდა გამოვსულიყავი გენერალისიმუსი, უმაღლეს წოდებას ვუმიზნებდი. მესამე კლასში მივხვდი, რომ ეს სამხედრო წოდება გაუქმებული იყო და მარშლობაზე ჩამოვედი. ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მოკრძალებული ხდებოდა ჩემი შეხედულებები...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა