ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა, - ამის შესახებ ამბასადორიალის გახსნაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თვითნებობასა და უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს.

"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძონების პატივისცემა. ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიური შეუწყნარებლობასთან.

მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობას და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟის პროცესში ან აქციის მონაწილეთა მიმართ დარღვეული იყო კანონი ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ფაქტები შესწავლილი იქნება და მოყვება სათანადო რეაგირება.

"ოღონდ ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ აღადგინოს სამართლიანობა. თუმცა, როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება, ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის. ქვეყანაში რელიგიათა შორის თანხმობას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა