ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან

ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან

საქართველოში ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ბოლო, 2007 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში ასეთი 1 500 ბავშვი დათვალეს, თუმცა, მას შემდეგ მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებით დაინტერესებული სპეციალისტები ამბობენ, რომ ციფრები ყოველწლიურად იცვლება.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა საერთაშორისო და თანამედროვე საქართველოს კანონდმებლობაში არის ასახული. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ" ერთხმად მიიღო. საინტერესოა რა არის მათი ქუჩაში გასვლის მიზეზი და შემდეგ დარჩენის მოტივაცია.

ბავშვთა სახლ "მომავალ გზაში" მხოლოდ ისეთი ბავშვები არიან, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში იყვნენ გასულნი. როგორც ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ამბობს, ისინი ამას ეკონომიკური პრობლემების გამო აკეთებდნენ.

"ჩვენთან მოსვლის შემდეგ ქუჩაში მათ მოწყალება აღარ უთხოვიათ. ჩვენი გამოკითხვიდან ჩანს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ძირითადად იმიტომ გადიან, რომ ოჯახი გადაარჩინონ, უმცროს და-ძმას ან ავადმყოფ მშობლებს მიხედონ. ჩვენთან ცხოვრების შემდეგ, მათი ცხოვრება კარგის მხრივ შეიცვალა. მათ აღარ სცივათ, აღარ შიათ, ექიმებთან კონსულტაციისა და მედიკამენტების მიღების პრობლემა აღარ აქვთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი გარანტირებული აქვთ და კარგადაა მათი ცხოვრება აწყობილი, 18 წლის ასაკის შემდეგ მათ ისევ ქუჩაში უწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეა სახელმწიფო კანონში ჩაწერილი. ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, საკვებისა და ტანსაცმელის გარდა განათლებასაც იღებენ. იმ ბავშვებს კი, რომლებიც ჩვენთან არ ცხოვრობენ, მხოლოდ ტანსაცმელსა და საკვებს ვაწვდით.

"ჩვენთან 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი გვაქვს, სადაც თითო სახლში ათი ბავშვი ცხოვრობს და დღის ცენტრის მომსახურეობა, სადაც დღის მანძილზე მხოლოდ ოცი ბავშვი ცხოვრობს. სულ ორმოც ბავშვს შეუძლია მზრუნველობამოკლებულ სახლში ცხოვრება. ისე, სულ 250 ბავშვია ბენეფიციარი.

"წინა ხელისუფლების დროს კერძო სახლები დაიკეტა, სადაც 100 ან 150 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, ალტერნატიული გზის შეთავაზება ყველა ბენეფიციარისთვის ვერ მოხერხდა. ნაწილი ბავშვთა სახლში მოხვდა, ნაწილი კი ოჯახს დაუბრუნდა. ამით თითქოს ოჯახი უნდა გაძლიერებულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა. გაძლიერებული ოჯახი ხომ ბავშთა სახლიდან თავისით გაიყვანს ბავშვს.

"ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციები ვერანაირად ვერ შეძლებენ, რომ ეს მასშტაბური პროლემა მოაგვაროს, რადგან, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბავშვთა სახლების მოხთხოვნა დიდია. მე მირეკავენ უცხო ადამიანები და მეუბნებიან, რომ სურთ ბავშვების მოყვანა. მაგრამ იმის გამო, რომ მოთხოვნის შესაბამისი ადგილი და ბავშვთა სახლი არ გვაქვს, მათ სურვილს ვერ ვაკმაყოფილებთ. თუმცაღა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ძალიან აქტიურადაა ჩართული და ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს.

"ჩვენთან ბავშვები 13 წლამდე რჩებიან. შაბათ-კვირას მშობელს, რომელთან ყოფნაც ბავშვისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, უფლება აქვს გაიყვანოს, მაგრამ ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ მიჰყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ეკონომიკური პირობები," - ამბობს კინწურაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძის თქმით, მიუხედავად ამ პრობლემის სიმწვავისა და მაშტაბურობისა, სახელწიფომ უკვე დასახა მისი მოგვარების გზები და ამაზე მუშაობა შემოდგომიდან აქტიურად დაიწყება.

"ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ნაწილს აქვს სახლი. ისინი დღის განმავლობაში ქუჩაში არიან და სახლში ღამე მიდიან ხოლმე. ნაწილი კი დღესაც და ღამესაც ატარებს ქუჩაში.

"სტატისტიკურად იმის თქმა, თუ რამდენი ბავშვია ქუჩაში, ცოტა რთულია. თუმცა, 2007 წელს "იუნისეფის" დახმარებით ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 4 დიდ ქალაქში ჩატარდა, გამოვლინდა, რომ 1500 ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. მას შემდეგ ეს აღრიცხვა არ ჩატარებულა. ამიტომ სტატისტიკურად ახლა რა მდგომარეობაა, ამის დადგენა რთულია, რადგან მუდმივად იცვლება ეს ციფრი.

"ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ევროკავშირის დახმარებით ახალი პროგრამა დაიწყო. იქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც ქუჩაში გავლენ, მსგავსი ტიპის ბავშვებს ნახავენ, აღრიცხავენ და მათ საჭიროებას გამოიკვლევენ. შეიქმნება ასევე თავშესაფრები ამ ბავშვებისთვის თბილისში და საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სავარაუდოდ ქუთაისში.

"ამ მობილურ ჯგუფებში ჩართული იქნებიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ასევე თანასწორ განმანათლებლები, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც ქუჩის გამოცდილება აქვთ და რომლებიც ასევე იმუშავებენ თავიანთ თანატოლებთან, რათა მოხდეს ამ ბავშვების დახმარება და ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

"ეს ჯგუფი კომპლექსურად შეისწავლის თითოეული ბავშვის საჭიროებებს, მაგალითად, განათლების სამინისტრო განათლების პროგრამებში ჩართავს.

"პირველ რიგში მობილურმა ჯგუფებმა ამ ბავშვების ნდობა უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონტაქტში არ შემოვლენ, ასე რომ, ეს კომპლექსური საკითხია და მარტივად არ გვარდება, ამაში სხვადასხვა სფეროდან ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული.

"ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და მეტნაკლებად არის მოგვარებული. რაც მთავარია, სახელმწიფოს სტრატეგია უკვე არსებობს, ამ მექანიზმმა უნდა იმუშაოს გამართულად და პარალელურად ბავშთა სიღარიბის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. უნდა შემცირდეს სიღარიბე, რადგან ბავშვების ქუჩაში გასვლის ეს ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

"აქამდე არ არსებობდა სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა, ახლა კი ეს მექანიზმი შეიქმნა და არსებობს საკოორდინაციო საბჭოც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე მუშაობს, სადაც გაერთიანებულია განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2-წლიანია, პროგრამის დასრულების შემდეგ ეს მექანიზმი დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას.

"აღნიშნული პროგრამა დაახლოებით 700 ბავშვზე იქნება გათვლილი, თუმცა, ამ პროგრამასთან ერთად უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც იქნება მიმართული ღარიბ ოჯახში მცხოვრები ბავშვების დახმარებაზე. ამაზეც მიდის მუშაობა და დღეს ჩვენი მეშვეობით ხდება სოციალური დახმარებების გადახედვა არსებული, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების, რათა შემდეგ მოხდეს ამ დახმარებებში შესწორება.

"სახელმწიფო მექანიზმი და საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თუ იქნება ბავშვი, რომელიც რაღაცის გამო ვერ იღებს დახმარებას, მაგალითად, არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხშირად ესეც არის სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის მიზეზი. იუსტიციის სამინისტრო ეხმარება ამ ბავშვს, რომ მიიღოს საბუთები და რეგისტრაციის საკითხები გაუმარტივოს, შემდეგ კი აღრიცხვაზე აჰყავთ და უწევენ შესაბამის დახმარებას.

"ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც ბავშვთა კონვენციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. საქართველოშიც კვლავ რჩება ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა რაღაც სფეროებში გამოსწორდა, თუმცა კვლავაც არის გარკვეული პრობლემები.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბე. 75 ათასი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომლებიც დღეში 2 ლარს მოიხმარენ და ეს თანხა ნორმალური განვითარებისთვის არანაირად არ ჰყოფნით. ასევე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა, არის და კიდევ რჩება პრობლემები. მაგრამ საქართველო უგზავნის ანგარიშს გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს. წელს უნდა გააგზავნოს საქართველომ მეოთხე პერიოდული ანგარიში გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტში, რის შემდეგაც კომიტეტი გააკეთებს დასკვნას, თუ როგორ არის საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცული და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. "მართალია, ეს პროგრამა დროში გაიწელა, რადგან პროგრამის შემუშავება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიგეგმა. მიუხედავად ამისა, მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრებულია, საკოორდინაციო ჯგუფი ჩამოყალიბებულია, რემონტდება ახალი შენობები და თავშესაფრები. ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი შემოდგომიდან სრულყოფილად ამუშავდება," - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას მაია ქურციკიძემ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია