ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს

ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურების პროცედურის დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს არქივში არსებული 26 ათასი უკანონო ჩანაწერიდან უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოყო.

"კომისიამ იმსჯელა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლესობამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. გავიარეთ კონსულტაცია უცხოელ ექსპერტებთან, მათ შორის თომას ჰამერბერგთან, გავიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება და მივიღეთ გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურებას კომისიის მხოლოდ ერთი წევრი კახა კახიშვილი ეწინააღმდეგებოდა.

"მოსახლეობის დიდი ნაწილი გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები არ უნდა განადგურებულიყო. ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა მოპოვებულ მასალას, ვგულისხმობ იმ 25 ათას ფაილს, რომელიც სამინისტროში ჯერ კიდევ ინახება. ამჟამად ხდება მათი დახარისხება. გამოვყავით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. დანარჩენ მასალაზე კომისია მსჯელობას გააგრძელებს. უნდა მოხდეს სწორი ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მასალების უკანონო მოპოვება, ჩაწერა-მიყურადება. უნდა მოხდეს მრავალწლიანი ნეგატიური გამოცდილების მკაცრი შეფასება, რის შემდეგაც საჭირო იქნება გამოძიების დაწყება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხსენებულ 26 ათას ფაილში არ შედის ის ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც სამინისტრომ სამეგრელოში აღმოაჩინა.

"აღნიშნული მასალა განთავსებულია დაახლოებით 404 CD დისკზე, თუმცა ეს ცალკე საქმეა და ამასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ