მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი

მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი

"საქართველოში ყველაფერი მოსულა..." - ამ ფრაზით ნიკუშა შენგელაია ქვეყანაში პრეზიდენტობის 36 კანდიდატის დარეგისტრირებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ყველას აქვს. "ალბათ მართლაც კარგი იქნებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინათ, მაგრამ ეგ არაფერი, ხალხი ყველას დაუსვამს დიაგნოზს", - ამბობს ის.

- ბატონო ნიკუშა, თქვენ თუ დასვით უკვე დიაგნოზი, ან არჩევანი თუ გააკეთეთ?

- დიაგნოზი დავსვი, მაგრამ ჯერ კიდევ ვაკვირდები და ვუსმენ ვიღაც-ვიღაცებს. ვნახოთ, როგორ პროგრამებს შემოგვთავაზებენ, რას გააკეთებენ.

- თქვენი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს?

- მე მგონი, ჯერ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდის. თუმცა, ჯერ დიდ მარათონს ვერ ვხედავ, "ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან თავმდაბლად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ალბათ ცოტა ხანში უფრო გააქტიურდებიან.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პრემიერის თანამდებობის დატოვებაზე, "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერებს ხომ არ დაუკარგავს?

- არა მგონია. ვერ ვხვდები, რატომ ჩაცვივდნენ ზოგიერთები პანიკაში. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა.

- კი, მაგრამ მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდოდა, რაც ქვეყანაში რიგ პრობლემებს მოაგვარებდა. ფიქრობთ, რომ დღეს პრობლემები მოგვარებულია?

- იცით, რა? ალბათ თავად მიიჩნევს, რომ რაღაც პრობლემები დაალაგა. თანაც, ის ხომ ქვეყნიდან არ მიდის? ცდილობს, რომ საზოგადოებრივი პოზიცია გაამყაროს. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ხომ უნდა შეიცვალოს ვითარება და საზოგადოებამ ხომ უნდა დაიწყოს ხელისუფლების მართვა? საქართველოში დღემდე ხელისუფლება მართავს საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყნებში კი ეს პირიქით ხდება, საზოგადოება უკვეთს, ხელისუფლება უბრალოდ ამ დაკვეთას ასრულებს.

- თქვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, რა დაკვეთას მისცემდით ხელისუფლებას?

- მე თუ მკითხავთ, დღეს ქვეყნის სუსტი წერტილი კულტურა და განათლებაა. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს დარგები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება რეგიონულ განათლებას. ასევე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი კულტურის თვალსაზრისით. პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ, უნდა მოვთხოვოთ, რომ საგანმანათლებლო, შემეცნებითი გადაცემები გააკეთონ და ადამიანებს მისცენ საშუალება, დაბალხარისხიანი, არაფრის მომცემი გადაცემების ალტერნატივა ჰქონდეთ.

- იქნება თუ არა თქვენი ერთ-ერთი დაკვეთა ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კოაბიტაცია?

- არა, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ კოაბიტაცია არაფერში გვჭირდება, ეს პოლიტიკოსებს სჭირდებათ. ჩვენ სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე დამნაშავეებთან კოაბიტაციაში ვერ შევალთ. ამნეზია არ გვჭირს და ვერ დავივიწყებთ იმას, რაც "ნაციონალებმა" ხალხს დამართეს, ეს გამორიცხულია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია