"დღეს ქვეყანაში უხელისუფლებობაა"

"დღეს ქვეყანაში უხელისუფლებობაა"

"შტირლიცი დაფიქრდა, მოეწონა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა", - ზოგიერთი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებების შემხედვარეს ეს მოძველებული ანეკდოტი მახსენდება ხოლმე. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ბუნდოვნად აფასებს, ეს პროვოკაცია იყოო. ეჰ, ნეტავ მართლაც პროვოკაცია ყოფილიყო და არა ჩინოვნიკური იდიოტიზმი კვადრატში. იცით, პროვოკაცია რა არის?

მაგალითად, ღამე მინარეთს ვინმე რომ მიჰპაროდა, დაეზიანებინა ან შეურაცხმყოფელი წარწერები გაეკეთებინა. არა, ბატონებო, დღისით, მზისით, მუსლიმანებით დასახლებულ სოფელში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მინარეთის დემონტაჟი დაიწყეს. ფიქრი სასარგებლოა, ჩინოვნიკო ბატონებო, და ერთი წუთით რომ დაფიქრებულიყავით, მიხვდებოდით, რას გამოიწვევდა მუსლიმანურ სოფელში მინარეთზე ჯაჯგური. თუმცა, ეტყობა, გონიერება და ვითარების ადეკვატური შეფასება "შვებულებაში იყო". ყოველ შემთხვევაში, იმის მაგივრად, შემოსავლების სამსახურს ლოკალურადვე, მაშინვე მოეგვარებინა პრობლემა, უფრო შორს შეტოპა, გაავრცელა უზარმაზარი განცხადება: აქაოდა, მინარეთი არასწორად იყო განბაჟებული და სასაქონლო ექსპერტიზაზე წავიღეთო. ჰოდა, საქართველოში მივიღეთ დაძაბულობის (თან რელიგიურ ნიადაგზე) მორიგი კერა, თითქოს ჩვენს ქვეყანას პრობლემები აკლია.

ხელისუფლებას ეძინა, უფრო ზუსტად, დამკვირვებლობას დასჯერდა, თითქოს ამბები საქართველოში კი არა, სადღაც ცხრა მთას იქით ხდებოდა. ისევ და ისევ პირადად პატრიარქის ჩარევის შემდეგ განიმუხტა ვითარება. მოკლედ, თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შემოსავლების სამსახური პროვოკატორებს დაუპყრიათ და ამ ლოგიკით მოსალოდნელია, დიდი სისწრაფით მოძრავი ეშელონის წინ ლიანდაგი აყარონ და კატასტროფის შემდეგ გაავრცელონ განცხადება, იყო ეჭვი, რომ ლიანდაგი არასწორად იყო განბაჟებული და სასაქონლო ექსპერტიზაზე წავიღეთო.

თუმცა ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, სიმპტომატურია და ერთი ტერმინით შეიძლება მისი შეფასება - არაკომპეტენტურობის აღლუმი.

- რაც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მოხდა, ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა, რომელიც ვერ აკონტროლებს ვითარებას. უკვე იქამდე მივედით, რომ პრობლემას, რომელიც წესით, საერო ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს, ეკლესია აგვარებს. საპატრიარქო რომ მშვიდობისმყოფლის როლს ასრულებს, ცუდი არ არის, ცუდი ის არის, რომ მთავრობა გვყავს სუსტი. ამის გამო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები თავისუფლად იპარპაშებენ ქვეყანაში და მთავრობის ყველა შეცდომას სათავისოდ გამოიყენებენ. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამ განცხადებამ პოლიტიკური სისტემა ჩამოშალა. პირადად მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში უხელისუფლებობაა. დარღვეულია მართვის ვერტიკალური სისტემა, არ ხდება ადმინისტრირება და რატომღა გვიკვირს, რომ შემოსავლების სამსახურს მუსლიმანური სოფლიდან ექსპერტიზაზე მინარეთი ისე მიაქვს, თითქოს მანქანა იყოს ან კარადა.

შემოსავლების სამსახურის ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს იმას, რაც ხდება დღეს ხელისუფლებაში.

ახალი მთავრობა ერთიან გუნდად, ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, მსგავს იაღლიშებს მომავალშიც ვიხილავთ. ამას ემატება ისიც, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა მმართველ გუნდად. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ ქვეყანაშია არაკომპეტენტურობის აღლუმი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ამის გამოყენებას ცდილობენ.

- "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ?

- "ნაციონალები" კარგად ფლობენ პიარტექნოლოგიებს და ცდილობენ, "ითამაშონ" ხელისუფლების შეცდომებით. ეიმედებათ, რომ საქართველოში ეგვიპტის სცენარით განვითარდება მოვლენები და პრეზიდენტ მოჰამედ მურსისა და "ძმები მუსლიმანების" ქართული ვარიანტი გათამაშდება. თუმცა დისკრედიტირებულ და განადგურებულ "ნაციონალურ მოძრაობას" ტყუილად აქვს ამის იმედი, როგორც იმის, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდება. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ფაქტორი აღარ არის და რაც ნაკლებად გავამახვილებთ ამ პარტიაზე ყურადღებას, მით უკეთესი იქნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა