აფხაზეთი სეზონური შემოსავლის დაბინავების პროცესშია: ზღვისპირეთის მოსახლეობა დამსვენებლებს მასპინძლობს, გალის რაიონი (ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკური ხერხემალი) კი თხილის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნავს... ადგილობრივების თქმით, წლეულს ძალიან კარგი მოსავალია, ამიტომ მათ მუშახელი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან იქირავეს, რომლებიც აფხაზეთში შემოვლითი გზებით, სოფელ ხურჩას გავლით შევიდნენ. შევეცადე გამერკვია, როგორია გალის რაიონსა და დანარჩენ აფხაზეთში ცხოვრება და რის მოლოდინში არიან ისინი. ამისთვის იქ მცხოვრებ რამდენიმე აფხაზსა და ქართველს დავუკავშირდი...
იონა, 46 წლის აფხაზი, გალის რაიონის მკვიდრი:
- ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. თანდათან ასეთ გარემოში ცხოვრებასაც შევეჩვიეთ, სადაც არც ომია და არც მშვიდობა. ფეხზე დადგომას მაინც ვცდილობთ. თუმცა, ყველაზე მეტად სიძვირე გვაწუხებს. აქ "რუსული" ფასებია. არჩევანი არ არის და ხშირად იძულებული ვხდებით, ძვირი პროდუქტი შევიძინოთ. ახლა გვპირდებიან, რომ იანვრიდან აფხაზეთი-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა აღდგება. ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის. ცოტა წელში გავიმართებით. უბრალო ადამიანებს შორის ურთიერთობა ომის დამთავრებისთანავე აღდგა და არ შეწყვეტილა. გალის რაიონში ძალიან ცოტა აფხაზი ვცხოვრობთ. ყოველთვის ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ადგილობრივ ქართველებთან. წლების განმავლობაში გალის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ვიყავი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ხშირი ურთიერთობა მიწევდა, რადგან ისინი სკოლის შენობის აღდგენაში მეხმარებოდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა უმეტესობა ქართველი იყო. ისინი მშობლიურ ენასაც სწავლობდნენ და ერთმანეთს ამ ენაზე ელაპარაკებოდნენ. მაშინ მათ ხუმრობით ვუთხარი, სიძე - ქალიშვილის ქმარი ქართველი მყავს-მეთქი... ასე იყო ყოველთვის და შემდგომშიც ასე იქნება. ჩემი ქალიშვილი თავის ოჯახთან ერთად, ზუგდიდში ცხოვრობს და ხშირად ვსტუმრობ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. კუჭის წყლული მაწუხებს. აქ, აფხაზეთში სამედიცინო სფეროში მძიმე მდგომარეობაა კადრების მხრივაც, რადგან ყოფილა შემთხვევა, სტომატოლოგს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთებია. თითქმის არ ხდება სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია და ძალიან ბევრს ჰეპატიტი და შიდსიც შეეყარა... ერთი სიტყვით, ზუგდიდში, სენაკსა და ქუთაისში ხშირად მიწევდა ჩასვლა. ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ვყოფილიყავი და იქ თვეობით ვრჩებოდი. სპეციალობით მათემატიკოსი ვარ და ჩემს შვილიშვილს ამ საგანში ვამზადებდი. მერე ჩემი ქალიშვილის მეზობლებმა მთხოვეს, იქნებ ჩვენი შვილები ამეცადინოთო. არდადეგების დროს იქ მიწევდა ყოფნა, სამი თვე ცოტა დრო არ არის და მეც ვცდილობდი, ეს დრო გამომეყენებინა...
- ქართულად ლაპარაკობთ?
- უმაღლესი განათლება თბილისში მივიღე. მე და აწ გარდაცვლილი, სერგეი ბაღაფში გვერდიგვერდ ბინაში ვცხოვრობდით. ერთი სამეგობრო გვყავდა. რა თქმა უნდა, ქართველები... ახლა ხშირად საუბრობენ, რომ ქართულ-აფხაზური ომის შესახებ წლების წინ იცოდნენ, მაგრამ პირადად მე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა. მსოფლიო ომების შესახებ საკმაოდ ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ასეთი უცნაური კონფლიქტი არც ისეთი ხშირია. ამიტომ, ამდენი წლის შემდეგ, მიმაჩნია, როდესაც კონფლიქტი უკვე განელებულია, ურთიერთობა უნდა აღდგეს, ამის წინა პირობა კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იქნება. რა თქმა უნდა, მგზავრების გადაყვანა სერიოზულ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, სავარაუდოდ, ტვირთების გადაზიდვით უნდა დაიწყოს... ამის თაობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ აფხაზეთში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
- როგორი განწყობაა ადგილობრივებში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით?
- სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ხელმძღვანელობამ გაავრცელა და ეს ხელს აძლევს უბრალო მოსახლეობასაც. იმედია, ეს ჩვენს უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება, რადგან მაგალითად, თუ ახლა შაქარი რუსეთიდან შემოდის და მასში 50 რუბლამდე ვიხდით (ეს თანხა ეროვნული ვალუტით 3 ლარამდეა), ვიცით, რომ საქართველოში მისი ფასი 1,50 თეთრს არ აღემატება. ასეთი ფასებია სხვა, სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტზეც... თურქეთიდან შემოტანილი სურსათი უფრო იაფი ღირს, მაგრამ მცირე რაოდენობით იყიდება და ისიც ყველგან - არა, მხოლოდ თურქულ მარკეტებშია.
- ამჟამადაც სკოლაში მუშაობთ?
- არა, უკვე პენსიაზე გავედი. პენსიას, 100 დოლარის ოდენობით, პუტინი მიხდის. მაინც არ არის საკმარისი. ადრე ჩემი რძალი ლილოს ბაზრობაზე დადიოდა და იქიდან მოტანილი საქონლით ვაჭრობდა. მას შემდეგ, რაც მიმოსვლა გაამკაცრეს, რამდენჯერმე დააჯარიმეს და თავი დაანება. ადრე დამოკიდებულებაც სხვანაირი იყო, ხელმძღვანელობას რომ დაეშვა, ხალხი შეეწინააღმდეგებოდა, ახლა კი, ყველას მოჰბეზრდა უაზრო პრინციპები. როდესაც ოჯახს სოციალური პრობლემები აქვს, პატრიოტიზმსა და მაღალ იდეალებზე ლაპარაკი უადგილოა. "ცოტა დრო", რომლითაც წლების განმავლობაში გვკვებავდნენ, ამოიწურა. ომის შემდეგ, გაჭირვებისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დაიღუპა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
მირიანი, 42 წლის, სოფელ გაგიდას მკვიდრი:
- ჩემს აფხაზ მეზობელთან ერთად, თხილის პლანტაცია გავაშენეთ. აფხაზები ზარმაცი ხალხია, მუშაობა არ უყვართ, ამიტომაც თხილის შეგროვების სეზონზე, ყოველ წელს მე მიწევს მუშახელის მოძიება. ეს იოლი არ არის, რადგან ამ დროს ყველას თავისი საქმე აქვს, თავიანთ თხილნარში მუშაობენ და ჩვენთვის არავის სცალია. გალელებს ვგულისხმობ. აქ ყველას თხილის პლანტაცია აქვს. ამიტომ ზუგდიდიდან გადმოვიყვანეთ მუშახელი. ზოგს თავად დავუკავშირდი, ნათესავებიც დამეხმარნენ. როგორღაც 50-მდე ადამიანი შევაგროვეთ. დღიურად 25 ლარს ვუხდით. საკვებიც მათია, რადგან ამდენი ადამიანისთვის საჭმლის მომზადების დრო ფიზიკურად არ მაქვს და არც მიღირს. მირჩევნია, იმ 5 ლარით თავად იყიდონ, რაც უნდათ. აქ მაღაზიებში ყველაფერი იყიდება - პური, ყველი, ძეხვი... შევპირდი, რომ კვირაში ერთ დღეს, ზღვაზეც წავიყვანთ. დილის 8 საათიდან საღამომდე, მზის ჩასვლამდე მუშაობენ და დღეში ორჯერ, ერთი საათით ისვენებენ.
- თხილს სად აბარებთ და რა ფასად?
- გასულ წლებში, რისკის ფასად ენგურს აქეთ გადმოგვქონდა და აქაურ ფასში ვაბარებდით. წლეულს, ოჩამჩირეში თურქი მეწარმეები და ბიზნესმენები ჩამოვიდნენ და იმ გაველურებულ რაიონში თხილის პლანტაციები გააშენეს. ქარხანაც გახსნილია, სადაც თხილს იბარებენ. რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით დაბალი ფასია, მაგრამ მაინც გვიღირს, რადგან რისკი ნაკლებია. ზუგდიდში 2,40 ლარი ღირს, მაგრამ ენგურის ხიდზე მიმოსვლა გამკაცრებულია და გადატანა სახიფათოა. შეიძლება, ტვირთი წაგართვან და ადმინისტრაციული ჯარიმაც დაგაკისრონ. რაც შეეხება თხილის ფასს, აქ კლანური ბიზნესი აქვთ და თავად არეგულირებენ, ამიტომ მისი ფასი, თქვენი ვალუტით, 2 ლარამდეა. ძნელია, ასეთ პირობებში ცხოვრება, ჩაკეტილები ვართ, სეზონურის გარდა, არავითარი შემოსავალი არ გვაქვს. ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელმძღვანელობამ და ქართულ მხარესთან რაღაც ფორმით, გარკვეული ინტერესების დაცვის ფასად, შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
ივანე ციცირბა, ისტორიკოსი, აფხაზეთის (სახელმწიფო) უნივერსიტეტის ლექტორი:
- გვიჭირს. ბოლომდე არც მშვიდობა გვაქვს, არც დამოუკიდებლობა, არც სტაბილური ეკონომიკური განვითარება, რაზეც მთლიანად სახელმწიფოს განვითარებაა დამოკიდებული, მაგრამ იმედია, თანდათან წინ წავალთ. მძიმედ, მაგრამ მაინც ვითარდება ტურისტული ბიზნესი; რუსული და სომხური ბიზნესი ცდილობს, ფეხი მოიკიდოს; ხელმძღვანელობა თმობს, მოსახლეობა - არა. სტატისტიკის თანახმად, ფსოუს საზღვარს ყოველდღიურად 2 ათასზე მეტი რუსი ტურისტი კვეთს. ისინი ინფრასტრუქტურის არარსებობას აპროტესტებენ, რასაც კიდევ ერთი მწვავე პრობლემა - კრიმინოგენული ვითარებაც ემატება. კორუფცია ყველა საზოგადოების ყველა ფენაში უსაზღვროდ არის განვითარებული, მაგრამ ბევრი რამე უკეთესობისკენ იცვლება. ასეთია დღევანდელი აფხაზეთის რეალობა... კარგად მახსოვს, როგორ მწიფდებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ორივე მხარემ შევცოდეთ, მაგრამ ორივემ წავაგეთ. განსაკუთრებით, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამაზე ჩემს ქართველ მეგობრებთან ხშირად ვსაუბრობ. მე იმავე აზრზე ვრჩები, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ აფხაზეთისნაირი პატარა ქვეყნისთვის ეკონომიკის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე, მეზობელ საქართველოსთან ყველანაირ ურთიერთობას მივესალმები, ოღონდ - სახელმწიფოთაშორისი ფორმატით. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ქართული მხარისთვისაც მიმზიდველი იქნება. რუსეთი ჩვენი საიმედო მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ის ცდილობს, თავისი ძვირი და ხშირ შემთხვევაში, ვადაგასული, უხარისხო პროდუქცია აფხაზეთში გაასაღოს. უამრავი ადამიანი მოიწამლა. მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება, რადგან არ არსებობს სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც აღრიცხვას ჩაატარებს. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აუცილებელია.
- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გააკონტროლოს ტვირთების გადაზიდვა და ზოგადად, რკინიგზის ხაზი?
- ამაზე ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა იზრუნონ და რუსეთის მონაწილეობაც სასურველი იქნება, თუმცა მის გარეშეც შეიძლება ამის გაკონტროლება, თუ საერთაშორისო ურთიერთობა რუსეთის ჩაურევლობას უზრუნველყოფს. ამაზე ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს, რადგან ეს მას შეუძლია... ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ჯერჯერობით სწორი კურსი აქვს აღებული. ვნახოთ, როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)