რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ

რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ

რამდენიმე დღის წინ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან 12 490 კილოგრამი რძის პროდუქტით დატვირთული ავტომანქანა შემოვიდა. ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შედეგად პროდუქტში, კერძოდ, იოგურტში ობი და მატლები აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის N429-ე დადგენილების თანახმად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნეს. გვესაუბრება "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა:

- მართალია, ამ იოგურტის მაღაზიებში შეტანა და მომხმარებლისთვის მიყიდვა ვერ მოხერხდა, მაგრამ საშიშროება იმისა, რომ ეს ვადაგასული პროდუქტი ქვეყანაში შემოსულიყო, მომხმარებელს ყურადღება არ მიექცია და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტი შეეძინა, სავსებით რეალური იყო. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აკონტროლოს საბაჟოები, უნდა ვიცოდეთ, შემოდის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე საღი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ უხარისხო იოგურტი გაანადგურეს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ასეთი შემოწმებები კიდევ უფრო გამკაცრდება და გახშირდება. სამწუხაროდ, ჩვენს საბაჟოებზე შემოსული სურსათის ყველა პარტიას არ ამოწმებენ, ხდება შერჩევითი შემოწმება. ასეთ დროს კი შემთხვევით თუ აღმოაჩენენ ხოლმე ვადაგასულ პროდუქტს. უხარისხოზე არანაკლებ საყურადღებოა ფალსიფიცირებული პროდუქციაც: ჩვენ ვყიდულობთ არა მარტო რუსულ ან უცხოურ ფალსიფიცირებულ პროდუქციას, არამედ ადგილობრივს - ქართულსაც. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც კი გვაქვს განსაზღვრული, თუ რა არის ფალსიფიკაცია. ახლა სურსათის უვნებლობის კოდექსის ახალი ვარიანტი მუშავდება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სპეციალისტებმა ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ - სახელმწიფო ჯიუტად ამბობს უარს ფალსიფიკაციასთან ბრძოლაზე.

- თქვენი აზრით, რით შეიძლება აიხსნას ეს სიჯიუტე?

- იმით, რომ ამის განხორციელება საკმაოდ რთულია. მთელი კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება საჭირო, რათა განისაზღვროს, რას ნიშნავს ფალსიფიკაცია. ავიღოთ თუნდაც რძის პროდუქტი: ამჟამად ჩვენს ქვეყანაში განსაზღვრული არ არის, თუ რა შედის მასში, ამიტომ რძის პროდუქტად საღდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქციაც. თითქმის 90 პროცენტი რძის პროდუქტებისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს, შეიცავს მცენარეულ ცხიმს, სინამდვილეში ეს რძის პროდუქტი არ არის. ეს ცნებები, მათი განმარტებები უნდა მოწესრიგდეს, დადგინდეს, მერე კი უნდა შემუშავდეს მეთოდები, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხი. სურსათის ეროვნული სააგენტო ამაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ მათ სულ რაღაც ოცი შემმოწმებელი ჰყავთ, ეტყობა, ამ სამუშაოს ჩატარება სააგენტოს ძალებს აღემატება, როგორც ჩანს, ფულიც ცოტა აქვთ და პასუხისმგებლობის აღებისაც ეშინიათ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია