სკოლის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესით, საჯარო და კერძო სკოლები ვალდებულნი არიან, სახელმძღვანელოების ყოველწლიური ელექტრონული რეესტრი აწარმოონ, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად სახელმძღვანელოსთვის მინიჭებულ ქულას (მშობლისათვის გადაცემამდე და მისი დაბრუნების შემდეგ) უნდა მოიცავდეს. ამ საკითხზე განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე გვესაუბრება:
ზოგადად სახელმძღვანელოებს არაერთი პრობლემა უკავშირდება, ეს ეხება როგორც მათ ხარისხს, ისე გამომცემლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს; რაც შეეხება უფასოდ დარიგებული სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის წესებს, წიგნის გამოყენების რეგულაციის მცდელობას, მას აქვს როგორც პოზიტიური მხარე, ასევე ნაკლოვანებები.
რამდენად იმუშავებს რეგულაცია იმაზე, რომ წიგნი შემდგომი თაობისთვის, სასწავლო წლისთვის გამოსადეგი იყოს? სწავლის პროცესში ზოგიერთ სახელმძღვანელოში მოსწავლეს უწევს მარკირება, გარკვეული ადგილების მონიშვნა, და თუ წიგნს უფასოდ ვაძლევთ, ვურიგებთ, მისი ნორმალურად, თავისუფლად მოხმარების საშუალებაც უნდა მივცეთ, ანუ ეს რეგულაცია, გარკვეულწილად ზღუდავს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც წიგნთან ურთიერთობისას, თუმცა, თუ მხოლოდ წიგნის მოხმარების პრობლემაა და არა განზრახ დაზიანება, მშობელს ახალი სახელმძღვანელოს ყიდვა არ უწევს.
ამასთან, ყველა სახელმძღვანელოს ელექტრონული რეესტრი, აღრიცხვა, დადგენილი კრიტერიუმებით მისი ყოველწლიური შეფასება დამატებითი შრომაა სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლისთვის, რომელთაც ისედაც დაბალი ხელფასი და ბევრი საქმე აქვთ. მინისტრის ბრძანებით, ამ საქმის სკოლისთვის გადაბარება დროისა და რესურსის უქმად ხარჯვაა.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)