"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."

"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა ჩემი უბნის სამარშრუტო ტაქსი და თავისუფალი ადგილის დანახვა ისე გამიხარდა, ცხოვრებაში მეტი ბედნიერება თუ არსებობდა რამე, იმწუთას მართლა ვერავინ დამაჯერებდა. ზაფხული იყო და ხალხი გაკრეფილი იყო ქალაქებიდან, თორემ, როგორც წესი, ამ დროს დასადგომი ადგილიც ხშირად გამხდომია სანატრელი...

დავჯექი თუ არა, ხმამაღლა მოლაპარაკე ქალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და გაღიზიანებულმა მივიხედე უკან - ნუთუ ვერ ხვდება, რომ ხალხი დაღლილია და თავისი ქაქანით გვაწუხებს-მეთქი?!

ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ საბრალო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. რეალობას მოწყვეტილი მისი გონება შორს დაფრინავდა:

- სანამ სახლი არ გამაყიდვინეს, საყვარელი და და დეიდა ვიყავი; ახლა, საჭმელსაც ბევრს ვჭამ თურმე და ჰიგიენაც არ მოსწონთ ჩემი. არადა, არც აბანოში უნდათ ჩემი შეშვება: ბინძური ხარო...

ცოდვა გამხელილი ჯობს და, ის საბრალო მართლაც არ იყო მოწესრიგებული, მაგრამ ჰიგიენას ვინ დაეძებს?! მე თუ მკითხავთ, დარდით გონებაარეული, სულ არ იყო ქუჩაში მარტო გამოსაშვები...

კიდევ კარგი, თავისი გაჩერება მაინც იცნო და რომ ჩადიოდა, აცრემლებული თვალები შეგვავლო და შეგვეხვეწა:

- შვილისთვისაც არ გაყიდოთ ბინა, თუ არ გინდათ, ჩემსავით ზედმეტი აღმოჩნდეთ ყველასთვის...

დარჩენილებმა ერთად დავიგმინეთ...

ის ქალი თავისი უბედურებით ერთეული შემთხვევა რომ არ არის, შეიძლება, ჩემზე უკეთ არც არავინ იცოდა იმ სამარშრუტო ტაქსის მგზავრებიდან, რადგან ორიოდე დღით ადრე ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბანკების მოვალეებმა აქცია რომ მოაწყვეს მოთხოვნით, - სახლები გაჭირვებამ ჩაგვადებინა ბანკებში გარანტიად და უნდა დაგვეხმაროთ, გამოსახლება უნდა გადაგვივადოთო, - რა მომათმენინებდა, არ მივსულიყავი და ჩემი ყურით არ მომესმინა მართლაც გაუბედურებული ხალხის არგუმენტები. ჩემზე რომ იყოს რამე დამოკიდებული, ყველას მოთხოვნას დავაკმაყოფილებდი და დავეხმარებოდი, მაგრამ მე არც ბანკი ვარ და არც - სახელმწიფო, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მართლა უმწეოა, მაგრამ ჩემზე მეტი მაინც შეუძლია...

ლეილა ქომეთიანი, 57 წლის:

- რვა წელი არ ჰყავდა ჩემს ქალიშვილს შვილი და, როგორც იქნა, პატარას ვეღირსეთ, რომელიც პათოლოგიით დაიბადა. სასწრაფოდ რომ არ გაგვეკეთებინა ოპერაცია, მოკვდებოდა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და სახლი ჩავდეთ ბანკში. ახლა იმ სახლს მართმევენ და სად წავიყვანო პატარა, რომელიც სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან?!

მაია ლომიძე, 54 წლის:

- ბიზნესი მქონდა და მის გასაფართოებლად ავიღე კრედიტი. არ გაამართლა და ქუჩაში ვრჩები, ოთხი შვილით. რამდენიმე თვით ვითხოვ გადავადებას. მუშაობა არ მეზარება და ვიცი, ისევ დავდგები ფეხზე...

...ნაცნობი ისტორიებია და ამიტომ მხოლოდ იმათ ამბავს მოგიყვებით, სამარშრუტო ტაქსიში თავისთვის მოლაპარაკე ქალმა რომ გამახსენა.

ქალბატონმა თამარმა გვარის გამხელა არ ისურვა და აი, რა მიამბო:

- მეუღლის სახელზე იყო ჩვენი ბინა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რადგან უკვე ასაკში ვარ, ვაჟიშვილის სახელზე გადავაფორმე ქონება. არც მეუბნება რაში დასჭირდა ფული, რომელიც ბანკიდან ისესხა. ვეღარ დააბრუნა და ღია ცის ქვეშ ვრჩები. თავად, ცოლის ნათესავებს შეეხიზნა და მეუბნება, შენც მოძებნე ვინმე ნათესავი, ყველანი ჩემს სიმამრს ხომ არ შევუვარდებით სახლშიო!.. ნეტავ, სულ არ გამჩენოდა ასეთი უმადური შვილი!..

შვილმა დატოვა ღია ცის ქვეშ ქალბატონი ნატალიაც, რომელიც სამოცდაათ წელსაა გადაცილებული:

- საზღვარგარეთ მოინდომა ჩემმა ქალიშვილმა წასვლა და დამიყოლია, ფული ბანკისგან გვესესხებინა: - ვიმუშავებ და რამდენიმე თვეში გავისტუმრებთო. არადა, ორიოდე თვეში შემომითვალა: საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ და არც ეგ სახლი მჭირდება რამეში; შეკარი შენი ბარგი და ჩემს დას სთხოვე, შეგიფაროსო... ბანკის რა ბრალია, მე თუ დედად ვერ ვივარგე და შვილი მტრად გავზარდე, მაგრამ მაინც მოვედი აქციაზე, - იქნებ და, ჩემთვისაც მოხდეს სასწაული...

სასწაულები რომ ასე ადვილად არ ხდება, ეს ყველამ ვიცით და რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ამის აღიარება, თუ გვინდა, სიცოცხლე და სიბერე არ გავიმწაროთ, მართლაც, შვილის გამოც არ უნდა გავიმეტოთ უკანასკნელი თავშესაფარი, როცა მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, რადგან ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ფულს ვერაფრის ფასად ვერ გვაჩუქებს...

ზემოთ მოთხრობილმა ამბებმა კიდევ ერთი სიტუაცია გამახსენა, რომელიც თავად გადამხდა და ახლაც არ ვიცი, სატირალი უფროა თუ სასაცილო ის, რისი მომსწრეც გავხდი: მას შემდეგ, რაც მშობლები გარდაგვეცვალა, საჭირო გახდა, მათი დანატოვარი ქონება ცოცხალ მემკვიდრეებზე გადაგვეფორმებინა და რადგან ერთადერთი საფიცარი ძმა მყავს და დიდი ხანია, წამოსული ვარ მშობლიური სახლიდან, ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, არც მიფიქრია, რომ რაიმეში შევცილებოდი და როგორც მთხოვა, მაშინვე გავყევი ნოტარიუსთან, რათა მის სასარგებლოდ მეთქვა უარი მშობლების დანატოვარზე. მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო: ჯერ ნოტარიუსმა გამაწამა კითხვებით და მერე - სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგმა: ნამდვილად საკუთარი სურვილით თმობ ქონებას და ზემოქმედებას ან შანტაჟს არა აქვს ადგილიო?! ცოტა დააკლდათ და ფსიქიატრთანაც გამიშვებდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ საღ გონებაზე ვიყავი და სწორად აღვიქვამდი იმას, თუ რას ვაკეთებდი და რაზე ვაწერდი ხელს... ლამის მართლა შემშალეს ჭკუიდან და, რომ გაიგო, ჟურნალისტი ვარ, ნოტარიუსმა ქალბატონმა მაკა ქოიავამ მომიბოდიშა:

- თქვენ არ იცით, რა ხდება აქ და რა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ ერთმანეთს დედმამიშვილები, მშობლები და შვილები, როცა ქონების გაყოფაზე მიდგება საქმე. მობეზრებული გვაქვს სასამართლო გარჩევები და ამიტომ ვიზღვევთ თავს, რომ უსიამოვნებას არ გადაგვყაროს ვინმემ, მიკერძოებასა და საბუთების გაყალბებაში არ დაგვდონ ბრალი...

იქიდანაც გაოგნებული და გულდაწვეტილი წამოვედი: რა გვემართება, აბა, და რა გვჭირს ადამიანებს, რომ მოხუც მშობლებს ღია ცის ქვეშ დასაყრელად ვიმეტებთ და და-ძმებს - სასიკვდილოდაც კი, მემკვიდრეობის გაყოფის დროს, მაშინ, როცა დიდ და სანიმუშო მორწმუნეობაზე გვაქვს პრეტენზია და ამ დროს ისიც კი არ გვახსოვს, რომ ამქვეყნად შიშვლები მოვდივართ და ვერც გარდაცვლილებს მიგვაქვს რამე საიქიოში, სიყვარულით სავსე სულის გარდა...

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია