ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს

ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს

საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება ახლო მომავალში არ მოხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ ETV-სთან საუბრისას.

"ამისთვის კი, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი გახდეს ამ რეგიონებისთვის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ისტორიულად ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილი იყო და საუკუნეების განმავლობაში, ერთმანეთის მხარდამხარ ვცხოვრობდით.

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აფხაზები და ოსები სრულიად განსხვავებული ერები არიან. საქართველოში უამრავი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობს. ამ ლოგიკით, საქართველო უამრავ მცირე ნაწილად უნდა დაიყოს", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ესტონურ საზოგადოებრივ არხთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში პირადი კავშირები და ბიზნესი აღარ აქვს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა.

"რაც შეეხება რუსეთთან ჩემს კავშირებს, მინდა განვაცხადო, რომ რუსეთში ბიზნესი აღარ მაქვს. ყველა ბიზნესი, რაც იქ მქონდა გავყიდე და ისე დავტოვე ქვეყანა. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ერთგული ვარ და პირობას არ დავარღვევდი. ეს საკითხი აღარ არის აქტუალური. სააკაშვილი და მისი გუნდიც კი აღარ არის ამ შეკითხვით დაინტერესებული, რადგან იციან, რომ ასეთი ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ETV-სთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი აგრესია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება იყო.

"ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო აგრესია, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რისი შედეგიც საქართველოს ოკუპირება იყო. ამას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რომ არა სააკაშვილის უმეცრება, რომელმაც ომი გამოიწვია, შესაძლებელი იყო ამის თავიდან არიდება. მან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა, რომელმაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რაც მივიღეთ", - განაცხადა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშინა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ომის პერიოდში საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა.

"მინდა ამ მეგობრობისთვის ესტონეთისადმი მადლიერება გამოვახატო. საქართველო დაამტკიცებს, რომ ის ევროპას ეკუთვნის და რომ ჩვენ ევროპელები ვართ. საქართველო გახდება ევროკავშირსა და ნატო-ს წევრი. ეს ჩვენი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა და რომელიც არ შეიცვლება. რა კავშირიცა და ასოციაციაც უნდა იყოს ეს, მათ შორის ევრაზიული კავშირი, ეს არ გულისხმობს კონფლიქტს ევროკავშირთან, თუ ეს თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის, ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მომზადებულია ETV-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა