ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი ყოფილ საბჭოთა კავშირში, წარმოშობით უკრაინელი ანდრეი ჩიკატილო, რომლის სახელსაც ოფიციალურად 53 მკვლელობა უკავშირდება, ისტორიაში რამდენიმე მეტსახელით შევიდა: "როსტოველი მფატრავი", "ტყის ზოლის მკვლელი", "საბჭოთა ჯეკ-მფატრავი"... გადმოცემის თანახმად, ჩიკატილოს მანიაკად ჩამოყალიბებას, ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, გარემო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ვერსიით, გერმანული ოკუპაციის დროს პატარა ანდრეის თვალწინ ბავშვები დახვრიტეს, მან გონება დაკარგა, გერმანელებს კი მკვდარი ეგონათ და გვამებთან ერთად ორმოში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე გაატარა. ამ ამბავმა ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა და მისი მომავალიც გარკვეულწილად განსაზღვრა... საქართველოში, საბედნიეროდ, მსგავსი სერიული მკვლელი არ გვახსოვს, თუმცა სისასტიკით გამორჩეულ მკვლელობებზე არაერთხელ გვსმენია. საინტერესოა, როგორი ფსიქოტიპის ადამიანებს შესწევთ უნარი ჩაიდინონ სასტიკი დანაშაულები და რა რისკ-ფაქტორები ზრდის მათი მომრავლების ალბათობას. მანამდე გავიხსენოთ რამდენიმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.
ამა წლის 22 ივლისს 16 წლის მარიამ კოჩალაძე ბათუმის ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. თვითმხილველთა და პოლიციელთა განცხადებით, ცხედარს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი აღენიშნებოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გოგონას ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა მანიაკის ჩადენილია. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა სავარაუდო მკვლელის ვინაობა - ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანი საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა, 22 ივლისს, მკვლელობის დღეს კი - გავიდა. აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
არანაკლებ შოკისმომგვრელი იყო 10 ივნისს სოფელ დიღომში დატრიალებული ტრაგედია, რა დროსაც 33 წლის მამაკაცმა პურის საჭრელი დანით ცოლი და 5 წლის შვილი იმსხვერპლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა - ყელი გამოიჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა და მისი გადარჩენა მოხერხდა. საქმე სისხლის სამართლის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული კი წლების განმავლობაში სპეცრაზმში მსახურობდა, თუმცა ბოლო ხანს ფსიქიკური პრობლემების გამო ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ რუსთავში მომხდარი მკვლელობები, როცა არასრულწლოვანი გოგონები ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს. დანაშაულის ხელწერა ერთნაირი იყო. ყველა ე.წ. მანიაკის არსებობაზე ლაპარაკობდა, მათ შორის ძალოვანებიც. მანიაკის ფოტორობოტიც შეიქმნა და 2000 წელს არასრულწლოვანების გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით პაატა სხირტლაძე დააკავეს. ციხეში უმძიმესი ბრალდებით გამოკეტილ ახალგაზრდას პატიმრები სადისტურად გაუსწორდნენ, ყური მოაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სხირტლაძე სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს. ბრალდებები მოეხსნა და პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს. როგორც გაირკვა, პაატა სხირტლაძე არა სერიული მკვლელი, არამედ ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი ოშო რაჯნიშის მიმდევარი იყო და მისი უცნაური ქცევებიც სწორედ ამით იყო განპირობებული... მოგვიანებით სამართალდამცავებმა რამაზ ყავლაშვილში "ამოიცნეს" მანიაკი და 9 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
2009 წელს რუსთაველი მანიაკების სიას 16 წლის დავით პილპილაშვილიც "შეემატა". მოგვიანებით, რუსთავში მომხდარ მკვლელობებში დევნილი ფრიდონ პირტახია დაადანაშაულეს. ის მარტვილში დააკავეს, თუმცა ციხეში ე.წ. რუსთაველი მანიაკის სახელით შევიდა. ძალოვანებმა მისი აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელეს, მაგრამ ორთაჭალის ციხეში სპეცეტაპით გადაყვანილი პატიმარი მალე საკანში გარდაცვლილი იპოვეს (ვენები ჰქონდა გადასერილი). მანიაკზე შეთხზული მითი იმით დასრულდა, რომ ერთ დღესაც რუსთაველებმა ხანჯლით მოკლულ მამაკაცში ისევ მანიაკი ამოიცნეს და ჩათვალეს, რომ მას ერთ-ერთი მსხვერპლის ახლობელი გაუსწორდა...
ორხეველი მანიაკი - სამართალდამცველები ასე ეძახდნენ 43 წლის მიხეილ აზალაძეს. სამართალდამცველების ცნობით, ის არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა და რომ დასცლოდა, ალბათ, ქართველ ჩიკატილოდ მოგვევლინებოდა. მას ბრალად ედებოდა არაერთი მკვლელობა და ცხედრების დანაწევრება. პირველი მკვლელობა აზალაძეს იმის გამო ვერ დაუმტკიცდა, რომ მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არ ჰქონდა. პირველად ციხეში 2004 წლის მარტში მოხვდა სოციალური მუშაკის, გია ბრიტულიჩის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის ქუჩაზე აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. ჩადენილი მკვლელობის შესახებ აზალაძემ პოლიციას მას შემდეგ აცნობა, რაც "გვამის სუნმა შეაწუხა". პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე ამას ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს და პირობითი სასჯელი აკმარეს. ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. მერე რაღაცაზე აუშარდა და მოკლა. აზალაძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით მეცხვარიშვილს თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები პარკში ჩადო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად კორპუსის წინ ჩაიტანა, ზედ საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თვითონ სახლში დაბრუნდა, იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა. დილის 9 საათზე სახლიდან გასული აზალაძე სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველზე დააკავეს. პოლიციელებმა აზალაძის სამზარეულოში შემზარავი სურათი ნახეს: ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (ექსპერტიზით დადგინდა). მიხეილ აზალაძე 109-ე მუხლით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ვახტანგ ნადარეიშვილი, ფსიქოლოგი, იურისტი:
- იმის თქმა, რომ ასეთი და ასეთი ფსიქოტიპი დანაშაულს აუცილებლად ჩაიდენს, შეუძლებელია. სამწუხაროდ, სისასტიკის ჩადენა ყველას, მათ შორის, ჩვენც შეგვიძლია. გააჩნია, რა გარემო პირობებში მოვხვდებით, ან ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაში ვიქნებით. გარდა ამისა, არსებობს უამრავი რისკ-ფაქტორი, რომლებიც ამ ალბათობას ზრდიან - მემკვიდრული ფაქტორი, სხვადასხვა დაავადებები, რომელთა არსებობის შესახებ, შესაძლოა, არც იცოდეს სუბიექტმა და შემდგომ იჩინოს თავი, ფსიქიკური აშლილობები...
- ბატონო ვახტანგ, პოტენციურად როგორი ადამიანები იქცევიან ე.წ. მანიაკებად და ხომ არ არსებობს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების მომრავლების საფრთხე?
- ამას თავისი მიზეზები და წინაპირობები აქვს. სამწუხაროდ, ჩვენთან კი არა, უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ ხდება საზოგადოების შესწავლა - ვინ რა მდგომარეობაშია და ვინ რა პოტენცია გააჩნია. ამიტომ გახშირდა გასაოცარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და დანაშაული. ახლა რაც შეეხება სპეციფიკურ დანაშაულს - ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო ატარებენ რაღაც კრიტიკული მუხტს. ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო მოვლენა, უმნიშვნელო სტიმული შეიძლება გახდეს უკიდურესი გამოვლინებების ჩამრთველი. საჭიროა სამსახურები, რომლებიც აკვირდებიან, სწავლობენ საზოგადოებას, სოციალურ სუბიექტებს - ერთეულებსაც, ჯგუფებსაც და ამის საფუძველზე ამბობენ, რომ ესა და ეს არის რისკის ჯგუფი და ამა და ამ ჯგუფს ხელი უნდა შევუწყოთ...
მანიაკების FBI-სეული კლასიფიკაცია მოტივის მიხედვით
"ძალაუფლების მოყვარული" - მკვლელობის ძირითადი მოტივი საკუთარი უპირატესობის შეგრძნებაა უმწეო მსხვერპლის მიმართ.
"გედონისტები" - მსხვერპლს კლავენ სექსუალური სიამოვნების მისაღებად.
"ვიზიონერები" - ფსიქიკურად შეშლილები, რომლებსაც "ხმები" ესმით და მათი კარნახით კლავენ ადამიანებს.
"მისიონერები" - მკვლელები, რომლებიც თავს შურისმაძიებლებად ან მოსამართლეებად მიიჩნევენ.
"კანიბალები" - მკვლელობის მოტივი მსხვერპლის შეჭმაა.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)