"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"

"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"

ბატონ ჯუმბერ ლეჟავას ინტერვიუსთვის სულ სხვა თემაზე ვესტუმრე, მაგრამ ისეთი გატაცებით მიამბობდა თავისი შთაბეჭდილებების, ხელახლა შემოვლილი და ახლებურად დანახული საქართველოს, ახალი ხელისუფლების შესახებ, რომ გადავწყვიტე, მისი პოლიტიკური შეხედულებები "გზის" მკითხველისთვის გამეზიარებინა... 75 წლის მოგზაური ძალიან საინტერესო რესპონდენტი და ამოუწურავი ამბების მქონე ადამიანია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე შევჯერდებით...

ახალი ქართული სოფლის მეურნეობა

- ამ ზაფხულს დიდი გეგმები მქონდა, სკაუტების ბანაკში ლექციები წავიკითხე, იმ ახალგაზრდებს ისეთი ინფორმაციები მივაწოდე, რაც აქამდე არ მოუსმენიათ და არ წაუკითხავთ, რადგან ჩემი წიგნები ჯერ არ გამოსულა. მოგეხსენებათ, ვსწავლობდი, როგორია ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები ექსტრემალურ პირობებში. ლექციების კურსის შემდეგ, ინდოეთში ვიყავი მიწვეული, მსოფლიოს რელიგიების აკადემიიდან, მაგრამ იმის გამო ჩაიშალა, რომ საჭირო ფინანსები არ მქონდა. სამაგიეროდ, მთელი საქართველო მოვიარე, 43 რაიონი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სოფლის მეურნეობის ის რევოლუცია (ასე დავარქმევდი) ვნახე, რაც ახალი მთავრობის მოსვლის მერე, აშკარად თვალში საცემია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში "ნაციონალების" რეჟიმის დროს, იმ 9 წლის განმავლობაშიც არაერთხელ მიმოგზაურია, მაგრამ გაპარტახებული სოფლის მეურნეობა და ყამირი მიწები იყო. ახლა კი მთელი საქართველოს მიწები ჯერ დამუშავებული ვნახე, მერე კი მოსავლით სავსე. ხალხში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, ადრე თუ კარტსა და დომინოს თამაშობდნენ, ახლა მიწაზე შრომობდნენ და მისი სურნელი იგრძნობოდა, სოფელმა გამოიღვიძა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ასეულობით მილიონები რომ დაურიგა ამ ხალხს და ზოგიერთი დღესვე რომ ითხოვს ყველაფერს უსინდისოდ, ასე არ ხდება სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ერთი პატარა ბინა ხომ არ არის, რომლის აშენებაც და რემონტიც მოკლე დროში შეიძლება მოხდეს. ეს სახელმწიფოა, რომელსაც მრავალსტრუქტურიანი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების გუნდი სჭირდება. ვფიქრობ, ბატონ ბიძინას კარგი გუნდი ჰყავს და რომ არა ის წინააღმდეგობები, რასაც წინა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან აწყდებიან, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო მალე დალაგდებოდა. დადგება დრო, როცა ეს ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები თანდათან გვერდზე გაიწევს და ფუნქციონალურად აღდგება არა მარტო მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სხვა, არამედ მრეწველობაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განათლების სისტემა და პრეზიდენტობის კანდიდატები

- სოფლის მეურნეობაში ძვრებსა და რეგიონებში ხალხის შეხედულებებზე კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო განათლების სისტემას, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურების პირას იყო მისული, ახლა კი წინსვლა შეინიშნება - ადამიანს წიგნს აყვარებენ. "ნაციონალები" სპეციალურად ანგრევდნენ ყველაფერს ქართულს, ეროვნულს. მახსოვს, ბავშვებს ცხრილი შესთავაზეს, სადაც 50-მდე წიგნის ჩამონათვალი იყო, რომელიც უნდა წაეკითხათ და აქედან, მხოლოდ ორი იყო ქართველი ავტორის.

ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურა ღირსეულია. ახლა პატიოსანი ადამიანი გვჭირდება. გიორგი მარგველაშვილი კი არც ფულს დახარბდება და არც სიმდიდრეს, მისი ერთადერთი მიზანი, მჯერა, რომ საქართველოს აღორძინება იქნება. მთავარი კი ესაა, ჩვენს სამშობლოზე უნდა ვიფიქროთ და გადავარჩინოთ იგი. მოვიდა მშველელი და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს. ვიშრომოთ და ყველამ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ. პერიოდია გასათვალისწინებელი და ამაზე კარგად დავფიქრდეთ. მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა ამ ხელისუფლებას მაინც აცადოს საქმის გაკეთება. მთელი 20 წელიწადი ვითმენდით ყველაფერს ცუდს და ისე ნუ მოვიქცევით, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს... იმ ადამიანისთვის ერთი ვადით რომ კიდევ ეცლიათ სათავეში ყოფნა, ჩვენი ქვეყნის ბედი ასე უკუღმა არ წავიდოდა. ექვს თვეში მოინდომეს გადაგვარებული სისტემის აშენება და ახლაც ასე უნდათ. ერთ წელიწადში ქვეყანა არ აშენდება და მოვითმინოთ, რა მოხდება?! 75 წლის კაცი ვარ, მაშინ მე უნდა ვიყო ყველაზე მეტად მოუთმენელი, მე ხომ კიდევ ას წელიწადს ვერ ვიცოცხლებ?

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია