რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?

რატომ გახდა აუცილებელი ყოფილი მინისტრის დაკითხვა კანონიერი ქურდის საქმეზე?

წლებია, ქართველი სამართალდამცველები ძმების - ე.წ. კანონიერი ქურდების, ლაშა და კახა შუშანაშვილების საქართველოში ჩამოყვანასა და მათ გასამართლებას ითხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ. მათი ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს. მართალია, კახა ესპანეთში დააკავეს, მაგრამ იქაურმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ის რატომღაც ჯერ ისევ ციხეში რჩება. რაც შეეხება ლაშა შუშანაშვილს, საბერძნეთის სასამართლომ საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა, ამიტომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე ვერ წარდგება და აქ დაუსწრებლად გაასამართლებენ.

ლაშა შუშანაშვილმა ციხის კედლებს მაინც ვერ დააღწია თავი: ცოტა ხნის წინ საბერძნეთის სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო სხდომას ქართველი ადვოკატიც ესწრებოდა და ბერძნული მართლმსაჯულებით უკმაყოფილოა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი 2 წელზე მეტია ჭიანურდება შუშანაშვილების საქმის არსებითი განხილვა. ძმებს ერთსა და იმავე საქმეზე აქვთ ბრალი წარდგენილი; მართალია, საქმეები ცალ- ცალკე წარმოებაშია, მაგრამ სავარაუდოდ, გაერთიანდება და ერთად გაასამართლებენ.

ნანა ფრიდონაშვილი, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი:

- ლაშას ორი მუხლით წაუყენეს ბრალი: გამოძალვა და კანონიერი ქურდობა. თითქმის ორი წელია, საქმის განხილვა ჭიანურდება და სხდომების გადადების მთავარ მოტივად საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტას ასახელებენ, თუმცა 2012 წლის 12 აპრილს საბერძნეთიდან, ათენის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს უარი ეთქვა შუშანაშვილის ექსტრადიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, პროცესები ჭიანურდება, იცვლებიან მოსამართლეები და ჩნდება ეჭვი, რომ საქმის მასალები მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას არ მისცემს და ალბათ ყველა ცდილობს, თავიდან აიცილოს საქმის განხილვა. "კანონიერი ქურდობისთვის" პირის გამართლება არაპოპულარულად ითვლება შექმნილი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რასაც ისიც ადასტურებს, რომ 2006 წლიდან დღემდე, ვინც კი ამ მუხლით გაასამართლეს, თითქმის ყველაზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ერთგვარ ტრადიციად იქცა ისიც - თუU პირს ბრალად შეერაცხება კანონიერი ქურდობა, მას დამატებით, სხვა მუხლითაც უყენებენ ბრალს.

- რატომ?

- ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია 223 პრიმა მუხლის სპეციფიკურობით: ბრალის დამტკიცება უჭირთ და ამიტომ ახალ საქმეს თითხნიან. ვინაიდან ლაშა შუშანაშვილის მიმართ ამ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ვერ მოხერხდებოდა, ტრადიციას არ უღალატეს და ძალოვანებმა "საქმეში შემოიყვანეს" ცრუ მოწმე ჯემალ მამნიაშვილი. მისი ალოგიკური ჩვენების საფუძველზე, ლაშა შუშანაშვილს დამატებით წარუდგინეს გამოძალვის ბრალდება.

- რას ედავებოდა მას ჯემალ მამნიაშვილი?

ოლღა გიორგაძე, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი:

- ლაშას აბრალებდა იმ რესტორნის გამოძალვას, რომელიც მას საკუთრებასა თუ მფლობელობაში არასოდეს ჰქონია. არადა, თავად ჯემალ მამნიაშვილმა სხვადასხვა დროს, საქართველოსა და საბერძნეთში, ჩვენი მოქალაქეებისგან თაღლითურად მიისაკუთრა თანხები და ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მის მიმართ საბერძნეთში გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანეს. თუმცა მანამდე, სოდ- ის მაშინდელმა თანამშრომლებმა ჯემალ მამნიაშვილის მდგომარეობა გამოიყენეს და მათთვის ჩვეული ფორმით, მას "თანამშრომლობა" შესთავაზეს: თუ შუშანაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას სასურველ ჩვენებას მისცემდა, მის მიმართ დევნა არ დაიწყებოდა და ასეც მოხდა.

- თქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესებს საბერძნეთში, იქ რა ბრალდებით გაასამართლეს?

- საბერძნეთში გამოძიება საქართველოში არსებული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე დაიწყეს. არადა, ამ საქმეში მოწმეების ჩვენებები არის არათანამიმდევრული, ალოგიკური და არაადეკვატური. არც ერთი მოწმე არ ამხელს. მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ლაშას, არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან. საბერძნეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ისევე როგორც მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არ ითვალისწინებს "კანონიერი ქურდების" დასჯას, ამიტომ თესალონიკის სასამართლომ საქართველოს ბრალდებიდან მხოლოდ გამოძალვის ბრალდება განიხილა და ლაშა შუშანაშვილი უდანაშაულოდ ცნო. თესალონიკის სასამართლომ ასევე განიხილა საბერძნეთის გამოძიების მიერ წარდგენილი ბრალდება.

- იქ რისთვის გაასამართლეს?

- ბრალი ასეთი იყო: მას, მძიმე დანაშაულის ჩადენის განზრახვით, სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში სდებდნენ ბრალს. ერთადერთი მტკიცებულება - ესპანეთიდან გამოგზავნილი სატელეფონო საუბრების მოსმენის ანგარიში იყო. მართალია, სასამართლომ ეს ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, მაგრამ მაინც გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ესპანელი პოლიციელი - ხუან რუედა, რომელსაც თესალონიკის სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა სატელეფონო საუბრების ამსახველი დისკი, მაგრამ ვერ მოიტანა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო იქაური მართლმსაჯულების ქმედებები. თესალონიკში შუშანაშვილის სასამართლო პროცესი მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა.

- რას გულისხმობთ?

- სხდომის დარბაზში, მოსამართლეთათვის გამოყოფილ ამაღლებულ ადგილზე, მოსამართლეების გვერდით იჯდა პროკურორი და იგი სასამართლოს წევრებთან ერთად, თავზე დაჰყურებდა დაცვის მხარეს, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე - პროცესის წარმართვის თვალსაზრისითაც. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი თესალონიკის სასამართლოსთვის, როგორც ჩანს, უცხოა. პროცესზე, ბრალმდებელი უფრო მეტად ცდილობდა ობიექტურობის დაცვას, ვიდრე სასამართლო. სხდომის თავმჯდომარე, ფაქტობრივად, ბრალდების მოწმის დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა. როდესაც ბრალდების მოწმე, ხუან რუედა დაცვის მხარის შეკითხვებზე პასუხს ვერ სცემდა, მოსამართლე ცდილობდა, მისთვის დახმარება გაეწია, ხშირ შემთხვევაში ის პასუხობდა მოწმის მაგივრად. ბრალდებულის ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, - რატომ იყო ესპანეთიდან მოწოდებული მასალები ყოველგვარი ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე? მოწმეს გაუჭირდა პასუხის გაცემა და მოსამართლემ განაცხადა: "იქნებ ესპანეთის კანონმდებლობა არ ითხოვს ამ დოკუმენტების ხელმოწერას და ბეჭდით დამოწმებას?" თესალონიკის სასამართლოს მოქმედებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. პროკურორმა მოწმეს როდესაც ჰკითხა, შეეძლო თუ არა სასამართლო დარბაზში მყოფი შუშანაშვილის ამოცნობა, მოწმის შეყოვნების შემდეგ, მოსამართლემ პროკურორის შეკითხვა გაიმეორა და ხელი შუშანაშვილისკენ გაიშვირა. მოწმემ, როგორც ჩანს, კარგად ვერ გააყოლა თვალი მოსამართლის ხელს, შუშანაშვილის გვერდით მჯდომ თარჯიმანზე მიუთითა და თქვა, რომ ის იყო ლაშა. ამასთანავე, მოსამართლემ არაერთხელ მოხსნა დაცვის მიერ დასმული არასასურველი შეკითხვა. აღშფოთებას იწვევს ბრალდებულის უფლებების უხეშად შელახვის ფაქტებიც. შუშანაშვილს მოწმე ხუან რუედასთვის შეკითხვის დასმა არ ჰქონდა დამთავრებული, მოსამართლეები ფეხზე წამოდგნენ და პროკურორთან ერთად, დარბაზიდან გავიდნენ. მათ ბრალდებულის უფლება უგულებელყვეს. ბოლოს მისგან საბოლოო სიტყვაც კი არ მოისმინეს. დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობაშიც ლაშა შუშანაშვილს ბრალი დასდეს, კანონის თანახმად, შემდგარი უნდა ყოფილიყო სამი ან მეტი პირისაგან. ამიტომაც, ორგანიზაციის წევრობაში, ლაშა შუშანაშვილთან ერთად, ბრალი დასდეს გელა ლალიაშვილსა და დავით მაზანაშვილს. სასამართლომ გელა ლალიაშვილი გაამართლა. ამის შემდეგ ბრალდების სუბიექტთა რაოდენობა აღარ იძლეოდა იმ ქმედების შემადგენლობას, რომელშიც ადანაშაულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება, სატელეფონო საუბრების მოსმენის ანგარიში დაუშვებლად ცნო სასამართლომ, ამასთანავე, დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ქმედების სუბიექტთა რაოდენობაც საკმარისი არ იყო, სასამართლომ ლაშა შუშანაშვილს მაინც 14- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე აღშფოთებული აღნიშნავდა, რომ საბერძნეთის მართლმსაჯულების ისტორიაში მსგავს პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. ისინი არაერთი არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მომსწრენი ყოფილან, თუმცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენი აქამდე საბერძნეთის სასამართლოს ისტორიას არ დაუფიქსირებია. იმედია, სააპელაციო სასამართლო მაინც იქნება ობიექტური.

- გამოძალვის საქმე საბერძნეთმა რატომ განიხილა?

- ის რესტორანი, უფრო ზუსტად - სასადილო, რომლის მითვისებასაც მამნიაშვილი ედავებოდა, საბერძნეთში მდებარეობს. ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, ამ მუხლით იქ გაესამართლებინათ. გაასამართლეს და გაამართლეს. ახლა იმავე მუხლით აქ გასამართლდება. ჩვენ წარვუდგენთ იქაურ გამამართლებელ ვერდიქტს სასამართლოს და ვნახოთ, ისინი გაიზიარებენ თუ არა თავიანთი უცხოელი კოლეგების ვერდიქტს.

- როდის გამოცხადდა ლაშა შუშანაშვილის ძებნა?

ნანი ფრიდონაშვილი:

- ლაშა შუშანაშვილმა ოჯახთან ერთად, საქართველო 2003 წელს დატოვა. იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მასა და მის მეუღლეზე, საეჭვო ვითარებებში, არაერთხელ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. ეს სამართალდამცავებმა იცოდნენ, მაგრამ ფაქტი დღემდე არ გამოუძიებიათ. იმედია, ახალი ხელისუფლების პირობებში, თუ ჯერ კიდევ არ განადგურებულა საქმის მასალები და საქმე მხოლოდ თაროზეა შემოდებული, გამოძიება განახლდება. ლაშა შუშანაშვილზე საერთაშორისო ძებნა ქართველმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გამოგონილი მტკიცებულებებით დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და ასევე დაუსწრებლად - 2011 წლის 6 მარტს შეუფარდეს პატიმრობა.

- რამდენჯერ არის ნასამართლევი შუშანაშვილი?

- ლაშა საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო გასამართლებული, მაგრამ ამჟამად ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. იგი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის ნასამართლევი და არც კანონდარღვევაშია შემჩნეული. "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ აიძულა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე. 2003 წლიდან საქართველოში ერთხელაც არ ჩამოსულა - დედის დაკრძალვაზეც კი. ვერც მისმა მეუღლემ დაიტირა მამა. ამ წმინდა მოვალეობის შესრულება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ქართველი სამართალდამცველები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე დევნიდნენ. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი - მის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პირადი კონტაქტები, ადგილობრივი სამართალდამცველები და მათ მიერ "კომპრომატებით" ე.წ. "დავერბოვკებული" ადამიანები და ლამის მთელ მსოფლიოში "მისწვდა" ლაშა შუშანაშვილს.

- როგორ ფიქრობთ - კანონიერი ქურდი არ უნდა დაისაჯოს?

- პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ - კონკრეტული დანაშაულისთვის და არა გამოგონილი ბრალდებით. ვიღაცის ახირებას ეწირებიან ეს ადამიანები და მათი შვილები უსამშობლოდ იზრდებიან.

- ჩვენი ინფორმაციით, შუშანაშვილის საქმეზე ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და სხვა ყოფილი ჩინოსნებიც დაჰკითხეს. მაშინ ექსმინისტრს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ნარჩემაშვილი ტარიელ ონიანს აცილებდა საქართველოს ტერიტორიაზე. რა კავშირი ჰქონდა მას კონკრეტულად შუშანაშვილთან?

- არ ვიცი, ნარჩემაშვილს ონიანთან რა კავშირი ჰქონდა. დიახ, შუშანაშვილის საქმეზე ბევრი ყოფილი ჩინოსანია დაკითხული, მათ შორის: ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მისი მოადგილეები - ზურაბ ჩხაიძე, კახა ბაკურაძე, ასევე - რუბენ ასანიძე, რევაზ ფოჩხუა, შოთა ასათიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრია. ყველა მათგანი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს შუშანაშვილს. ეკითხებიან ყოფილ მინისტრს, არის თუ არა ის კანონიერი ქურდიო? ის პასუხობს, - გამიგონია, რომ არის ქურდი, მაგრამ პირადად არ ვიცნობო. ყველა ჩვენება ზოგადია, ვერ გეტყვით, რა ახირება იყო ამ ჩინოსნების დაკითხვა და რატომ დაჰკითხეს. ვნახოთ, რას იტყვიან პროცესზე. უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სასამართლო წინ არის. ერთადერთი მოწმე - შალვა ბიზიკაშვილი უჩვენებდა, თითქოს ძმებმა შუშანაშვილებმა გამოსძალეს მამნიაშვილს სასადილო. თავად ბიზიკაშვილი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს. ეს ადამიანი არჩევნების შემდეგ ყველა უწყებაში დადის საჩივრით და აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ასე გამოსძალეს ჩვენება. სოდ- ის მიზანი იყო, შუშანაშვილის ქონება წაეღოთ. იმდენი ქნეს, წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლი, რომელიც სხვა ადამიანის საკუთრება იყო, მის სახელს დაუკავშირეს და ეს სახლი ნამდვილ პატრონს წაართვეს. უამრავი უკანონობა ხდებოდა. ალბათ, ძმებ შუშანაშვილებს დაუსწრებლად გაასამართლებენ. ჩვენ შევეცდებით მათი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ვნახოთ, რა შედეგით დამთავრდება სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ