მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს

მოულოდნელი შეხვედრა ტობავარჩხილზე - რა კითხვები დაუსვა სააკაშვილმა ირაკლი გედენიძეს

მათ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის მონახულება და ფოტოზე დაფიქსირება გადაწყვიტეს. ამისთვის ენერგიას არ ზოგავენ და ხშირად, მიუვალ და ურთულეს მონაკვეთებს მოლაშქრეთა ფედერაციის ჯგუფის წევრებთან ერთად გადიან. ცოტა ხნის წინ ტობავარჩხილს ესტუმრნენ და ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, საოცარი "სიურპრიზიც" დახვდათ. ლაპარაკია ფოტოგრაფებზე, ცოლ-ქმარ - ნათია და ირაკლი გედენიძეებზე, რომლებიც 2 წლის წინ ე.წ. "ფოტოგრაფების საქმეზე" ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს...

ირაკლი:

-  ვიდრე ტობავარჩხილზე გავემგზავრებოდით, ვიცოდით, რომ რთულად სავალი გზა იყო. ტური შემოკლებული ვადით (5 დღე) დაიგეგმა, არადა, ტობაზე ასასვლელად 8 დღეა საჭირო. მოკლედ, რადგან დრო შეამცირეს, ფეხით სავალი მანძილიც შემცირდა: მუხურიდან პირველ ქოხამდე (გზაზე, სხვადასხვა ადგილას მწყემსების რამდენიმე ქოხია, სადაც შეჩერება შეიძლება) სატვირთო მანქანა "ზილით" აგვიყვანეს და ფეხით სავალ ნაწილს 10 კილომეტრი მოაკლდა. ტობას ნახვა ყველას უნდა. მე ისიც მინდოდა, რომ პროფესიონალური ფოტოებიც გადამეღო, ამისთვის კი კარგი ხილვადობა გახლავთ საჭირო. ჰოდა, თუ მოწმენდილი, ვარსკვლავიანი ცა დამხვდებოდა, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის. გაგვიმართლა კიდეც.

ნათია:

-  არც ერთი საძიებო სისტემით არ მოიძებნებოდა ფოტო, სადაც ტობაში არეკლილი ვარსკვლავიანი ცა იქნებოდა დაფიქსირებული. ირაკლის კონკრეტული მიზანი იყო, რომ გადაეღო ასეთი განსხვავებული ფოტო და ეს შეძლო კიდეც. გადაღების პროცესმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯგუფზეც, ვისთან ერთადაც ვიყავით, - ღამით არც მათ ეძინათ... იმ სილამაზეს სიტყვებით ვერც გადმოსცემ, ეს უნდა ნახო... მოკლედ, უნიკალური კადრები გადავიღეთ. ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე უცნაური რამ გადაგვხდა...

-  რას გულისხმობთ?

ირაკლი:

-  ბოლო ქოხთან რომ მივედით, ნისლი ჩამოწვა, წვიმა წამოვიდა. მზის ჩასვლამდე ორსაათ-ნახევარი იყო დარჩენილი და გამოცდილმა გამყოლებმა მოლაშქრეთა ფედერაციიდან გვითხრეს, რომ ვისაც სურდა, შეეძლო, გზა ტობამდე გაეგრძელებინა, მაგრამ სიარული ნისლში მოგვიწევდა და შესაძლოა, დაგვღამებოდა კიდეც. მარშრუტს ართულებდა ისიც, რომ კილომეტრზე მეტი ყინულზე უნდა გვევლო (თან, ყინული დაღმართშია). იქ რომ ფეხი დაგისრიალდეს, ჩაცურდები და შეიძლება, კლდის რომელიმე მოწყვეტილ ლოდს მიეკრა. მოკლედ, ვერ გავრისკეთ და ღამის გათენება ქოხში გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელებმა შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ სიურპრიზი გველოდა, - თურმე მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი შემოგვიერთდებოდა... ამის გაგონებისას, მე და ნათიამ სრული შოკი მივიღეთ. ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას - არა...

-  მოკლედ, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე უნდა შეხვედროდით ადამიანს, რომელმაც 2 წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაგაკავათ, არა? თქვენს ჯგუფში, როგორც მითხარით, 23 კაცი იყო. ყველამ იცოდა თქვენი ამ "თავგადასავლის" შესახებ?

-  ამ ინფორმაციის მოსმენისას, უნებლიეთ, სიცილი ამიტყდა და ვთქვი: - თუ ჩემი ნახვა უნდოდა, თბილისში არ ვიყავი-მეთქი? გაკვირვებულებმა გადმომხედეს. მივხვდი, ჩვენი ამბავი ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ და "გავანდე", - ჩვენ ის "ჯაშუში" ფოტოგრაფები ვართ, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიჭირეს. ჰოდა, თუ პრეზიდენტს აქ შევხვდებოდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი-მეთქი.

ნათია:

-  ამ ინფორმაციას დილამდე მაინც არ ვიჯერებდით; ეს ყველაფერი ხელმძღვანელებისგან მოლაშქრეთა წამახალისებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ...

ირაკლი:

-  იმ ქოხთან, სადაც შევჩერდით, ტობავარჩხილზე ყოფნის ერთ ღამეს ვკარგავდი და ამას დაემატა ისიც, რომ თურმე, პრეზიდენტიც უნდა გვენახა, - ამიტომ ვწუხდი. თან, ამ ყველაფრის გამო, შეიძლებოდა ვეღარ გადამეღო ის, რისთვისაც ვიყავი წასული და ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იქნებოდა... ღამე იქ გავატარეთ. საშინელი წვიმა წამოვიდა. სამ მეტრში ვერაფერს ვხედავდით. თავს კარვებს ვაფარებდით... გათენდა. წავიხემსეთ და პრეზიდენტის ამოსვლას ველოდით... ის დღის 3 საათისთვის, დაცვით გამოჩნდა. მოკლედ, დილაც დავკარგეთ, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ამასობაში ღრუბელი ცოტათი გადავიდა და მზემ გამოანათა. ტობამდე 10 კილომეტრი გვაშორებდა... თავიდან იქ პრეზიდენტის დაცვის წევრები ამოვიდნენ. რომ დამინახეს, გაუკვირდათ... - აქ რა გინდა? ვინ გაძალებს და რა გრჯისო? - მითხრეს. - რას ამბობთ, აქ ამოსვლაში ფული გადავიხადე-მეთქი, - მივუგე. ფეხზე პროფესიული ტრავმა მაქვს მიღებული: ერთხელ პრეზიდენტს კაბინეტში ჩამუხლული ვიღებდი და ვეღარ ავდექი - მუხლი სახსარში გამეჭედა. ექიმმა მითხრა, - სასწრაფოდ, საოპერაციო ხარ, შეიძლება სირბილისას მუხლს ქვემოთ ფეხი "მოგძვრესო". მაშინ ოპერაციისთვის დრო არ მქონდა და უარი ვუთხარი. მოკლედ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩემი მუხლის მდგომარეობა გამწვავებულიყო...

-  პრეზიდენტს თქვენს დანახვაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?

-  შორიდან როგორც კი დავინახე, დავიწყე მისი გადაღება. მერე ჩვენს ჯგუფს რომ მოუახლოვდა, კიდევ გადავიღე. ერთმანეთისთვის სალამი არ გვითქვამს. რომ მოვიდა, მხოლოდ საერთო სალამი ითქვა... სადილობისთვის ვემზადებოდით, მაკარონი იხარშებოდა და ამაში მონაწილეობა მიიღო. ვისადილეთ. შემდეგ, ჯერ ჩვენ გავედით, მერე - პრეზიდენტი. "არწივის გადმოსახედთან" დაგვიღამდა და იქ დავბანაკდით. კარვების ქალაქი გაიშალა. ჯგუფის რამდენიმე წევრმა პრეზიდენტისგან დისტანცია დავიცავით და 20 მეტრით ზემოთ გადავინაცვლეთ, თან - მუშაობას ვაპირებდი და უკეთესი გადასაღები წერტილი ავარჩიე... მაგარი კადრები გამოვიდა, რადგანაც ღრუბელს ზემოთ ვიყავით. ჰორიზონტზე ღრუბელი ჩანდა, ღრუბლებში უზარმაზარი მთები და კლდეები იყო ამოსვეტილი და ამ ყველაფერს ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებდა. მაგრად ციოდა. ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ დავიძინე. დილა მზიანი გათენდა. დილის 7 საათზე, ვხედავ: პრეზიდენტი გამოვიდა თავისი კარვიდან, საათს დახედა და შესძახა: - სად ხართ? 7 საათზე უნდა გავსულიყავით, ჩქარა, წავედითო და ყველანი წამოცვივდნენ. გოგა ხაჩიძემაც აიღო თავისი საკრავი და ყველანი ერთად წავიდნენ. მათ არ გავყევით, კარვები ასაკეცი იყო... დღის 2 საათისთვის ისინი ტობადან დაბრუნდნენ, ჩვენ კი პირიქით, მაშინ ვაპირებდით გასვლას. როცა ჩამოვიდა, გერმანელ ტურისტს დაელაპარაკა, რომელიც ჩვენს ჯგუფში იყო; შემდეგ სხვებსაც ესაუბრა და ერთობლივი სურათის გადაღებაც მოითხოვა. ფოტოს როცა იღებდნენ, შორიახლოს ვტრიალებდი. უეცრად, ჩემკენ გამოიხედა და მითხრა: ირაკლი, მოდი, როგორ ხარ? რატომ არ დგები ჩვენს ჯგუფთან ერთად სურათის გადასაღებადო? მივედი, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მივესალმეთ. მომიკითხა: როგორ ხარ? მდგომარეობიდან გამოხვედიო? - მდგომარეობიდანაც გამოვედი და ჯანმრთელობაც აღვიდგინე-მეთქი, - მივუგე. ამის თქმა იყო და სახე შეეცვალა. ავიღე ჩვენი სახელმწიფო დროშა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღე. მერე დაგვემშვიდობა და თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა...

-  ირაკლი, გამაოცეთ თქვენი დიდსულოვნებით. ალბათ თქვენს ადგილზე სხვა ასე არ მოიქცეოდა.

ნათია:

-  იმ ფოტოზე მე არ ვარ. ჩემმა შინაგანმა სამყარომ მიკარნახა, რომ კადრში არ უნდა ვყოფილიყავი. კადრს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო აღმოვჩნდი - ის ფოტო მე გადავიღე... რა ვქნა, რაღაცები ვერ დავძლიე...

-  ვიცი, რომ ტობამდე ომალოც მოიარეთ...

ნათია:

-  საერთოდ, ვცდილობთ, ისეთი მარშრუტები არ დავგეგმოთ, სადაც ნამყოფები ვართ, მაგრამ ახლა, ასეთ ადგილებში შვილების წაყვანის სურვილი გვიჩნდება. მოკლედ, ომალოში ჩვენი ქალ-ვაჟიც წავიყვანეთ. ბიჭი 14 წლის არის, გოგონა - 12-ის. ბავშვებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ ბუნების სილამაზე, ამას ვერც ერთი პოეტის ლექსით ვერ შეიგრძნობენ და აღიქვამენ. თუშეთის ტურზე გვინდოდა, ადგილობრივ დღესასწაულზე დასასწრებად წავსულიყავით, რომ მათი ტრადიციული წეს-ჩვეულებები ენახათ ბავშვებს. ეს დღესასწაული ადრე უკეთ იყო წარმოდგენილი, ვიდრე წელს, რაზეც გული დაგვწყდა.

ირაკლი:

-  კესელოს ციხესაც ერთი კოშკი აკლდა. როგორც შევიტყვეთ, დაუშლიათ, რათა აღედგინათ, მაგრამ მერე რესტავრაცია შეუჩერებიათ. იგივე ელის მუცოსაც - იქაურობა ინგრევა, გამაგრება კი ჭიანურდება.

-  მოგზაურობისას თუ გქონიათ რაიმე სერიოზული პრობლემა?

ნათია:

-  ცოტა ხნის წინ, ჯავახეთში მთელი ოჯახი წავედით. ბავშვებმა წასვლამდე სალაშქროდ სპეციალური ჯოხები გამოთალეს. ყველას კარგი განწყობილება გვქონდა. პირველი მარშრუტი იყო - აბულის ციხე. როგორც აგვიხსნეს, 8 კილომეტრის სავალი გახლდათ, არ იყო რთული მონაკვეთი. დამატებითი აღჭურვილობისა და ნივთების გარეშე გავემართეთ. როგორც კი მივუახლოვდით, წვიმა დაიწყო. არადა, აბულის ციხეს კედლები არ აქვს. იქ მხოლოდ ერთი პატარა შესასვლელია, რომელიც რამდენიმე ლოდით არის გადახურული. წვიმას საშინელი სეტყვა მოჰყვა, რომელიც 1 საათს გაგრძელდა. ჯგუფში ბევრნი ვიყავით და მალე პანიკა ატყდა. ჯგუფის ნაწილი, ვინც ქვემოთ გვირაბში გაძვრა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, ჩვენ კი, უფლის წყალობით, ორი ქვით გადახურულ მონაკვეთში ვიდექით. სეტყვამ თეთრად დაფარა ყველაფერი, რაც მანამდე მწვანე იყო. შეგვცივდა, დავსველდით, კიდურებში სიცივისგან გრძნობას ვკარგავდით. როგორც კი სეტყვამ გადაიღო, წვიმის მიუხედავად, ძალა მოვიკრიბეთ და უკან დავეშვით. ბავშვების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ისინი იქ წავიყვანე, სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი და ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა, სერიოზული განსაცდელის წინაშე აღმოვჩენილიყავით. თუმცა, ბავშვებს საყვედური არ დასცდენიათ...

-  ირაკლი, როდის აპირებთ ტობაზე გადაღებული ფოტოების გამოფენას?

-  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა ფოტოებსაც ვიღებ, საქართველოში ამ მიმდინარეობაში ჯერ არავინ მუშაობს. მას "თაიმ ლაბს" ანუ "გაჩერებული დრო" ჰქვია... ფოტოზე ვარსკვლავების მოძრაობას ვაფიქსირებ, ოღონდ - დროის ხანგრძლივობა ერთ წამშია ჩატეული. ერთ ფოტოზე ვარსკვლავების ტრაექტორია, ტრეკი ჩანს. ეს ჩემი შედარებით ახალი გატაცებაა. თითო ფოტოზე დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობ. ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა, მაგრამ გამოფენის მოწყობა სპონსორსა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

-  რთულ მონაკვეთზე მოგზაურობისას ალბათ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, არა?

ნათია:

-  ამისთვის ფიზიკური ამტანობაცაა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი ყველაფრის გადალახვას შეძლებს, თუ მიზანი აქვს დასახული... ჰო, კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: მძღოლმა, რომელმაც ტობაზე პრეზიდენტის გადაადგილებაში მიიღო მონაწილეობა, უკან დაბრუნებისას, თავისი "ურალით" ჩვენც ჩამოგვიყვანა. მან პატივი დამდო და კაბინაში მიმიჩინა ადგილი, შემდეგ კი ამაყად მითხრა: შენ იმ ადგილას ზიხარ, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი იჯდაო.

-  დაბოლოს, რა არის მთავარი ადამიანისთვის, რომელიც კადრს მიღმა დგას და წამს აფიქსირებს?

-  საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე და გადაღება არ დაგეზაროს... ისე, ჩვენი ტობაზე ყოფნა კიდევ ერთ ასტრონომიულ მოვლენას დაემთხვა - მეტეორების წვიმას. ვარსკვლავთცვენის შესახებ კი ვიცოდი, მაგრამ ამას პირველად შევესწარი. თვალწინ ხან ერთი ვარსკვლავი ჩამიშხუილებდა, ხან - მეორე. ერთხელ "ლომისობაზე" უნიკალური მოვლენა დავაფიქსირე, - მზის დისკოზე პლანეტა ვენერამ "გაიარა". მაშინაც გამიმართლა: აღმოვჩნდი იქ, სადაც საჭირო იყო...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია