უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა

უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი რეკომენდაცია გასცა. როგორც სხდომის დასრულდების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთი რეკომენდაცია შეეხება ცესკო-ს, ხოლო მეორე პარტიების აქტივისტებზე გაიცა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ ორმაგი მოქალაქეობის პირებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატად დაურეგისტრირებლობის თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რაც არის მარტივი და ელემენტარული, რომ ამ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, რომ განმარტოს კანონი. ეს კომისია არ დგას სასამართლოზე მაღლა. სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუცია განმარტა ისე, როგორც განმარტა, თუმცა ხარატიშვილის უცაბედმა გადადგომამ, რომელსაც ზოგიერთმა თანამდებობის მიტოვებაც კი დაარქვა, მართლაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ცესკო-ს და ამ პერიოდში არის გარკვეული შეუსაბამობები. როგორც ჩანს, ორმაგი მოქალაქეობის ზოგი კანდიდატი დაარეგისტრირეს, ზოგი - არა. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ყველა ღონეს მიმართოს ცესკო-მ, რათა თითოეული კანდიდატისადმი მიდგომა იყოს მაღალი პროფესიონალიზმით და აგრეთვე უფრო სერიოზული, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდში იყო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, ასეთ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს სასაყვედურო იმ სიტუაციისადმი, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, წულუკიანის განცხადებით, ის გაიცა პარტიის აქტივისტებზე. "უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ რომელიმე პარტიის აქტივისტს, მაისურითა და დროშით შემოსილს, არაფერი საქმე არ აქვს სხვა პარტიის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ამიტომ ყველა აქტივისტმა თავი უნდა შეიკავოს, არ მივიდეს იმ შეხვედრაზე, სადაც კონკურენტი პარტია მართავს შეხვედრას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხრიდან მიწოდებული ფოტოები. თეა წულუკიანის განცხადებით, ბურჯანაძის გუნდმა მიაწოდა ფოტოები, რომელიც დათარიღებულია 26 აგვისტოთი.

"ამ ფოტოებში ასახულია ხალხი. ჩანს ერთი მოქალაქე, სამოქალაქო ტანსაცმელში და პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიციის თანამშრომელი. ეს ფოტო გადავეცით შს მინისტრის მოადგილეს, რომელიც გადაამოწმებს, ვინ არის ეს ადამიანი. ეს მიდგომა ყველა სამინისტროსი და პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურების და შს მინისტრის, თავდაცვის მინისტრის არის მისასალმებელი, რადგან გუშინ შს მინისტრმა ახსნა-განმარტების რანგში გასწია განმარტებები საარჩევნო სკითხთან დაკავშირებით და მე პირადად მიხარია, რომ ის ფოტო, რომელიც წარმოგიდგინეთ, არის 29 აგვისტოსი და არა ახსნა-განმარტებების შემდგომდროინდელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, ყველა საჯარო მოხელემ კარგად უნდა გაიგოს, რა არის აკრძალული და ეს წესები თითოეულმა საჯარო მოხელემ აუცილებლად უნდა დაიცვას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა