რატომ არ ჩანს ივანიშვილი მარგველაშვილის კამპანიაში

რატომ არ ჩანს ივანიშვილი მარგველაშვილის კამპანიაში

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი თავად შეარჩია, წინასაარჩევნო კამპანიაში მისი რჩეულის გვერდით არსად ჩანს. მარგველაშვილის გვერდით რეგიონებში სხვადასხვა უწყების მინისტრები ჩნდებიან, თუმცა ბიძინა ივანიშვილი, ამომრჩეველთა მოლოდინის მიუხედავად, არ გამოჩენილა.

როგორც პრემიერის პრეს-სამსახურში აცხადებენ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერის სადმე გამოსვლა და ღონისძიებებში აქტიური ჩართვა ჯერჯერობით არც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

"არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე აქციაზე ან ღონისძიებაზე გამოჩნდეს, მაგრამ პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ, ყოველდღიურ ჩართვას და ღონისძიებებზე დასწრებას არ აპირებს... რატომ? იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია დემოკრატიულად წარიმართოს და მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იმოქმედოს. ჩემი ვარაუდი ასეთია", - აცხადებს პრემიერის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი.

მისი განმარტებით, მარგველაშვილის კანდიდატურის მიმართ პრემიერის დამოკიდებულება ცნობილია - ის პრემიერმა წარადგინა.

"რაიმე გეგმა გაწერილი არ არის. მომავალში რა გადაწყვეტილება იქნება საჭირო, არ ვიცი. მარგველაშვილი პრემიერმა წარადგინა და ბოლო პრესკონფერენციაზე ძალიან კარგი განმარტებაც გააკეთა. ჟურნალისტმა ჰკითხა - ქართულ საზოგადოებას ხომ არ გაუბრაზდითო? პრემიერის პასუხი ასეთი იყო - ორაზროვნება არ მახასიათებს, სათქმელს პირდაპირ ვამბობ. მე კანდიდატი წარვადგინე, რომელიც კოალიციის კანდიდატია და მის უკან არანაირი სხვა კანდიდატი არ მოიაზრებაო.

"უფრო მეტიც, ივანიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს და ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს, როგორც პოლიტიკოსი და კოალიციის ლიდერი, ჩემს პასუხისმგებლობას მოვიხსნიო. ამაზე მკვეთრი რა უნდა ეთქვა?!"- დასძენს თოქმაჯიშვილი.

გიორგი მარგველაშვილის პიარსამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს და მომავალშიც ასე გაარძელებს.

"ივანიშვილი თავისი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია, ისე როგორც ბევრი მინისტრი და ხელისუფლების ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი. ივანიშვილი კამპანიის ფარგლებში საჩხერეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსია. კონკრეტული შეხვედრების გრაფიკი არ მგონია, საინტერესო იყოს, მაგრამ ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს და მომავალშიც ასე იქნება", - "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს რამიშვილი.

არჩევნებამდე დარჩენილ 43 დღეში "ქართული ოცნების" ირგვლივ არამომგებიანი პიარ-სვლები მიმდინარეობს. ერთი, რომ რეგიონებში "ოცნების" შტაბებიდან ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში ათეული აქტივისტის გადასვლა ხდება, მეორეც - ივანიშვილი მარგველაშვილის გვერდით არსად ჩანს.

კოალიციის წარმომადგენელთა მტკიცების მიუხედავად, პოლიტოლოგები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რადგანაც ივანიშვილი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, მისი არგამოჩენა მარგველაშვილის ისედაც არცთუ სახარბიელო რეიტინგს ერთი-ორად ამცირებს და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შანსებს ზრდის.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ასეთი "გადასვლები" "ქართული ოცნებისთვის" წამგებიანია. ამით საინფორმაციო ბრძოლას და პიარს ნინო ბურჯანაძე იგებს.

"ბურჯანაძეს არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ არჩევნებში ერთპიროვნული ლიდერი გახდეს. ის სარგებლობს იმით, რომ მარგველაშვილის რეიტინგი დაბალია და ამ ფონზე ამომრჩეველს აჩვენებს, რომ "ოცნებიდან" ხალხი გარბის და "ოცნებას" მომავალი არ აქვს.

"თანაც, არსებობს ჭორები, რომ ივანიშვილი ხელს ბურჯანაძეს უწყობს. ამიტომაც თუ ბოლო თვეს მაინც ივანიშვილი მკაფიოდ არ ჩაერია (საპრეზიდენტო) კამპანიაში, მარგველაშვილს პირველ ტურში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება," - ამბობს კაკაჩია.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ რეალურად, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ფალავანი ივანიშვილია და მარგველაშვილის გამარჯვება დიდწილად ივანიშვილის მიმართ განწყობის ნდობის ფაქტორზე კიდია. მისი აზრით, სასურველი იქნებოდა, ის უფრო აქტიურად იყოს კამპანიაში ჩართული.

"თუმცა, რაღა გამოჩენაზე ვსაუბრობთ, გამოჩენა კი არა, ივანიშვილმა არჩევნების წინ ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და ეს ნაბიჯი მარგველაშვილს მხარდამჭერებს სერიოზულად დააკლებს", - ამბობს ლაგაზიძე.

ის ამბობს, რომ "რეალურად მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური მთავარი ფალავანი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების ნდობაზეა დამყარებული "ქართული ოცნების" რწმენა, რომ არჩევნებში მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს.

"ზოგადად არც საპარლამენტო არჩევნების წინ იყო ივანიშვილი ისე აქტიური, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი იყო შეჩვეული. მაშინაც კამპანიის გამო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუმცა შედეგი ვიხილეთ. არ ვიცით, რამდენად გაამართლებს ივანიშვილის ასეთი პასიურობა. ეტყობა, ის საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში ძალიან დარწმუნებულია", - დასძენს ლაგაზიძე.

ის აცხადებს, რომ მარგველაშვილს მარტივი პოზიციები და გარანტირებული გამარჯვების შანსი არ აქვს. მისი საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ნინო ბურჯანაძეა, რომელმაც "ნაციონალებთან" კოაბიტაციის გამო განაწყენებული ელექტორატი მიიზიდა.

ამას ემატება ის ამომრჩევლებიც, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებით დაბნეულია, რადგან, ასე თუ ისე, მაინც ივანიშვილს თვლიან სტაბილურობის გარანტად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა არჩევნებამდე ბევრჯერ უნდა გააკეთოს მარგველაშვილთან ბმა და მის გვერდით გამოჩნდეს, რითაც "ოცნების" დაბნეული მხარდამჭერებისთვის ნათელი გახდება ხალხის მიერ არჩეული ივანიშვილის რეალური არჩევანი.

"ფაქტობრივად ივანიშვილი ულტიმატუმის ფორმით გამოვიდა - თუ ჩემი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, ჩემი ადგილი არა თუ პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არისო. ამიტომაც, თუ არჩევნებამე ივანიშვილი ბევრჯერ გააკეთებს მაგველაშვილთან ბმას და გასაგებს გახდის იმას, რომ თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, მასთან ერთად ის არა მარტო პოლიტიკიდან, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წავა, მაშინ ამომრჩევლისთვის ნათელი გახდება ივანიშვილის რეალური არჩევანი.

"ამომრჩეველმა მარგველაშვილისა და ივანიშვილის ბმა უნდა ნახოს. მარგველაშვილის საარჩევნო შტაბმა ამომრჩეველს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ თუ მარგველაშვილს არ აირჩევენ, ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური სივრცის სტაბილურობის გარანტი, ჩაიხსნება", - განმარტავს ლაგაზიძე.

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპის" ხელმძღვანელი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილის გვერდით ივანიშვილის გამოჩენა საჭიროა და ძირითადად იმ მერყევი ამომრჩევლის ხმების მისაღებად არის აუცილებელი, რომლებიც ბოლო წუთში რაღაც ბიძგს ელოდებიან ხოლმე.

"ივანიშვილის გამოჩენა საჭიროა. ამას ჩვენ ორთქმავლის პრინციპს ვეძახით. რუსული პიარკამპანიისთვის დამახასიათებელი სლოგანია - აირჩიეთ ძლიერი და ის დაგიცავთ თქვენ. დაახლოებით ასეთი ტიპის გადმოთარგმნა ხდება - ენდეთ მარგველაშვილს, რომელიც ივანიშვილის კანდიდატია.

"ყველამ იცის, რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მარგველაშვილი დიდ რეიტინგს ვერ აიღებს. ამიტომაც ახლა არა მარტო ივანიშვილის, არამედ გუნდის მხარდაჭერაზე ხდება აქცენტირება. მარგველაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მინისტრები მიჭერენ მხარსო. თუმცა, ისინიც ძალიან მოზომილად უჭერენ მხარს და საზოგადოებაში კითხვებს ესეც ბადებს. მხარდაჭერა უფრო აქტიური უნდა იყოს, რადგან არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, - ამბობს პირმისაშვილი.

მისივე თქმით, "წინასაარჩევნო კამპანიაში ივანიშვილი არ ჩანს, იმიტომ, რომ ვალდებულებების აკრეფა არ სურს, რადგან ჯერ ის არ შეუსრულებია, რაც საიმიჯოდ აიღო. ის ახლა საკუთარ იმიჯზე უფრო ზრუნავს".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა