საქართველოში, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ორმაგი ცხოვრება გვაქვს - რეალური და ირეალურ-ფეისბუქური.
ყველა თანხმდება, რომ "ფეისბუქი" უებარი საშუალებაა "ორთქლის გამოსაშვებად" - ყველას შეუძლია შეყვარებულზე, ოჯახის წევრზე, მეგობარზე, ნათესავზე და ბოლოს და ბოლოს, მთავრობაზე დაგროვილი ბოღმა საჯაროდ ამოანთხიოს. ამას კი შესანიშნავად იტანს "ფეისბუქის" ე.წ. "უოლი", რომელიც გამუდმებით სთხოვს თავის მომხმარებელს, უპასუხოს კითხვაზე - "რაზე ფიქრობთ?" აი, უმთავრესი კითხვა, რომელიც ბევრს უბიძგებს, ისეთი ტექსტები წეროს, თვალს რომ არ უნახავს და ყურს არ გაუგონია.
მე, როგორც ამ ქსელის ასევე აქტიურმა მომხმარებელმა, შემიძლია თამამად დავასკვნა, რომ მისმა შემქმნელმა ყველაზე მეტად "ნარცისების" მადლი მოისხა - გადაჭარბების გარეშე ვადასტურებ, რომ არსებობს კასტა ადამიანებისა, რომლებიც წუთში ათეულობით ფოტოს იღებენ, "ფეის"-ზე აგდებენ და აქ იწყება სრულიად ერის შეფასებები: - "რა ლამაზია", "როგორ მშვენივრად გამოიყურება" და მისთანები.
ცალკე აღსანიშნავია პოლიტიკური მიმომხილველების ამქარი. მათი სტატუსების მიხედვით, პოლიტიკოსებს "დედა აღარ ჰყავთ".
"ფეისბუქში" კიდევ ერთი კატეგორია არსებობს - მათ შესახებ რომ არაფერი ვთქვა, ცუკერბერგი მიწყენს: - ესენი არიან ამ ქსელის ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც თავიანთი მკითხველი-ფრენდები მუდმივად ინფორმირებული ჰყავთ, ოღონდ მხოლოდ იმ "ინფორმაციით", რომელიც პირადად მათ უკავშირდება: "ახლა გავალ, შევჭამ და მოვალ"... "კარზე აკაკუნებენ"... "ტელეფონი მირეკავს"... ანუ ე.წ. რეპორტაჟული სტატუსები, სადაც ზედმიწევნით დეტალურადაა აღწერილი ფეისბუქელთა მიმდინარე ქმედებები თვით საპირფარეშოში გასვლის პიკანტური დეტალების მითითებითაც კი. ეს ბანალური ჩამონათვალია იმ აურაცხელი სისულელეებისა, რაზეც ფეისბუქმომხმარებლები წერენ, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა - ყველა ასეთ დაპოსტილს "ფრენდების" "ლაიქები" და კომენტარების ზღვა მოსდევს...
"ფეისბუქი" საუკეთესო ადგილია ყოველი ათეისტის, ანტიქრისტეს თუ "ინტერნეტმომლოცველისთვის" - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვაგან სად, თუ არა "ფეისბუქზე" ირჩევა ყველაზე კარგად მართლმადიდებლობისა თუ კათოლიციზმის დოგმატური საკითხები. ოღონდ ისე, რომ არც ერთი მხარე საკუთარ თეზისებში გაცნობიერებული არ არის. თუმცა, მთავარია, იკამათონ და ერთმანეთს უმტკიცონ, როგორი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან.
ათეისტებს საუკეთესო საშუალება ეძლევათ, ღმერთი არ აღიარონ, ხოლო სხვა კატეგორია სიამოვნებით აგრძელებს ქრისტიანთა ნერვების შლის პროცედურებს.
ამ სოციალურ ქსელში თავისი ურყევი ადგილი უკავიათ ადამიანებს, რომლებიც დროს ტყუილად არ კარგავენ, ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე კომპეტენტური აზრი გამოთქვან. ასეთი კომენტარები მათ "ვოლზე" ჩნდება სიჩქარით - წუთში ერთი პოსტი. ასეთებს "ფეისბუქში" მცხოვრებლებს ვუწოდებ და რეალურად მართლაც ასეა.
არსებობენ ისეთებიც, რომელთაც მე პირადად სექტანტებს ვადრი. დაწერენ ორსიტყვიან წინადადებას და მთელი მათი სამეგობრო ებმება კამათში. ის, რაც სხვისთვის ყოვლად გაურკვეველი, არაფრის მომცემი ორი სიტყვაა, "მისიანებისთვის" მთელი დღის სალაპარაკო თემაა.
ერთ აქტიურ ფეისბუქელს ვთხოვე, ძალიან მოკლედ შეეფასებინა ქართველების დამოკიდებულება ამ სოციალური ქსელისადმი: "ფეისბუქში" ისე ჩანს ქართული ხასიათი, ზოგჯერ არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო" - "ირმა ირინოლა" თავისი სტატუსებით ხშირად გამოირჩევა. მისი აზრით, აქ ყველაზე კარგად ჩანს, ვის ელის დაწინაურება უახლოეს მომავალში, ან ვისი მეგობარ-ნათესავები მაღლდებიან იერარქიულ კიბეზე. მათი ზოგჯერ ძალიან ბანალური ან უაზრო პოსტის ქვეშ, მაგალითად ასეთის: "მე გავიღვიძე" ან "დავამთქნარე" :)) ლაიქების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ხოლო თუ "არავინ" ხარ და შენით ან შენგან სარგებელს არავინ მოელის, თუ გინდა ყირაზე დადექი... "იგნორი" გაქვს:)) საქართველოში "ფეისბუქშიც" არ ხარ ის, ვინც ხარ, ან წერ იმას, რასაც ფიქრობ და სულაც არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თავისუფალი სოციალური ქსელია. პირიქით... დიდი იმპერია გგონია, რომელიც თავის ნებაზე გვმართავს - ხან გვაძულებს ერთმანეთს, ხანაც გვაყვარებს და თუ ბიჭი ხარ, ნუ დაემორჩილები: დარჩები ვირტუალური და ზოგჯერ რეალური მეგობრების გარეშეც :)))
ზურაბ თვაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)