"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"

"შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"

"კოალიცია "ქართული ოცნება" შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმის, ერთი ძალის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკაში ნელ-ნელა უნდა დაიწყოს კოალიციების ჩამოყალიბება ღირებულებების მიხედვით", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რითაც ფაქტობრივად დააანონსა, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ოქტომბრის შემდეგ. ირაკლი ალასანიას უწყება რამდენიმე დღის წინ გამჭვირვალობის გამო დააჯილდოეს (IDFI-მ) და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი თავდაცვის მინისტრთან:

- თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება იყო, ალბათ, წინა ხელისუფლება გაგაკრიტიკებთ გახსნილობის გამო.

- ჩვენ არ გავცემთ ისეთ ინფორმაციას, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. წინა ხელისუფლებების დროს ინფორმაციის დახურვა კორუფციის რისკს ამაღლებდა, რადგან საიდუმლო გრიფით იყვნენ დაცული. ჩვენ საშუალება მივეცით საზოგადოებას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ყველა ფინანსური მოქმედება გააკონტროლოს, შეამოწმოს. ჩვენი ინიციატივით პარლამენტში გავიდა კანონი, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ყველა ხარჯი 2 მილიონ ლარზე ზემოთ. ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ 2017 წელს პროფესიულ არმიაზე გადავიდეთ. ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო შოუ ჩავატარეთ, რამაც გამოავლინა ჩვენი სამხედრო პილოტების ოსტატობა და უმაღლესი კლასი. მომავალ წელს საჰაერო შოუ საერთაშორისო გახდება, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, უკეთ წარმოჩნდეს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს რეგიონში.

- პრეზიდენტს არ სურს ორი ფრანგული შვეულმფრენის გასხვისება. სააკაშვილმა საყვედური გამოთქვა, სამაშველო და ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსადეგი საჰაერო ხომალდები აღარ გვეყოლება და ბარემ რუსეთის მითითებების შესრულება დაიწყოს ახალმა ხელისუფლებამო.

- პრეზიდენტის განცხადება არასწორი და არაკორექტულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდვიათ, რომ საჰაერო-სამხედრო ავიაცია განვითარებულიყო, ერთი თეთრიც არ დაუხარჯავთ სამხედრო-საჰაერო ფლოტის შესაკეთებლად და პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა, თავისთვის შვეულმფრენი შეეძინა. არავითარი სამაშველო ფუნქცია იმ შვეულმფრენს არა აქვს. მარტო სალონის ნახვა დაგარწმუნებთ, როგორ უყვარდა წინა ხელისუფლებას ფუფუნებაში ცხოვრება ჯარისა და მოქალაქეების ხარჯზე. მთავრობისა და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით შვეულმფრენები გასხვისდება და იქიდან აღებული თანხა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას მოხმარდება, საგანგებო სიტუაციაში კი სამხედრო შვეულმფრენებს გამოვიყენებთ. ჩვენ დავიწყეთ შეკეთება და მალე მწყობრში ჩადგება ის შვეულმფრენები, რომლებიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ.

- სააკაშვილმა გააკრიტიკა პრემიერი, იმ თვითმფრინავში კარგად ჩასკუპდა, რომლის გამოც მსაყვედურობდაო.

- პრემიერმა საკუთარი ხარჯით იქირავა თვითმფრინავი კერძო ქართული კომპანიისგან. უნდა დასრულდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება მთავრობის მიერ ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით სარგებლობაზე. უახლოეს წლებში ჩვენი პრიორიტეტი განათლებული და განახლებული არმია იქნება. თუ მეტი არ დავხარჯეთ წვრთნაზე, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა ვერ ამაღლდება. ვმუშაობთ, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ეროვნული, პატრიოტული თვითშეგნება. საზოგადოებაში არასათანადო დონეზეა წინააღმდეგობის გაწევის ნება. ხალხს არ აქვს გააზრებული, რომ სამშობლოს დაცვა მისი საქმეც არის. საზოგადოებაში ეს პრობლემა რომ არსებობდა, 2008 წელს გამოჩნდა. სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი.

ნატოსთან ურთიერთობამ ის მოგვცა, რომ 11 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა გაიარა სრულყოფილი წვრთნა უმაღლესი სამხედრო სტანდარტებით. ეს არის ძალა, რომელიც ნებისმიერ მტერს პროფესიულად დაუპირისპირდება. ეს არის ქართული ჯარის გამორჩეულობა რეგიონის ყველა სხვა ჯარისგან. ჩვენ აქცენტი გვაქვს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ამიტომაც გვეყოლება მობილური, სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალები, რაც რიცხოვნობის გაზრდას კი არა, პირიქით, ოპტიმიზაციას გულისხმობს. სამი კვირის წინ ნატომ მიიღო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება: საქართველო 2015 წლიდან გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი. ეს ჩვენი სამხედრო ძალების უდიდესი აღიარებაა.

- ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ეგიდით რა ამოცანების შესრულებაში მოუწევთ მონაწილეობა ჩვენს ჯარისკაცებს?

- ეს არის მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ნაწილები, რომლებსაც კრიზისულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირებისთვის გამოიყენებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ არმიას. ჩვენი ჯარი პრაქტიკულად ნატოს სტანდარტებით მომზადებული ჯარია, მეტიც, ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია და ახლა პოლიტიკოსები უნდა დავეწიოთ ჯარს და მის სტანდარტებზე ავიდეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა