როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე

როგორ მოხვდა სერგეენკოს ჰალსტუხი დენის ახმედოვის ფეხზე

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო დახმარების ექიმებს "კონკურენციას" უწევს. მეტიც - პაციენტებს საკუთარი ჰალსტუხით უხვევს ჭრილობებს. როგორც ჩანს, ჰალსტუხი ქართულ ყოფაში უფრო პოპულარული ხდება და იგი ახალ ფუნქციას იძენს.

მინისტრის ამბავი შემთხვევით გავიგე. მიკროავტობუსში ყური მოვკარი, ერთი ბიჭი ეუბნება მეორეს: "აუ, დღეს სერგეენკო ვნახე სამგორში, ვიღაც ბომჟს მანქანა დაეტაკა და მინისტრი ჰალსტუხით უხვევდა ჭრილობას. დამტვრეული მთვრალი იყო და თავზე ვიღაც კაცი ადგა, რომელიც, გაშტერებული მისჩერებოდა დავითს და დამტვრეულს ჩასძახოდა, რა ბედი გაქვს, ძმა, მინისტრი გემსახურებაო..."

სერგეენკოს ჰალსტუხის თავგადასავლის ძიება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დავიწყე, ვიკითხე, 9 სექტემბერს მინისტრის ნაპატრონები პაციენტი რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეთ-მეთქი? დირექტორის მოადგილე მზია ჯოხიძემ ღიმილით მითხრა, პაციენტი რეფერალურ ჰოსპიტალშია და თავს უკეთ გრძნობს, მინისტრის ჰალსტუხი კი ჩარჩოში მოვათავსეთ და საპატიო ადგილი მივუჩინეთო. მართლაც, პიერ კარდენის მუქ შინდისფერ-შავი კომბინაციის ქსოვილის ჰალსტუხს, როგორც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულების სიმბოლოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სიგელებისა და თასების გვერდით განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მოკლედ, როგორც გავარკვიე, მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული ავიაშოუს სანახავად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის გამზირზე, "ლიბერთი ბანკის" ოფისთან, ქვეითად მოსიარულე მთვრალ დენის ახმედოვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საცობმა მინისტრის ავტომობილიც შეაფერხა. სერგეენკომ შეჩერების მიზეზი გაიგო თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და...

სვეტლანა ყორღანაშვილი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის უფროსი ექიმი: - შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან სამ წუთში მივედით. დაზარალებულს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჩვენს მისვლამდე ვიღაცას სისხლდენა შეეჩერებინა. ჰალსტუხი ჰქონდა გადაჭერილი ფეხზე. მამაკაცმა პაციენტი ჩაგვაბარა და ჩვენც ჩვენს საქმეს შევუდექით, რომ უცებ პატრული გვეუბნება, იცით, ახლა ვის ელაპარაკეთ, ამ კაცს ვინ უპატრონაო? მხრები ავიჩეჩეთ. უკან რომ მივიხედეთ, ის უკვე ავტომობილში ჯდებოდა. გაოცებისგან დავიბენით - პაციენტი მინისტრმა ჩაგვაბარა, ჩვენ კი არც დავკვირვებივართ, ვინ გველაპარაკებოდა. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დაზარალებულს ხედავ, სხვა რამეს ყურადღებას აღარ აქცევ. როდესაც მინისტრმა აგვიხსნა, რაც გააკეთა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც შემთხვევას შეესწრო. რას წარმოვიდგენდით, რომ მაშველი ჯანდაცვის მინისტრი აღმოჩნდებოდა.

გვანცა ღვინიაშვილი, უმცროსი ექიმი: - პაციენტს მარცხენა წვივზე ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა. მუშაობის პროცესში ვიღაც კაცი გვიხსნიდა, ესა და ეს გავუკეთე და სისხლდენა ჰალსტუხით შევუჩერეო. რას ვიფიქრებდით, რომ მინისტრს ასეთ სიტუაციაში გადავეყრებოდით.

"დოლბანდი-ჰალსტუხის" ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მზია ჯოხიძისთვისაც: - 9 სექტემბერს, როდესაც მოსკოვის გამზირიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტი შემოიყვანეს, რეფერალურ საავადმყოფოში ვიყავი მონიტორინგის სამსახურთან ერთად. უმცროსი ექიმი გვეუბნება, პაციენტს ფეხზე მინისტრის ჰალსტუხი უკეთიაო. ვერ მივხვდი, ჰალსტუხი რა შუაში იყო, ან საიდან უნდა მოხვედრილიყო დაზარალებულის ფეხზე დავით სერგეენკოს ჰალსტუხი. დენის ახმედოვს, როგორც თვითონ მოახერხა თქმა, არ აქვს საცხოვრებელი და ამის გამო - არც პირადობის მოწმობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა