ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია

საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევანის გაკეთება შეუძლია, არც არჩეულთა კონტროლირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ "ტელეგრაფთან" საუბრისას განაცხადა.

"მე დავეხმარები საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანალიზის გაკეთებაში, გონივრულად და არა - ემოციურად მოქმედებაში. საზოგადოებასთან ერთად გამოვიმუშავებთ მექანიზმს, როგორც შევაფასოთ სიტუაცია სწორად. ეს არ არის მარტივი, რადგან 200 წელია ჩვენ საკუთარი ქვეყანა არ გვიმართავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევანის გაკეთება შეუძლია, არც არჩეულთა კონტროლირება, ამიტომ ქვეყანა უკვე 20 წელია, ვერ გამოდის მოჯადოებული წრიდან.

რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან 2-3 წელიწადში წასვლის თაობაზე მაშინვე განაცხადა, როგორც კი პოლიტიკაში მოვიდა.

"ხალხი გულდაწყვეტილია ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ როგორც კი პოლიტიკაში მოვედი, პირველი რაც განვაცხადე, ვთქვი, რომ პოლიტიკიდან ორ, მაქსიმუმ სამ წელიწადში წავიდოდი და საზოგადოების განვითარებით დავკავდებოდი. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აქტიური მოქალაქე ვიქნები. საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთმანეთზე უარესი იყო. ერთი მმართველობის დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო, მეორე რევოლუციის შედეგად შეცვალეს, მესამე კი ამ ორზე უარესია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის იძულებული იყო მოსულიყო.

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვამბობდი, რომ პოლიტიკა ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა და არ მიყვარდა ის, მაგრამ იძულებული ვიყავი მოვსულიყავი. მე ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვრჩებოდი, დათვლილი დღეები მქონდა – საქართველო უნდა დამეტოვებინა, რადგან იქ დარჩენა სახიფათო იყო. მაგრამ გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, გადავწყვიტე, რომ ქვეყნის დატოვება ჩემი მხრიდან სამარცხვინო იქნებოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ბიზნესი იმხანად სრულად კონტროლირდებოდა, ოპოზიცია გაჩანაგებული იყო, სხვებს დაფინანსება არ ჰქონდათ, რადგან არავის რთავდნენ მათი დახმარების ნებას. როცა პოლიტიკაში მოვედი, მთავარი ის კი არა იყო, რომ ფული მქონდა, არამედ ის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტით ვსარგებლობდი და ეს მომენტი უნდა გამომეყენებინა", - დასძინა პრემიერმა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა