ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან მასწავლებლები საავადმყოფოში ივლიან

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან მასწავლებლები საავადმყოფოში ივლიან

დღეს სკოლებში 650 ათასი მოსწავლისთვის სწავლა დაიწყო. მათ შორის 45 ათასამდე პირველკლასელია - შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 1000-ით ნაკლები. თითოეულ მათგანს სკოლებში წიგნები და რვეულები უფასოდ დახვდება, პირველკლასელებს კი - განახლებული ბუკებიც. განათლების სამინისტრო 2013-2014 სასწავლო წელს ამ და სხვა სიახლეებით შეხვდა.

შარშანდელთან შედარებით პირველკლასელთა რაოდენობის შემცირებას განათლების სამინისტროში იმ მიზეზით ხსნიან, რომ ვინაიდან შარშან სკოლაში შესვლის უფლება 5 წლის ასაკის ბავშვებმაც მიიღეს, სკოლაში შევიდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებიც, წესით, წელს უნდა შესულიყვნენ, როცა 6 წლის გახდებოდნენ.

ახალი სასწავლო წლისთვის 600-მდე სკოლა გარემონტდა, მათგან 15-ში კი სარემონტო სამუშაოები იმდენად საფუძვლიანად ჩასატარებელი აღმოჩნდა, რომ სწავლის დაწყების თარიღის გადადება გახდა საჭირო. იქ სწავლა 1 ან 2 კვირაში დაიწყება.

სულ მალე კი 9 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. მათი პროექტები სექტემბრის ბოლოს იქნება მზად. ყველა მათგანი რეგიონებში შენდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ყველა სკოლაში აღდგება ბიბლიოთეკა და თითოეულ მათგანში იქნება ინტერნეტი და ინტრანეტი, შედეგად სკოლები ახალ, გამარტივებულ, ელექტრონულ სისტემაზე გადავლენ.

მოგეხსენებათ, განათლების ყოფილი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა ის მოსწავლე, რომელიც საჯარო სკოლაში სწავლობს, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ასევე უფასოდ მიიღებენ წიგნებს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა შვილები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ.

თუმცა, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ნახმარი წიგნები გადაეცემოდა. ამის გამო უკმაყოფილება ბევრმა გამოთქვა.

"წინა წლებში სამინისტრო აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა შვილებს და სოციალურად დაუცველებს წიგნებს უფასოდ აძლევდა. ეს ბავშვები წიგნებს უკან აბრუნებენ. სწორედ ეს წიგნები დარიგდება და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ წიგნების რაოდენობა 0.1 პროცენტს არ აღემატება.

ეს წიგნები გამოყენებული იქნება ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც მობილობას ბოლო მომენტში ახორციელებენ. მობილობის დრო უკვე ამოიწურა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა ბოლო დღეებში მოისურვა სკოლის შეცვლა. დღესაც, ამ წუთში 20 000-მდე ბავშვის მობილობა ხდება.

მოგეხსენებათ, ყველა სკოლა თავად ირჩევს სახელმძღვანელოს, რომლითაც უნდა ასწავლოს ბავშვებს. წიგნები უკვე შეკვეთილი და დაბეჭდილია. ბავშვები, რომლებიც სკოლას ბოლო მომენტში შეიცვლიან და ბოლო მომენტში შეიცვლება მათთვის საჭირო სახელმძღვანელოებიც, სავარაუდოდ, ნახმარ წიგნებს მიიღებენ. მათთვის ხელახლა ხომ ვერ დამზადდება?! ამიტომ იძულებული ვხდებით, ასეთ ბავშვებს ნახმარი სახელმძღვანელოები მივაწოდოთ.

თუმცა, ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნები იდეალურ მდგომარეობაშია", - განგვიმარტეს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და დასძინეს, რომ წელს პირველკლასელები განახლებულ ბუკებს მიიღებენ, სადაც ახალი პროგრამებია ჩატვირთული და ამის მეშვეობით მას შემდეგ კლასებშიც გამოიყენებენ.

სიახლე სკოლების ტექნიკურ პერსონალსაც შეეხო. ახალი სასწავლო წლიდან მათი ხელფასი 45%-ით გაიზარდა: "მოგეხსენებათ, შარშან ხელფასი მასწავლებლებს მოემატათ და ტექნიკური პერსონალი სულ ჩიოდა, რომ ხელფასი მათ არ ემატებოდათ. ამიტომ სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო", - გვითხრეს განათლების სამინისტროში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ინკლუზიურ განათლებას უთმობენ. სწორედ ამიტომ, წელს პირველად მხედველობადაქვეითებული მოსწავლეებისთვის წიგნები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა, რომლებიც მათ უფასოდ გადაეცემათ. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან მასწავლებლები საავადმყოფოში (იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო) ივლიან და გაკვეთილებს ადგილზე ჩაუტარებენ.

იმ 900 სოფელში, სადაც სკოლამდე მისასვლელად მოსწავლეებს გრძელი გზის გავლა უწევთ, სასკოლო ავტობუსები იმოძრავებს.

"ბევრ სოფელში ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ იმის გამო, რომ ფეხით უამრავი კილომეტრის გავლა უწევდათ. იყო შემთხვევები, როცა ამ გზაზე მათ მგლები ხვდებოდნენ და მშობლები მორიგეობით აცილებდნენ.

როცა მარგველაშვილი მინისტრი გახდა, მან ყველა ასეთი სკოლა მოიძია, რათა ავტობუსები დაენიშნა. თავიდან ავტობუსები 200 სკოლას დაენიშნა, მერე - 330-ს. განათლების სამინისტრომ შედეგები შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ სკოლებში ბავშვების 100%-იანი დასწრება იყო. ახალი სასწავლო წლიდან კი ავტობუსით 900 სკოლას მოვემსახურებით", - აღნიშნავენ სამინისტროში.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია