პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს

პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შუახევში განაცხადა, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მისი თქმით, საუბარია "ხუდონჰესსა" და ხთის ხეობაში დაგეგმილ მშენებლობაზე.

"პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ორ ადგილზე ჰესი არ აგვეშენებინა – ხთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე თხოვნა იყო "ხუდონჰესზე", სადაც წყალი მოემატება. მე ვთხოვე პატრიარქს, ამ პროექტებისთვის მხარი დაეჭირა და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია. აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდეს მეტი ელექტროენერგია. ეს შექმნის საფუძველს, დაფუძნდეს მრავალი ტიპის საწარმო. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, "ხუდონჰესის" მშენებლობის პროექტი ხვალ ადგილობრივ გამგეობაში განიხილება. შესაბამისად, პრემიერმა სვანებს მიმართა, საკითხს გაგებით მოეკიდონ.

"მივმართავ ჩვენს საყვარელ სვანებს, გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს. რა თქმა უნდა, ბუნება, სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებსაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ. აუცილებელია, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ "ხუდონჰესი" ასაშენებელია, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ბუნებასთან დაკავშირებულ გათვლებს ცნობილი კომპანიები აწარმოებენ და ზიანი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

პრემიერმა ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ჰესების თემებით მანიპულირებდნენ და მოსახლეობას მოუწოდა, მათ საუბარს შვეიცარიის, ავსტრიის და ნორვეგიის მაგალითები დაუპირისპირონ.

"არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ ოქროს შუალედს მოვძებნით. ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად მოკლე ვადით ახერხებდა მოსახლეობის გულის მოლბობას, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად გვჭირდება ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შუახევის მოსახლეობას, რადგან მათ მთავრობას ჰესის "მარტივად და უხმაუროდ" მშენებლობის საშუალება მისცეს და აღნიშნა, რომ ადგილობრივებს ეს ჰესი დიდ სარგებელს მოუტანს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა