ვინ რას გვპირდება

ვინ რას გვპირდება

7 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატები აქტიურად მართავენ საარჩევნო კამპანიას და, როგორც კამპანიის წესია, დაპირებებს, დაწყებული საარსებო მინიმუმის გაზრდით და პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენით დასრულებული, უხვად გასცემენ. თუმცა არც ერთი მათგანი არაფერს ამბობს იმაზე, ამ ყველაფერს რა ბერკეტებით შეასრულებს. მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ პრეზიდენტს აღარც ძალაუფლება ექნება და აღარც სათანადო ფუნქციები.

მართალია, პრეზიდენტობის ზოგიერთმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, მაგრამ მათი დაპირებები უცველია და ამას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათ მიერ გამართულ შეხვედრებზე ნალაპარაკევიც ცხადყოფს.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის დაპირებები ძალიან ჰგავს სააკაშვილის იმ დაპირებებს, რასაც ის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გასცემდა.

9 სექტემბერს მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა კახეთში გამართა და პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რეგიონებში ივლის და მოსახლეობის პრობლემებს პირადად მოისმენს.

პრინციპში, ეს ისეთი დაპირებაა, რის შესრულებასაც მხოლოდ მონდომება სჭირდება, რადგან პრობლემების "მოსმენა" თავისთავად მისი მოგვარების გარანტიას არ იძლევა.

13 სექტემბერს მოსახლეობასთან შეხვედრისას მისი დაპირება რამდენიმე ფაქტორს მოიცავდა. მთავარი აქცენტი კი მაინც ეკონომიკის აღორძინებაზე კეთდება და თანაც ზუსტად ივანიშვილის სტილში:

"2014 წლიდან პოლიტიკური ძალები ჩადგებიან ხალხის სამსახურში, არ იბრძოლებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი შეუშალონ. ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის აღორძინებას.

2014 წელი იქნება უკეთესი, მაგრამ არ იქნება იდეალური. სერიოზული ინვესტიციები დაიწყება, რაშიც მთავრობასთან ერთად მეც ვიქნები ჩართული.

"2014 წელს ჩადებული ინვესტიციები გაძლიერდება და 2015 წელს ჩვენ ბევრად უკეთეს გარემოში ვიცხოვრებთ. ჩვენი ერთობლივი მიზანია, გაძლიერდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე როგორც სახელმწიფოსგან მიცემული დახმარებით, ასევე იმ ეკონომიკური რესურსებით, რაც ქვეყანაში შემოვა".

მეორე შეხვედრაზე კი ეს დაპირება ამ ფორმით გასცა: "მე არ გეუბნებით, რომ 28-ში საქართველოში სამოთხე იქნება და პრობლემები არ გვექნება, 28-ში ჩვენ დავიწყებთ ახალი ქვეყნის შენებას და არ გვექნება ხელის შეშლა. ეკონომიკა გაძლიერდება 2014-ში.

"ადმინისტრაცია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ თითოეულ სოფელში განხორციელდეს ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები. არა ისე, რომ პრეზიდენტმა ასწავლოს ხალხს, როგორები იყვნენ ისინი, არამედ შეუწყოს ხალხს ხელი, იყვნენ ისეთები, როგორიც მათ უნდათ. მცხეთა-მთიანეთში ჩვენ გვჭირდება გამარჯვება არ 51-პროცენტიანი, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება იმისათვის, რომ ხალხი უნდა იყოს ერთიანი".

მთავარი კი ის არის, ის ისევ პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენის პირობას იძლევა.

"ვაპირებ, რომ დავასრულო ნარჩენები იმ წინააღმდეგობის, რომელიც გვიშლის ხელს განვითარებაში," - ამბობს მარგველაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ძირითადად იმას ლაპარაკობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ერთი წლის განმავლობაში დაპირებები ვერ შეასრულა და მოსახლეობამ არჩევანი ისევ მათი მმართველობის 9-წლიანი პერიოდის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

დავით ბაქრაძემ 11 სექტემბერს თქვა: "რადგან დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო და ვიმუშაო ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის მთავრობასთან ერთად, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ".

ბაქრაძე აქცენტს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე აკეთებს და პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს დასრულდება:

"დღეს მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის მრავალი წევრიც დაპატიმრებულია და იდევნება. ჩვენი თანამებრძოლები თავის უდანაშაულობას პოლიტიკურ სასამართლო პროცესებზე ამტკიცებენ. ამიტომ, ამ ქალაქში, იმ ადამიანთა წინაშე, ვისი დიდი ნაწილიც დღეს ასეთი დევნის, დაპირისპირების და სიძულვილის მსხვერპლი ხართ, მინდა, განვაცხადო - ამ დაპირისპირებას წერტილი უნდა დაესვას. მინდა, მკაფიოდ დავადასტურო - "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს არ დაადგება რევანშის, სამაგიეროს გადახდის და ანგარიშსწორების გზას.

"თქვენ მომეცით მანდატი, წარმოვადგინო ჩვენი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს არ არის შურისძიების, ანგარიშსწორების, დაპირისპირების მანდატი. ჩვენი არჩევანი არის შერიგების, გამთლიანებისა და ერთიანობის არჩევანი".

ნინო ბურჯანაძეც სამართლიანობის აღდგენის პირობას იძლევა და ამას გარდა რუსეთთან ურთიერთობის ისე მოგვარებას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის "არანაირი მავთულხლართები აღარ იარსებებს".

"მე მათ ვპირდები, რომ აღარ იქნება მავთულხლართები და აღდგება ურთიერთობები რუსეთთან და აღვადგენთ ურთიერთობას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან," - ამბობს ბურჯანაძე.

12 სექტემბერს მან თქვა: "ყველა დევნილი თავის სახლ-კარს უნდა დაუბრუნდეს. მე ძალისმხევას არ დავიშურებ ამ პროცესის დასაწყებად." ეს განცხადება მან, რა თქმა უნდა, დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სამართლიანობის აღდგენაზე ისიც აკეთებს აქცენტს:

"მე ვაძლევ პირობას ხალხს, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება და ეს მახინჯი კოაბიტაცია დამთავრდება. აუცილებლად იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მე ამას უზრუნველვყოფ ყველა პოლიტიკური ბერკეტით, რაც არსებობს და ეს ნამდვილად შეიძლება. პრეზიდენტობის შემთხვევაში კალაპოტში ჩავაყენებ ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ისე ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან და ასე შემდეგ და ეს იქნება საქართველოს ინტერესებში", - ამბობს ბურჯანაძე.

რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი თარგამაძე ისევ ტარიფების შემცირების და საარსებო მინიმუმის გაზრდის პირობას იძლევა.

"ეს არის ტარიფების გაიაფება, ეს არის ენერგეტიკული სისტემის ნაციონალიზაცია, სახელმწიფო მფლობელობაში მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების გადასვლა, შემცირება ტარიფების, რითაც მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების წახალისება, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეღავათიანი საგადასახადო სისტემის შეთავაზება, საიმისოდ, რომ ფეხზე დადგეს, მოძლიერდეს, მეტი ადამიანი დაასაქმოს, მეტ ქართულ ოჯახში შეიტანოს კეთილდღეობა - ეს იქნება ჩვენი მთავარი შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მათ შორის ამ არჩევნების დროსაც," - ამბობს თარგამაძე.

"კიდევ ერთხელ საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით ჩვენ დავუმტკიცებთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ქვექანაში 250 ლარზე ნაკლები საარსებო მინიმუმი არ შეიძლება იყოს. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებსა და ეტაპებს, უნდა გითხრათ, რომ ხელმოწერების საჭიროზე მეტი რაოდენობა უკვე შეკრებილია მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ვაგრძელებთ მაინც ამ ხელმოწერების შეგროვებას და უახლოეს ხანებში პარლამენტში იქნება წარდგენილი. შესაძლოა, უკვე ამ თვის ბოლოსაც.

"მოლოდინი იმისა, რომ საარსებო მინიმუმის 250 ლართან გათანაბრებისთანავე ყველა სოციალური ჯგუფის პენსია თუ სოციალური შემწეობა მომენტალურად გაუთანაბრდება მას, ასე არ არის. ამისთვის სერიოზული საბიუჯეტო თანხები იქნება მოსაძებნი. მაგრამ, ამავე დროს, ეს იქნება აუცილებელი სტანდარტი იმისთვის, რომ ეტაპობრივად მაინც დავიწყოთ სოციალურად ყველაზე გაჭირვებულიჯგუფების, როგორებიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მრავალშვილიანი დედები, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერების სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის გათანაბრება," - ასეთია თარგამაძის დაპირებები.

განსაკუთრებული დაპირებები აქვთ კობა დავითაშვილსა და შალვა ნათელაშვილს.

კობა დავითაშვილიც მთავარ აქცენტს სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებს:

"სამართლიანობის აღდგენა სამი ელემენტისგან შედგება. კერძოდ, ეს არის - დამნაშავეების დასჯა, საკუთრების დაბრუნება და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურში აღდგენა"; და "27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, ეს არის რეფერენდუმი შეკითხვით: სააკაშვილს და მის ჯალათებს რა? ნდობა, შერიგება, მორიგება, კოაბიტაცია, თუ ნულოვანი ტოლერანტობა? ყველანი ციხეში უნდა იყვნენ ისევე, როგორც თავის დროზე "ნაციონალები" წვრილმან დამნაშავეებსა და არასრულწლოვნებს ციხეში დაუნდობლად აგზავნიდნენ."

უფრო კონკრეტული დაპირება კი უცხოელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვას შეეხება.

"ჩვენ ვაპირებთ, მთელ საქართველოში შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილების საინიციატივოდ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა იყოს აკრძალული ჩვენს ქვეყანაში. ეს უკავშირდება ასევე ანაბრების საკითხსაც," - ამბობს დავითაშვილი.

"ლეიბორისტების" ლიდერი კი პირობას დებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ სიარული შეეძლება.

"მომავალი ვიზიტის მიზანი და ოცნებაა, აშშ-ში და რუსეთში ჩემი ხალხისათვის უვიზო რეჟიმი, რათა ისინი გადიოდნენ უვადოდ, ბიზნესს ხსნიდნენ, ვაჭრობდნენ და კაპიტალს აფართოვებდნენ," - განაცხადა ნათელაშვილმა ამერიკაში გამგზავრების წინ და იქიდან რა პასუხით დაბრუნდება, ჯერჯერობით უცნობია.

დანარჩენი კანდიდატების დაპირებები კი, მცირე გამონაკლისის გარდა, რელიგიურ და მისტიკურ სფეროში გადადის და ცხადია, რომ ეს ყველაფერი ნებისმიერი პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება. ამიტომ მათზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. თუმცა, აქვე გამონაკლისის სახით უნდა ვახსენოთ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის და ამჯერად უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ხარატიშვილის დაპირება, სადაც ის ამბობს, რომ ბიუჯეტის 5%-ს განათლების სფეროს დაფინანსებაზე მიმართავს.

ასეთია ის ძირითადი დაპირებები, რაც პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატების მხრიდან ისმის. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მათ არანაირი პროგრამები არ გააჩნიათ და მხოლოდ ზეპირად გაცემული დაპირებების მიხედვით შეიძლება მსჯელობა. ეს დაპირებებიც კი იმდენად სცილდება მომავალი პრეზიდენტის უფლებებს, რომ ძნელი წარმოსადგენია, მათგან რომელიმე შესრულდეს. მით უმეტეს, რომ კანდიდატებიც შესრულების გზებზე არაფერს ამბობენ.

საქმე ის არის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაცემული დაპირებები კონსტიტუციის იმ ნორმების მიხედვით, რომლებიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს, პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის.

სააკაშვილის ინიციატივით მიღებული ამ ცვლილებებით პრეზიდენტს თითქმის აღარაფრის უფლება არ რჩება და განსაკუთრებით საშინაო პოლიტიკაში.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

ამასთან, პრეზიდენტი იქნება საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობაში.

ანუ, პრეზიდენტი აღარ იქნება საშინაო და საგარეო პოლიტიკის აღარც წარმმართველი და აღარც განმახორციელებელი. ის ხდება უბრალოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

ამასთან, კონსტიტუციაში სიტყვა "უმაღლესიც" კი აღარ არის დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო ურთიერთობებშიც კი მასზე უმაღლესად შეიძლება სხვა ჩაითვალოს. საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება კი საერთოდ აღარ გააჩნია.

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის რეალური უფლება რჩება ქვეყნის მთავარსარდლობა და მისი პრეზიდნეტობა შემოიფარგლება იმით, რომ ხდება "ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი".

საგარეო პოლიტიკაშიც კი პრეზიდენტს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის მთავრობის თანხმობა, ანუ პრემიერთან შეთანხმება ესაჭიროება.

რაც შეეხება ელჩების დანიშვნას, პრეზიდენტი იყო ამ საკითხის გადამწყვეტი და ის არჩევდა და ნიშნავდა პარლამენტის თანხმობით. ახლა კი მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და სხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის მიღებისთვისაც კი მთავრობის, ანუ პრემიერის თანხმობა ესაჭიროება.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, უცვლელად რჩება მხოლოდ ეკლესიასთან ურთიერთობა, რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების დადებით, რაც უკვე დადებულია.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქვეყნის მთავარსარდლად დარჩენის მიუხედავად, პრეზიდენტს გენშტაბის დამოუკიდებლად ფორმირების უფლებაც კი აღარ რჩება.

რაც შეეხება პრეზიდენტის მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, ძველი ფუნქციებიდან თითქმის აღარაფერი რჩება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები; იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას, უფლებამოსილია, მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე; თანხმობას აძლევს მთავრობას პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე; პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ახალ პრეზიდენტს კი ამ უფლებებიდან თითქმის არაფერი რჩება, რადგან პრემიერს პრეზიდენტი აღარ ნიშნავს და, შესაბამისად, აღარც მთავრობის შერჩევაში მონაწილეობს. ამის უფლება ეძლევა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც პარლამენტი ვეღარ წყვეტს პრემიერის მოხსნის საკითხს, რაც იმდენად რთული პროცედურაა, რომ მისი განხორცილება წარმოუდგენელიც კია.

ამასთან, მას აღარ ემორჩილებიან ძალოვანი მინისტრები და არანაირი როლი აღარა აქვს ბიუჯეტის ფორმირებასა და მიღებაში, რაც ორიდან ერთი საშუალებაა მთავრობის ან პარლამენტის დათხოვისთვის.

აქამდე პრეზიდენტის სრული დისკრეცია იყო რეგიონებთან ურთიერთობა, გუბერნატორების დანიშვნა-მოხსნის ჩათვლით და ამაშიც ახლა უკვე პრემიერის თანხმობა დასჭირდება.

ამ შემთხვევაში აღარაფერს ვამბობთ იმ სხვა უფლებების შეკვეცაზე, რაც პირდაპირ კავშირში არ არის მოსახლეობის იმ პრობლემებთან, რისი შესრულების პირობასაც კანდიდატები იძლევიან.

მათი მხრიდან ასეთი დაპირებების გაცემა, მართალია, კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ აშკარად ისეთი დაპირებებია, რისი შესრულების პრობლემაც უსათუოდ დადგება. თუმცა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არავის არ სურს.

ექსპერტები პირად საუბრებში იმას ამბობენ, რომ რადგან კანონის დარღვევა არ არის, ვერაფერს იტყვიან და დაპირება მართალია თუ ტყუილი, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა